|
საქართველოს ყველა რეგიონს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.
აპრილის თვის მონაცემების თანახმად, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია დღე-ღამეში საშუალოდ 6.5 მლნ კვტ/სთ-ს აღწევს. აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 60 პროცენტის მიწოდებას „ენერგო-პრო ჯორჯია“ კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით ახდენს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, აბონენტების შეუფერხებელი ენერგომომარაგების მიზნით, გასული თვეების მანძილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა პერსონალმა განახორციელა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შეიცვალა ძველი საკაბელო სისტემები, აშენდა ახალი გადამცემი ხაზები, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ენერგო ქსელის ინფრასტრუქტურა, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა ავარიული გათიშვების ალბათობა.
აბონენტების ხარისხიანი და სტაბილური ენერგომომარაგების მიზნით, “ენერგო-პრო ჯორჯიას” ჰყავს მუდმივი სამორიგეო ბრიგადები, რომლებიც განსაკუთრებით უამინდობის დროს, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.
საქართველოს რეგიონების მასშტაბით, “ენერგო-პრო ჯორჯია” 800 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება.
|