მთაწმინდის პარკმა დღეს მუშაობა უკვე დაიწყო. იქ ამ წუთებში იმყოფება სხვადასხვა ბავშვთა სახლის 300-მდე აღსაზრდელი, რომლებსაც პარკი უფასოდ მასპინძლობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთაწმინდის პარკის დირექტორმა ეკა ურუშაძემ განუცხადა, ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, თუმცა არის სამუშაოების გარკვეული ნაწილი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.
რაც შეეხება ატრაქციონების ფასებს, ეკა ურუშაძის თქმით, ფასები 50 თეთრიდან იწყება და ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოსახლეობისათვის.
ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთაწმინდის პარკის გახსნაზე უნდა მისულიყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა იგი პარკში ჯერ არ მისულა. იქ ელოდებიან სტუმრებს თბილისის მერიიდანაც, მათ შორის - გიგი უგულავას. ბავშვებისთვის დაგეგმილია, დაახლოებით, 40-წუთიანი ღონისძიების გამართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროვიზიაზე გამარჯვებული „ბზიკები“ და სხვადასხვა ანსამბლები.
“მთაწმინდის პარკი” „რაკ საქართველო ჰოლდინგს“ 49 წლიანი მართვის უფლებით აქვს აღებული.
2004 წლიდან 2007 წლის 7 ნოემბრამდე მთაწმინდის პარკში სარეკონსტრუქციო და აღდგენით სამუშაოებს შპს "ლინქსი" აწარმოებდა. კომპანიისთვის მთაწმინდის პარკის მართვის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის მთავრობის საგანგებო სხდომაზე მიიღეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ქალაქის ხელმძღვანელობამ კომპანიის მხრიდან საიჯარო ხელშეკრულების დარღვევა და იჯარის საფასურის დროულად არ გადახდა დაასახელა.
კომპანიის მმართველთა განცხადებით კი, მთაწმინდის პარკის რეკონსტრუქციისთვის 25 მლნ დოლარის სამუშაოები განხორციელდა.