|
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს მოლაპარაკებების უნარი არ აქვს. ამის შესახებ ლავროვმა “როსიისკაია გაზეტასთან” ინტერვიუში განაცხადა.
რუსი მინისტრის განცხადებით, კრემლს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ილუზიები არ აქვს და საქართველოს ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ საქართველოსთან თანამშრომლობის აწყობას ცდილობდა.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის დავალებით, 2005 წლის დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა.
“სააკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების დაჩქარებულად გაყვანა გადავწყვიტეთ. ამასთან, სააკაშვილმა შეთანხმებების პაკეტზეც განაცხადა თანხმობა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ბაზები უნდა გაგვეყვანა, შეგვექმნა ერთობლივი ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრი, საქართველოს კი უნდა მიეღო კანონი, რომ მის ტერიტორიაზე არასოდეს იქნებოდა რომელიმე ქვეყნის სამხედრო ბაზები”, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსულმა მხარემ შეთანხმებების საკუთარი ნაწილი შეასრულა, მიხეილ სააკაშვილს კი არაფერი შეუსრულებია და სწორედ მაშინ გამოჩნდა, რომ სააკაშვილს მოლაპარაკებების უნარი არ აქვს.
|