ლევან ბერძენიშვილი შექმნილ სიტუაციაში სააკაშვილის მიერ ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
“რესპუბლიკელების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი შექმნილ სიტუაციაში სააკაშვილის მიერ ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, თუ ადრე ქვეყნის ხელისუფლება თავისი წარმატებით იყო დაბრმავებული, დღეს იგი თავისი წარუმატებლობითაა დაბრმავებული, რის გამოც ვერ ხედავს, რაც ქვეყანაში ხდება. ხელისუფლებას შესაბამისი გადაწყვეტილება რომ მიეღო, აქციების დროს ქუჩაში გამოსული მოსახლეობის ის რაოდენობაც არ აღმოჩნდა საკმარისი.
ბერძენიშვილი თვლის, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან სასაუბროდ მზად არ არის, რადგან სააკაშვილის გადადგომა არ სურს და შესაბამისი დღის წესრიგიც ჩამოყალიბებული არ აქვს.
ბერძენიშვილი თვლის, რომ სააკაშვილი გადაწყვეტილებას მხოლოდ დასავლეთის კარნახით თუ მიიღებს.
“ხელისუფლებამ არ იცის რას აკეთებს და საჭიროა ძალა, რომელიც მას არსებულ სიტუაციას დაანახვებს. პრეზიდენტმა ახლახანს საკმაოდ ნათლად განაცხადა, რომ “დასავლეთმა მას უღალატა”. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილმა დასავლეთისთვის მისაღები გადაწყვეტილება ვეღარ მიიღოს. კერძოდ, ძალოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ძალიან მტკივნეული იქნება”, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
ლევან ბერძენიშვილი აქციების მსვლელობისას საქართველოში არ იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა. ამჟამად კარგად არის და დღეს თსუ-სთან დაგეგმილ აქციაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.