დღეს, ვნების შვიდეულის დიდ პარასკევს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ჯვარზე ვნებას იხსენებს.
დიდი პარასკევის მთელი მსახურება მაცხოვრის ჯვარზე ვნების გახსენებას ეძღვნება და უდიდესი მწუხარებით არის განმსჭვალული. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა არ სრულდება იმის ნიშნად, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნისათვის საღმრთო განგებულების აღსასრულებლად. ტაძრებში სრულდება გარდამოხსნის წესი, რომლის დროსაც საკურთხევლიდან შუა ტაძარში წმიდა გარდამოხსნას გამოაბრძანებენ და წინდაწინ გამზადებულ ლუსკუმაზე დაასვენებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესის შესრულებას 14:00 საათზე დაიწყებს.
|