|
ჩრდილოეთ კორეა იაპონიისთვის ომის გამოცხადებით იმუქრება. “ფრანს პრესის” ცნობით, იმ შემთხვევაში თუ იაპონია, აშშ და სამხრეთ კორეა, ფხენიანს ხელოვნური თანამგზავრის გაშვებაში ხელს შეუშლიან, ჩრდილოეთ კორეა იაპონიას ომს გამოუცხადებს.
ფხენიანის განცხადებით, თანამგზავრს ორბიტაზე 4-დან 8 აპრილამდე გაუშვებს. ამ გეგმას იაპონია, აშშ და სამხრეთ კორეა ეწინააღმდეგებიან, რადგან შიშობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა სინამდვილეში გრძელ დისტანციაზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას აპირებს.
აშშ-ს პრეზიდენტი და მისი სამხრეთკორეელი კოლეგა თვლიან, რომ საჭიროა მტკიცე, ერთობლივი საერთაშორისო რეაქცია იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთი კორეა რაკეტის გაშვებას განახორციელებს. ამ საკითხზე ბარაკ ობამამ და ლი მიუნ ბაკმა გუშინ ლონდონში “დიდი ოცეულის” სამიტის პარალელურად გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
|