ვინ გახდება ერთპიროვნული ლიდერი? ვინ გახდება მოღალატე? ვინ გადგება განზე? ვინ გახდება მსხვერპლი?
რევოლუცია ჭამს თავის შვილებს _ ეს სახელგანთქმულმა პიერ ვერინომ მრავალი წლის წინ თქვა. 2003 წლიდან ეს ფრაზა "ჯორჯიან თაიმსის" საფირმო ფრაზადაც იქცა. მაშინ რევოლუციის შვილებს არ სჯეროდათ არც პიერის და არც "ჯორჯიან თაიმსისა". დრო გავიდა. რევოლუციამ პირველი მსხვერპლი მოითხოვა და ზურაბ ჟვანიას დაადო ხელი...
რევოლუცია კარგა ხანია ჭამს მეორე პირმშოს, მიხეილ სააკაშვილს, ხოლო რიგით მესამის – ნინო ბურჯანაძის მდგომარეობა კარგა ხანია აგონიად იქცა. მას რევოლუცია ჭამს ნელა-ნელა, თანდათან. ცეცხლზე რევოლუციურ ტაფაში ხრუკავს პარლამენტის ექს-თავმჯდომარეს, რომელიც, თავის მხრივ, კანონზომიერების საწინააღმდეგოდ გაბრძოლებას ცდილობს და ტაფიდან გადმომხტარი დაეხეტება, 2003 წელს გადატკეპნილი გზა ხელახლა რომ "გადაიპლაკუნოს" და ამით გაექცეს პოლიტიკურ ბედისწერას.
თავის მხრივ, ახალი რევოლუციის მომლოდინენი წრეზე ბრუნავენ და რატომღაც თანახმანი არიან ზიდონ ბურჯანაძის ტვირთიც, თითქოს საკუთარი არ ეყოფათ მომავლის წინაშე, როცა "ბატონ რევოლუციას" ისევ მოშივდება და მსხვერპლს ახლა მათ შორის მოძებნის.
დრო რევოლუციას "ახალ შვილებს" უჩეკავს. შვილებშიც ზოგს "უძღების სახელი" ეწებება (ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ოქრუაშვილი..), ზოგს _ გამყიდველის (ისევ ბურჯანაძე, ისევ ნოღაიდელი, ისევ ოქრუაშვილი), ზოგიც გაურკვევლად, უაზროდ ინთქმება და ისტორია მათ უბრალო სიბრალულით "მსხვერპლს" არქმევს (ისევ ჟვანია..).
დღეს ახალი "რაღაც" იწყება. მასაც ეყოლება ლიდერი, მოღალატე, მსხვერპლი... დღეს ყველა რიგითი ლიდერია... შუბლზე კი ყველა მათგანს რევოლუციურმა ბედისწერამ უკვე დააწერა: შეჭმულ იქნას როგორც მოღალატე, შეჭმულ იქნას როგორც გამყიდველი, შეჭმულ იქნას როგორც რევოლუციის სახელით ხალხის გამომყენებელი..
ვერინო მკვდარია, მაგრამ "ჯორჯიან თაიმსია" ცოცხალი" და მერამდენედ გახსენებთ: ახალი რევოლუციაც შეჭამს თავის შვილებს...
P.S. "ჯორჯიან თაიმსი" მხარს უჭერს დღევანდელი აქციის მონაწილე თანამემამულეებს, პატრიოტ და წრფელ მამულიშვილებს!