ღია დიალოგი აუცილებლად პირდაპირ ეთერში დიალოგს არ ნიშნავს, - ამის შესახებ “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ “თბილისი მარიოტში” ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა
მისი თქმით, ოპოზიციას ამ ორი დღის განმავლობაში ჰქონდა იმედი, რომ ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა დილაოგის გამართვისთვის, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა.
“ჩვენ მაინც გამოვთქვამთ მზადყოფნას შეთავაზებული დიალოგისთვის. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. დაველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება დღეს და ხვალ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ დღებში ჩვენმა შეთავაზებამ რაიმე ფორმით რეალიზაცია ჰპოვოს”, - განაცხადა ალასანიამ.
მან კიდევ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებას დაელაპარკოს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელსაც საზოგადეობა აყენებს.
“როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ საჯარო დიალოგისთვის, ეს არ ნიშნავს, ცხადია, ტრანსფარანტულ დიალოგს. დიალოგის ადგილისა და დროის შესახებ ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, არსებითი საუბარი კი კამერების თანდასწრებით ვერ მოხდება. თუმცა, ამ დიალოგს დაესწრებიან საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც იქნებიან გარანტი, რომ საზოგადოების ზურგს უკან ოპოზიციასა და ხელსუფლებას შორის არანაირი გარიგება არ მოხდება. გამართული დიალოგის შედეგებსაც საზოგადოებას ეს ადამიანები მოახსენებენ”, - განაცხადა ალასანიამ.
|