კახა შარტავა: მართებულად არ მივიჩნიეთ, 26 მაისს ხალხი დასათვლელად შეგვეკრიბა
2009.06.05 15:56
"ეროვნული ფორუმის" წევრებმა ერთიანი ოპოზიციური საბჭო დატოვეს და საკუთარი გეგმების განხორციელებას დამოუკიდებლად აპირებენ. თუმცა ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. რატომ ჩამოშორდა "ეროვნული ფორუმი" ერთიან ოპოზიციას და რა განსხვავებულ სამოქმედო გეგმას სთავაზობენ მოსახლეობას ფორუმის წევრები, "ჯორჯიან თაიმსს" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა შარტავა ესაუბრა.
_ მართალია, "ეროვნული ფორუმის" წევრებმა ამ საკითხზე ბევრი ისაუბრეს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც გაუგებარი დარჩა, რატომ გამოვიდა "ეროვნული ფორუმი" ოპოზიციის ერთიანი საორგანიზაციო საბჭოდან და მაინცდამაინც 26 მაისამდე ორი დღით ადრე რატომ გახდა ოპოზიციისგან ასეთი მკვეთრი გამიჯვნა აუცილებელი?
_ როდესაც დაინიშნა 26 მაისის აქცია და ვიკითხეთ, რა გეგმა არსებობდა ამ დღესთან დაკავშირებით, პასუხი არ მიგვიღია. მთავარ მოტივად დასახელდა, რომ ხელისუფლებისთვის უბრალოდ გვეჩვენებინა, რომ აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი კი არ დადის, არამედ მთელი სტადიონი სავსეა. სიმართლე გითხრათ, მართებულად არ მივიჩნიეთ, ხალხი 26 მაისს დასათვლელად შეგვეკრიბა და შევთავაზეთ ოპოზიციას რაიმე კონკრეტული გეგმა შეგვემუშავებინა. მაგრამ 24 მაისს ღამე, ოპოზიციის შეკრების შემდეგ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საუბარია მხოლოდ გარეგნულ სცენარზე და არავითარი გეგმა იმისი, თუ რისთვის ვკრებთ ამ ხალხს, როგორ ვიმოქმედებთ შემდგომ დღეებში, არ არსებობდა.
სტადიონის სცენარი მთავრდებოდა იმით, რომ "უცნობი" ხალხს საპატრიარქოსკენ წაიყვანდა. რის შემდეგაც ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, რატომ მიგვყავს ხალხი საპატრიარქოში, რა უნდა მოვთხოვოთ პატრიარქს, მან უნდა მოუწოდოს სააკაშვილს გადადგომისკენ? ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩვენ მივიჩნიეთ, რომ საპატრიარქოს ასეთი "დაშანტაჟება" და ფაქტის წინაშე დაყენება არანაირად არ იქნებოდა გამართლებული. კითხვაც დავსვი, საპატრიარქოში იცოდნენ და გველოდებოდნენ თუ არა და უარყოფითი პასუხი მივიღე. ამაში, ბუნებრივია, მონაწილეობის მიღება არ შეიძლებოდა. თუმცა ჩვენმა კოლეგებმა გვთხოვეს, რომ 26 მაისამდე არაფერი გვეთქვა და ასეც მოვიქეცით.
_ მაგრამ თუ თქვენ არ გამოგიცხადებიათ თქვენი პოზიციის შესახებ, 25 მაისს საიდან გახდა ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი?
_ რამდენიმე ტელევიზიაში, მათ შორის "მაესტროში", 25 მაისს ღამე გავიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც ეწერა ისეთი რაღაცები, რის შესახებაც მხოლოდ ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა იცოდნენ და საინტერესოა, როგორ მოხვდა ეს ინფორმაცია "მაესტროში". კონკრეტულად ვერავის დავაბრალებ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ, ალბათ, ზოგიერთმა ოპოზიციაში მყოფმა"იმუშავა" ამ საკითხზე და შემდეგ ეს ხელისუფლებამაც მშვენივრად გამოიყენა, რომელსაც ძალიან აწყობს, რომ "ეროვნული ფორუმი" ოპოზიციურ მოძრაობას როგორმე ჩამოაშოროს. მაგრამ არა მგონია რამე გამოუვიდეს, ჩვენი განსხვავებული აზრების მიუხედავად, საერთო საქმისთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ეროვნული ფორუმი" "გაიყიდა", თქვენ ხელისუფლებას გაურიგდით და პარლამენტში ადგილებსაც ელოდებით?
_ ხელისუფლებასთან ვისაც ურთიერთობა აქვს, გარიგება იმან მოიკითხოს. მე, პირადად, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთადერთხელ მქონდა ურთიერთობა, როდესაც ოპოზიციამ გამაგზავნა შეხვედრაზე, არც მანამდე და არც შემდეგ არც ერთი მათგანი არ მინახავს.
მე რამდენიმე დღით ადრე ვუთხარი ჩემს თანაპარტიელებს, რომ შეიძლება მოღალატეებად შეგვრაცხონ, შესაძლოა, როდესაც პატრიარქისგან მათთვის არადამაკმაყოფილებელ პასუხს მიიღებენ, პატრიარქსაც აკადრონ შეურაცხმყოფელი გამოთქმები, ამიტომ ამის ნუ შეგეშინდებათ-მეთქი. პოლიტიკოსს, თუ მიგაჩნია, რომ მართალი ხარ, ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა გიწევს.
რაც შეეხება არჩევნებს, არა მგონია, რომ ხვალ თუ ზეგ ხელისუფლების მიერ დანიშნულმა არჩევნებმა ქვეყანას რაიმე შედეგი მოუტანოს. მთელი საქართველო უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. ხელისუფლების ბატონობისგან უნდა გათიშო პოლიცია, ადგილობრივი მმართველობები და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ არჩევნებზე, რომელსაც ჩვენ დავანიშნინებთ ხელისუფლებას და არ გვსურს ისეთი არჩევნები, რომლებსაც თავად "გადმოგვიგდებს", რათა ბოლოს ისევ თვითონ მოიგოს.
_ საუბრობენ იმაზეც, რომ 26 მაისს ერთიანი ოპოზიცია სამი ლიდერის დასახელებას აპირებდა, თუმცა მათ შორის არ მოხვდა "ეროვნული ფორუმის" ლიდერი გუბაზ სანიკიძე და სწორედ ამან გამოიწვია თქვენი განაწყენება.
_ მე რა შეხვედრებსაც დავსწრებივარ, ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. მართალია ითქვა, რომ უკეთესია ოპოზიციას ჰყავდეს ერთი ლიდერი, მაგრამ ლიდერი ხელოვნურად კი არ უნდა დაინიშნოს, იგი თავად გამოიკვეთება.
_ მაშინ, როდესაც კონსტანტინე გამსახურდია გამოვიდა ერთიანი ოპოზიციის საორგანიზაციო საბჭოდან, ასევე ირაკლია ალსანიაც საკუთარი გეგმით დამოუკიდებლად მოქმედებას აპირებს, რატომ მოხდა, რომ მაინცდამაინც "ეროვნული ფორუმის" მოქმედება შეფასდა ღალატად?
_ არ ვიცი, ალბათ, ეს უფრო იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ, ვინც ასე დაინახა. თუმცა, ალბათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, "ეროვნული ფორუმი" მთელი საპროტესტო ღონისძიებების საყრდენი იყო და საყრდენის გამოცლა, რა თქმა უნდა, რთულია. თუმცა ამ "დაშორებამ" შესაძლოა, პროცესებს გაცილებით მეტი სიჯანსაღე შემატოს. იმასაც ვიტყვი, რომ ადამიანური ურთიერთობები იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ მათ წინააღმდეგ არანაირი პოლიტიკური ინტერესების გამო არ გავილაშქრებ.
_ მაგრამ თქვენ ოპოზიციის წარმომადგენლები მათ კრიტიკაში გადანაშაულებენ და კობა დავითაშვილმა ტელეეთერითაც მოგიწოდათ, რომ ნაკლებად კრიტიკულები იყოთ მათ მიმართ
_ ჩვენ არავინ გაგვიკრიტიკებია, მაგრამ, როდესაც ჩვენი კოლეგების მხრიდან დაიწყო ჩვენი კრიტიკა, ვერ გავჩუმდებოდით და პასუხი უნდა გაგვეცა. იმედი მაქვს, ამას გაგრძელება არ ექნება და თუ ექნება, ამაში მონაწილეობას არ მივიღებ.
_ 26 მაისს მიმდინარე მოვლენებს როგორ შეაფასებდით, ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვა თუ დამარცხდა ოპოზიცია 26 მაისს?
_ ეს გამოჩნდება. თუ 26 მაისი აღმოჩნდება რაღაც მოქმედების ეტაპი, რომელსაც მუხტი სწორედ ამ დღემ შესძინა, მაშინ გამოდის, რომ გაიმარჯვა ოპოზიციამ. ამდენი ხალხის ერთად დადგომა, რა თქმა უნდა, გამარჯვება იყო, ხვალ-ზეგ ამის გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლება, თუ მთელ საქართველოში გავალთ. თუმცა სტადიონის შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა, ვინც რა უნდა თქვას, ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო.
_ უკვე საუბრობენ 7 აგვისტოს საპროტესტო აქციაზე, როგორ ფიქრობთ, იქნება ოპოზიცია ისევ ერთიანი?
_ არ ვიცი, 7 აგვისტოს საზოგადოებას, უბრალოდ, თარიღი კი არ უნდა შევთავაზოთ, რომელსაც გაგრძელება არა აქვს, არამედ ეს ჩვენი პასუხისმგებლობის თარიღი უნდა იყოს. თუ ამას თავს ვერ გავართმევთ, შეიძლება პოლიტიკური სარბიელიდან წასვლაც მოგვიწიოს. თან ისეთი თარიღია, რომ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლებასაც რაღაც პასუხი უნდა გასცე იმისთვის, რაც ჩაიდინეს.
_ "ეროვნული ფორუმის" წევრები აცხადებენ, რომ ისინი დაიღალნენ "უაზრო ბრძოლის ფორმებით". რა კონკრეტული გეგმა ან სამოქმედო ტაქტიკა აქვს "ეროვნულ ფორუმს" იმისთვის, რომ 9 აპრილს დაწყებული აქციების მიზანი, მიხეილ სააკაშვილის გადადგომა მიღწეულ იქნას?
_ ჩვენი ყველა გეგმა ისევ და ისევ ჩვენს რეგიონებში მოქმედების გაგრძელებას უკავშირდება. თბილისი ისედაც დაკარგული ჰქონდა სააკაშვილს. მთავარია, რეგიონებში გავიდეთ, სადაც ხალხი დაშინებულია და არც შესაბამისი ინფორმაცია აქვს.