|
მოსკოვში ცნობილ უფლებათადამცველზე ლევ პონომარიოვზე თავდასხმა განხორციელდა. იგი ნაცემია. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა მის საქმიანობას უკავშირდება.
პონომარიოვი ხელმძღვანელობს მოძრაობას „ადამიანის უფლებებისათვის“.
„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, 67 წლის უფლებათადამცველს თავს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან წუხელ დაესხნენ. თავდამსხმელები 2 ან 3 იყო. როგორც დაზარალებულის მეუღლემ „ინტერფაქსს“ განუცხადა, თავდამსხმელებმა მას სიგარეტზე ცეცხლის მოკიდება სთხოვეს, რის შემდეგაც მას ცემა დაუწყეს.
პონომარიოვს თავისა და გულმკერდის არეში ფეხებით ურტყამდნენ. ინციდენტის შემდეგ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად დაზარალებული სახლში იმყოფება. მეუღლის ინფორმაციით, იგი თავს ცუდად გრძნობს, თუმცა მდგომარეობა კრიტიკული არ არის.
„ადამიანის უფლებებისათვის“ ოფისში აცხადებენ, რომ თავდასხმამდე პონომარიოვზე თვალთვალი მიმდინარეობდა და თავდასხმის ფაქტი მის საქმიანობას უკავშირდება.
მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოს საინფორმაციო განყოფილებაში ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევენ პონომორიოვზე თავდასხმას ძარცვის მიზნით. ოჯახის წევრების ცნობით, დაზარალებულს მხოლოდ მობილური ტელეფონი წაართვეს, საფულე და სხვა საბუთები თავდამსხმელებს არ წაუღიათ.
ლევ პონომარიოვი ბოლო დროს ოპოზიციური მოძრაობა „სოლიდარობის“ შექმნაზე მუშაობდა.
|