9 აპრილის ორგანიზატორი პარტიების წარმომადგენლები რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" " კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, დღეს 9 აპრილის ორგანიზატორი პარტიები მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მოსახლეობას შეხვდებიან, 7 აპრილს კი ოპოზიციის ლიდერები გორში ჩავლენ.
ძიძიგურის თქმით, რეგიონების მოსახლეობაში არის დიდი საპროტესტო მუხტი, რაც იმის მანიშნებელია, რომ 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მთელი საქართველოს მოსახლეობა გამოვა. "ჩვენ მოვივლით მთელ საქართველოს. რეგიონების მოსახლეობაში არის უდიდესი უსამართლობის განცდა და საპროტესტო მუხტი, რაც იმას ნიშნავს, რომ 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მთელი საქართველო დადგება",-განაცხადა ძიძიგურმა.
ოპოზიცია 9 აპრილს აქციების გამართვას ერთდროულად რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის შენობის წინ; საზოგადოებრივი მაუწყებლობის შენობასთან; ავლაბრის მეტროსთან; სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გეგმავს; ასევე, გადაიკეტება შავნაბადას რეზიდენციის მიმართულებით მიმავალი გზატკეცილი.
აქცია 2009 წლის 9 აპრილს, 14:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორები მასში არა ნაკლებ 150 000 ადამიანის მონაწილეობას ვარაუდობენ.
საორგანიზაციო შტაბმა თბილისის მერიას აქციის შესახებ ოფიციალური განაცხადით 3 აპრილს მიმართა.
|