|
რუსეთის კონცენტრაცია საქართველოს ფარგლებს შიგნით და ფარგლებს გარეთ აღემატება იმას, რაც გასული წლის აგვისტოში იყო, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარკეთილში, სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში სტუმრობის შემდეგ გააკეთა.
“თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ახლა სიტუაცია იმისთვის, რომ რუსეთმა რაიმე ფართომასშტაბიანი სამხედრო ავანტიურა განაახლოს, რეალურად არ არის. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი შესაძლო შიდა არეულობაზე იყო გათვლილი. როგორც ბოლო დღეების მოვლენებმა კარგად გვაჩვენა, რა ფულიც არ უნდა დაიხარჯოს და რაც არ უნდა ქნან, საქართველო სტაბილური ქვეყანაა და მასში სერიოზული არეულობის შეტანა შეუძლებელია”, - განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მეორე მხრივ, საქართველოს ახლა ბევრად მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, ვიდრე გასული წლის აგვისტოში ჰქონდა.
საქართველოს პრეზიდენტი სამკურნალო ცენტრში ჯანდაცვის მინისტრთან სანდრო კვიტაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მიხეილ სააკაშვილი პაციენტებსა და ექიმებს შეხვდა. პრეზიდენტი იაფი დაზღვევის პროგრამით და პოლიკნინიკის ექიმების ხელფასით დაინტერესდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლიკლინიკების დაფინანსება უნდა გაუმჯობესდეს.
|