დასავლური მედია რუსული არმიის გააქტიურებას ეხმაურება
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული არმიის გააქტიურება დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ვრცელ სტატიას ამ თემაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემა `ტაიმსი` აქვეყნებს. სტატიის ავტორი, რომელმაც ოკუპირებული ტეროტორია თავად მოინახულა, წერს, რომ 6-პუნქტიანი გეგმის ხელმოწერიდან რვა თვის შემდეგაც კი რუსი სამხედროები და ოსი სეპარატისტები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ახალგორის მისადგომებთან უკანონო საგუშაგოებია განლაგებული, სადაც რუსი სამხედროები არც ქართველ მოსახლეობას და არც ევროპელ დამკვირვებლებს არ ატარებენ.
`ტაიმსის` ჟურნალისტი წერს, რომ სადამკვირვებლო მისიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალის რიცხოვნობის გაზრდა დააფიქსირა. ეს ფაქტი კი საეჭვოდ დაემთხვა ოპოზიციის მასობრივი გამოსვლების დაწყებას. `ახალგორის გარდა, რუსი სამხედროების გააქტიურება აფხაზეთშიც შეინიშნება,` - წერს `ტაიმსი`. ამის გამო კი მონიტორინგის ჯგუფმა რეგიონში პატრულირება გააძლიერა.