9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წევრები გვიან ღამით დაარბიეს
9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წარმომადგენლების განცხადებით, წუხელ, გვიან ღამით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაარბიეს, ავტომანქანები წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შტაბის ერთ-ერთმა ლიდერმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, შემთხვევა ოქროყანის ტრასაზე მოხდა, სადაც ღამის 02.00 საათზე საღებავებით აკეთებდნენ წარწერას - „სირცხვილია“. „ჩვენ ამ წარწერების გასაკეთებლად კონსპირაციული დრო ავირჩიეთ, რომ პოლიციელებს ხელი არ შეეშალათ. თუმცა, მათ მაინც გაიგეს და ათ წუთში ათი მანქანით მოვიდნენ. დაგვარბიეს, მოგვაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მოგვასხეს საღებავები. გოგა გრიგალაშვილმა უბრძანა პატრულებს, რომ ჩვენთვის ავტომანქანები წაერთმიათ და პულვილიზატორები თავზე დაემტვრიათ. ჩვენს შვიდივე მანქანაზე ჯარიმები დაგვიწერეს, ვითომ გასწრებაში ვეჯიბრებოდით და ვქმნიდით ავარიულ სიტუაცია. ბანდიტურად წაიყვანეს მანქანები ისე, რომ არანაირი დოკუმენტი არ შეუდგენიათ“,-განაცხადა ცაგურიამ.
მისივე განმარტებით, დღეს მიხეილ სააკაშვილმა მთაწმინდის პარკში მისვლამდე ოქროყანის გზა უნდა გაიაროს, სადაც სანდრო გირგვლიანი მოკლეს და საღებავებით წარწერებს სწორედ სააკაშვილის დასანახად აკეთებდნენ.
გუშინვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხეიძე. როგორც ცაგურიამ განაცხადა, ჩხეიძემ გადაარჩინა დაკავებას ის და ლევან გოგიჩაიშვილი.
„მართალია, მანქანები ჩამოგვართვეს, მაგრამ მაინც ავალთ მთაწმინდის პარკთან და მიხეილ სააკაშვილს არ მივცემთ, ნაყაჩაღარი პარკის გახსნის უფლებას ",-აღნიშნა ცაგურიამ.