რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 58-ე არმია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ამ ინფორმაციას ქართული სააგენტოები რუსულ სააგენტო `ლაიფ რუზე` დაყრდნობით ავრცელებენ. ინტერნეტგამოცემის ცნობით, 58-ე არმიის ქვედანაყოფები უშუალოდ ცხინვალშია განთავსებული, მათი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში გადაყვანა კი საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის ზღვარზე ყოფნით არის განპირობებული.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დამატებით რამდენიმე ნაწილი ვლადიკავკაზიდან შეემატა. სააგენტოს ცნობით, რუსეთს არ სურს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები რუსეთის სასაზღვრო რაიონებზე აისახოს. ამდენად საბრძოლო მზადყოფნაა გამოცხადებული ე.წ. სამხრეთ ოსეთში. დამატებითი ძალებია შეყვანილი აფხაზეთშიც.