რეზო ჩხეიძე: სააკაშვილი დამოუკიდებლად გადადგომას ვერ გადაწყვეტს, თუ ამერიკიდან არ უკარნახეს
ცნობილი რეჟისორი, რომელიც მოძრაობა"სამეფო დარბაზის" წევრიცაა, აუცილებლად მიიჩნევს, რომ ქვეყანა ქართული საზოგადოების მიერ უნდა იმართებოდეს. რეზო ჩხეიძე ხელისუფლებას და მასთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს, რადგან ისინი ვალდებულნი არიან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ მოლაპარაკებისა და გარანტიების შემდეგი ნაბიჯები:
1. დაიწყოს და გაგრძელდეს ნამდვილი, გამჭვირვალე მოლაპარაკება ხელისუფლებას, მასთან რადიკალურად დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას შორის. მოლაპარაკებაში აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა ქართული საზოგადოების ფართო სპექტრმა, საქართველოს დედაეკლესიის ლოცვა-კურთხევითა და მედიატორობით.
2. უზრუნველყოფილ იქნას სიტყვის ჭეშმარიტი თავისუფლება არა მარტო დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებისათვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, მათ შორის მიუმხრობელი, ნეიტრალური თუ ორივე მხარისაგან იდეურ-პოლიტიკურად განსხვავებული პიროვნებებისა თუ პოლიტიკური ძალებისათვის.
3. დაიწყოს კონსულტაციები საქართველოს კონსტიტუციის სერიოზული დახვეწისათვის.
4. დაიწყოს კონსულტაციები და მუშაობა ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმებისათვის (საარჩევნო კოდექსის ცვლილებანი, სასამართლოს რეფორმა, ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიები).
5. დაიწყოს განათლების სისტემის ეროვნულ ნიადაგზე დაბრუნების პროცესი. ეროვნულ ინტერესებთან თანაფარდობაში იქნას მოყვანილი არსებული კანონმდებლობა (ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიის, ენერგეტიკის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და სპორტის და ა. შ.). ქვეყნის მართვის ყველა რგოლში დაბრუნდნენ გამოტოვებული თაობის ღირსეული წარმომადგენლები.
6. შეიქმნას ნდობის მთავრობა პროფესიონალთა მონაწილეობით.
7. პირველ რიგში, ხელისუფლებას, ასევე მეორე მხარეს და, რაც მთავარია, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა მოსალოდნელ ნებისმიერ არასასურველ შედეგებზე.
_ ძალის გამოყენება არ უნდა მოხდეს არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხრიდან. პრინციპში ოპოზიციას ნაკლებად აქვს იმის ბერკეტი, რომ სისხლი დაღვაროს. მე მეშინია პროვოკატორების, რომლებსაც სურთ საქართველოს ჩაძირვა. მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა დააყენეს პრეზიდენტის გადადგომის შესახებ, არა მგონია, სააკაშვილმა შეასრულოს. ამიტომ აუცილებლად უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ორივე მხარე და მშვიდად გადაწყდეს ყველაფერი. ამ საკითხის მოგვარებაში თუ დაგვეხმარებიან უცხოეთის ქვეყნები, ეს არ იქნება ურიგო. ძალიან ძნელია წინასწარ თქვა, რა მოხდება 9 აპრილს, ამის პროგნოზირება რთულია.
_ არსებობს ინფორმაცია, ხელისუფლების მომხრეებიც აპირებენ აქციის გამართვას. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირება განმეორდეს?
_ რა თქმა უნდა, სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება დიდია. ერთადერთი იმედი მაქვს ღმერთის, პატრიარქის და ქართული ეკლესიის, რომ ქართველი ერი ერთმანეთთან დაპირისპირებამდე არ მივა. სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა მოხდეს.
_ რამდენად ისარგებლებს რუსეთი საპროტესტო აქციებით? ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ რუსეთი კვლავ ეცდება საქართველოში შემოსვლას?
_ ამის საშიშროება არის. იმიტომ, რომ მეხსიერებიდან ვერ ამოშლი ვერც სასიხარულო და ვერც ტრაგიკულ ამბებს. ჩვენ გვახსოვს 1989 წლის 9 აპრილი, რომელმაც გავლენა მოახდინა ადამიანების სულიერებაზე, გონებაზე. თუმცა ბევრ რამეში ჭკუაც გვასწავლა. მე არ მინდა ეს კვლავ განმეორდეს, ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ როგორც პოზიცია, ასევე ოპოზიციაც. უცხოეთის ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც საქართველოში განაგებენ საქმეებს, ეს დასამალი არ არის, ჭკუა უნდა იხმარონ, რათა საქართველო კვლავ არეულობის ბურუსში არ გაეხვეს. აგერ, რუსეთს რაღაც არ ესიამოვნა და დაგვბომბა, შემოვიდა და წაგვართვა ტერიტორიები. ზუსტად ამ პერიოდში მთავრობა ამერიკის მითითებებით ხელმძღვანელობდა და მოხდა ის, რაც მოხდა.
როცა უწმინდესი იყო რუსეთში, პატრიარქის ვიზიტმა შედეგი გამოიღო. საუბედუროდ, შემდეგ უხამსი სიტყვებით დაიწყეს ქართველმა პოლიტიკოსებმა პუტინის მოხსენიება და შედეგიც მოვიმკეთ. ამ დროს ჩვენი პრეზიდენტი იყო აბსოლუტურად არადიპლომატიური.
_ ბოლო პერიოდში ქვეყნაში წავიდა მთელი რიგი დაჭერების სერია, ვგულისხმობ პოლიტიკური პარტიების წევრებს...
_ ხელისუფლებას აქვს პანიკური შიში, ამიტომ დაიწყო პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლების დაჭერა. მათ სურთ, რომ ხალხი შეშინდეს. მთავრობა ამით ამბობს, ჩვენ ავამოქმედებთ ყველა ბერკეტს, რათა შეწყდეს მიტინგობანა. შესაძლებელია, ფალსიფიცირებული იყოს, რასაც ეკრანიდან დაჭერების ვიდეომასალებს გვაჩვენებენ. ჩემი მხრიდან ამ ფილმებს არ გამოუწვევია დიდი ნდობა.
_ ვთქვათ, აქციებმა მიიღო მასიური ხასიათი და ქუჩაში გამოვიდა უამრავი ხალხი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, გადადგება თუ არა სააკაშვილი?
_ მე მგონია, რომ სააკაშვილი ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის. მე სააკაშვილს, როგორც ნიჭიერ ადამიანს, ისე ვუყურებ. ის არ არის ჩვეულებრივად ორდინალური პიროვნება.
ფაქტია, რომ პრეზიდენტი უცხოეთის დირექტივებით მოქმედებს. ის ვალდებულია ეს გააკეთოს, რადგან უცხოეთი დებს ჯარში ფულს, სუფსიდიებს გზავნის...
საქართველოს მთავრობა ცდილობს ისეთი კულტურა შემოიტანოს, რომელიც არ ჯდება საქართველოს სტანდარტებში. ამით ნადგურდება ყველაფერი ის, რაც ეროვნულია.
_ თუ პოზიციისა და ოპოზიციის ერთმანეთისადმი განწყობას გავითვალისწინებთ, რამდენად შესაძლებელია მოხდეს მათი დიალოგის მაგიდასთან დაჯდომა?
_ თუ საქართველოს ექნება ლოზუნგი, ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნოდესო, მოლაპარაკება შედგება. განწმენდა შეიძლება, განსაკუთრებით იმ ხალხისგან, რომლებიც კედელივით არიან დღეს აღმართულნი სხვადასხვა სამინისტროებში და "ნაციონალურ პარტიაში" . ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს კარნახი საზღვარგარეთიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ამის საშუალებას არ აძლევენ.
_ თუ გავითვალისწინებთ არსებულ კრიზისულ მდგომარეობას, უნდა გადადგეს თუ არა სააკაშვილი?
_ გადადგომა მან პიროვნულად უნდა გადაწყვიტოს. შეიძლება გადადგეს კიდეც და ამით ერის სიყვარულიც დაიმსახუროს. ისიც არის, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებლად გადადგომას ვერ გადაწყვეტს, თუ ამერიკიდან არ უკარნახეს.