რამდენიმე ათასი ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. რუსული სამხედრო ფლოტის ხუთი სადესანტო ხომალდი განმუხურში განთავსდა. რუსული კატარღები განმუხურიდან სოხუმამდე მთელ აკვატორიას აკონტროლებენ.
რუსეთის სამხედრო გააქტიურებას თბილისში კრემლის მორიგ პროვოკაციას უკავშირებენ. ქართული მხარე აცხადებს, რომ რუსული მხარე ცდილობს დაძაბულობა შეიტანოს კონფლიქტურ ტერიტორიაზე და მოახდინოს ფსიქოლოგიური ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თქმით, რუსეთში ბოლო დროს კეთდებოდა განცხადებები, რომ სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, ისინი კვლავ მოახდენენ საქართველოს ოკუპაციას, როგორც აგვისტოში.
თბილისში არ გამორიცხავენ, რომ რუსული სამხედრო გადაადგილებები კიდევ გაგრძელდეს და მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდებენ. საერთაშორისო ორგანიზაციებს კი ქართული მხარე შესაბამის რეაგირებას სთხოვს.