ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაირკვა, რომ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე სამი წევრის გარდა აღარავინ მოდიოდა, გია თორთლაძემ ამ ფაქტის ბრიფინგის ჩატარებით გაპროტესტება გადაწყვიტა. როგორც თორთლაძემ ბრიფინგზე თქვა, თუ შემდეგ სხდომაზე საბჭოს წევრები იგნორირებას დააფიქსირებენ, პრეზიდენტს საბჭოს გადახალისების და ან დაშლის წინადადებით მიმართავს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ანტიკირიზსულ საბჭოში მუშაობა სურდათ, “თუმცა ისინი იმათვე დაბლოკეს, ვისაც შემდეგ სხდომებზე აღარც უვლიათ”. ანტიკრიზისული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ დეპუტატები გია თორთლაძე, ჯონდი ბაღათურია და “მრეწველების” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მივიდნენ. ანტიკირიზისულ საბჭოში სულ 11 წევრია - დავითYბაქრაძე, მიხეილ მაჭავარიანი, პავლე კუბლაშვილი, პაატა დავითაია, ჯონდი ბაღათურია, მაგდა ანიკაშვილი, გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე, ბაჩუკი ქარდავა, ზურაბ ტყემალაძე და საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე. გია თორთლაძე ამბობს, რომ ანტიკრიზისულ საბჭოში არის დაახლოებით 4 წევრი, რომლებიც საერთოდ არ დასწრებიან სხდომას, თუმცა მათი ვინაობის დაკონკრეტებისგან დეპუტატმა თავი შეიკავა. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა ხვალ 12:00 საათისთვის ჩაინიშნა. იმ შემთხვევაში კი, თუ კვორუმი ხვალაც არ შედგა, საბჭოს გადახალისებასთან დაკავშირებით გია თორთლაძე უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
|