|
არასამთავრობო ორგანიზაცია „სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრის“ წევრი კახა ხანდოლიშვილი წუხელ ნიღბიანმა პირებმა სასტიკად სცემეს.
როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფმა ხანდოლიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თბილისისკენ მომავალს ფონიჭალის ტერიტორიაზე ათამდე ნიღბიანი შეიარაღებული პირი დახვდა და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცა. გამტაცებლები ხანდოლიშვილს ფულს სთხოვდნენ, რომელიც, თითქოს ბადრი ბიწაძისთვის თბილისში უნდა ჩამოეტანა.
„მიმაჩნია, რომ რადგან ჩემი საქმიანობით დაკავშირებული ვარ ბადრი ბიწაძესთან, ამიტომ სცადეს დაშინება. იმ შემთხვევაში, თუ თანხას არ გადავცემდი, მემუქრებოდნენ, რომ შვილს მომიკლავდნენ. ცდილობდნენ, ეთამაშათ ბანდიტების როლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რიგითი კრიმინალები არ იყვნენ“,-აცხადებს ხანდოლიშვილი მისივე თქმით, 3-4 საათის განმავლობაში აწამებდნენ „რამდენჯერმე დამიმიზნეს იარაღი და მითხრეს, რომ დამხვრეტდნენ, შემდეგ მოიყვანეს ძაღლები და მეუბნებოდნენ, რომ დააგლეჯინებდნენ ჩემს თავს, ამ ხნის განმავლობაში ვიყავი თვალებახვეული. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ თანხა არ მქონდა, თვალებახვეული მარნეულის ტრასიდან, დაახლოებით, 15 კილომეტრის დაშორებით ხრამში ჩაამაგდეს, საიდანაც ამოსვლა და ახლობლებთან დაკავშირება მოვახერხე“,-ამბობს იგი.
ხანდოლიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ მოინახულეს.
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უღირსი მეთოდებით ცდილობს დააშანტაჟოს ის ადამიანები, რომლებსაც რაიმე სახის ურთიერთობა აქვთ მასთან და ბადრი ბიწაძესთან.
ბიწაძის განცხადებით, ეს ფაქტი უკავშირდება 9 აპრილს და მიმართულია ოპოზიციური პარტიების დასაშინებლად.
ამასთან, ექიმების ინფორმაციით, ხანდოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი წუხელ, გვიან ღამით საავადმყოფოდან გაწერეს.
|