დღეს არის ერთობის დღე და დღეს არის ყველა პოლიტიკოსის მხრიდან იმის კარგად გააზრების დღე, რომ ქვეყანას ერთიანობა სჭირდება და დაყოფილი და დაქუცმაცებული საქართველო წინ ვერ წავა. ამის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე 20 წლის წინანდელ დღეებსა და დღევანდელ დღეს შორის არანაირ პარალელს არ ავლებს.
“თუ ოპოზიციას აინტერესებს კონკრეტული წინადადებები, მე ვფიქრობ, ჩვენ მათ შევთავაზეთ ძალიან სერიოზული პაკეტი, საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო და თვითმმართველობის რეფრომა”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ეს ის საკითხებია, რაზეც წლების მანძილზე საქართველოში უპერსპექტივოდ მიმდინარეობდა შიდა პოლიტიკური კამათი.
“და ეს საკითხებია, რაზეც ჩვენ შევთავაზეთ ახალი დიალოგის და ახალი ფორმატის დაწყება, ამიტომ თუ მათ სურთ დიალოგი, მე ვფიქრობ, შეთავაზება საკმარისია”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
9 აპრილის მემორიალთან დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სული მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხდა.
იქ იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი გიგი უგულვა და ოპოზიციის ლიდერები.