ხაბაროვსკში რუსეთ-ევროკავშირის 23-ე სამიტი გაიხსნა
ხაბაროვსკში დღეს რუსეთ-ევროკავშირის 23-ე სამიტი გაიხსნა.
„newsru.com“-ის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, ასევე, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესი კომისარი ხავიერ სოლანა ხელმძღვანელობენ.
რუსული სააგენტოების ცნობით, რუსეთისა და ევროკავშიის უმაღლესი დონის შეხვედრები რეგულარულად, 1998 წლიდან იმართება. რუსეთმა ევროპელ პარტნიორებს სამიტის ხაბაროვსკში ჩატარება იმის გამო შესთავაზა, რომ ევროპელებს „რუსეთი უფრო უკეთ ეგრძნოთ“.
სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა ერთობლივი ნაბიჯების შემუშავება ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისის გადასაჭრელად. ასევე, განსახილველი მნიშვნელოვანი საკითხია მსოფლიო ენერგეტიკული თანამშრომლობა.
გარდა ამისა, რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე რუსეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პერსპექტივები განიხილება.