საქართველო რუსეთს ქართველების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, რომ 'შეწყდეს ეთნიკური ნიშნით მოქალაქეების დევნა, განუხრელად იქნას დაცული ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, არსებული პოლიტიკური პრობლემები კი მოგვარდეს მოლაპარაკებებისა და კონსტრუქციული დიალოგის გზით'.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 'საქართველომ ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს, რომელიც ყურადღებით სწავლობს წარდგენილ მასალას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სათანადო რეაგირებისათვის'.
'საქართველოს მოქალაქეთა დევნისას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლები არ იცავენ არა თუ ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ არღვევენ რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნებსაც. უმეტეს შემთხვევებში, სასამართლო პროცესები საქართველოს მოქალაქეთა რუსეთის ტერიტორიიდან ადმინისტრაციული გაძევების შესახებ, ხორციელდება რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 25.1 მუხლის შესაბამისად, "...სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვისას, რომელსაც თან სდევს უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ადმინისტრაციული დაკავება, ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ადმინისტრაციული გაძევება, იმ პირის დასწრება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქმის წარმოება, აუცილებელია...', აღნინულია განცხადებაში.