ისეთი ტაბუდადებული სისტემიდან, როგორადაც 2003 წლიდან ქართული ციხეები გვევლინება, ციხის ადმინისტრაციის `უდიდესი ძალისხმევის~ მიუხედავად, ინფორმაცია კვლავ უწყვეტად ჟონავს: პატიმრების ცემა-ტყეპა, მყრალი პროდუქტებით გამოკვება, სამედიცინო დახმარების უგულებელყოფა _ პატიმართა უფლებების დარღვევა...
ამ პრობლემებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია `ყოფილი პოლიტპატიმრები _ ადამიანის უფლებებისათვის~ წარმომადგენელს ნანა კაკაბაძეს და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენელს, დოდო გუგავას ვესაუბრეთ.
ნანა კაკაბაძის თქმით, იმ ქმედებებს, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია პატიმრების მიმართ სჩადის, უკანონობა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაული ჰქვია. შელახულია პატიმრების უმთავრესი უფლებები: სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება და პატივი.
ეს არის ის ბომჟის საცვალივით გამორღვეული პენიტენციალური სისტემა, რომელსაც სახელმწიფო განაგებს და თუკი ვინმე პრეტენზიებზე გაბედავს საუბარს ან შესაბამის ორგანოებს მიმართავს, საშინელი ცემა და რეპრესიები არ ასცდება. ამიტომ მსგავს ინფორმაციებს ახლობლებსა და ადვოკატებს კონფიდენციალურად აწვდიან.
როგორც ჩანს, ადმინისტრაციის მიერ დანერგილი `შიშის სინდრომი~ მართლაც ეფექტურად მუშაობს. დოდო გუგავამ ეს ინფორმაცია სპეციალურად გავრცელებულ ჭორად შერაცხა და კატეგორიულად უარყო.
დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება ციხეებში პატიმართა სიმრავლეც, რის გამოც პატიმრები საწოლებზე მორიგეობით იძინებენ და ვინ იცის, ამის ნიადაგზე რამდენი უთანხმოება იქმნება თავად პატიმრებს შორის. "ციხეები ნამდვილად გადატვირთულია, თუმცა ეს დროებითი შეფერხებაა და ორ კვირაში აღმოიფხვრება. სამინისტროს დანაზოგით რუსთავში მიმდინარეობს სასჯელაღსრულების ობიექტის მშენებლობა და პრობლემაც მოიხსნება", _ აღნიშნა დოდო გუგავამ. მიზეზად კი აპრილის თვეში ქალთა ბუნტის შედეგად ერთი მთლიანი დაწესებულების "წყობიდან გამოყვანა" დაგვისახელა.
არასამთავრობო ორგანიზაციებს თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად ქალთა კოლონიებიდან უფრო მიმართავენ, საიდანაც ირკვევა, რომ მათთვის განკუთვნილი პროდუქტი ყარს. ახლობლებისგან შეგზავნილ საჭმელსაც კი ვერ ჭამენ იმ სუნში.
ფასადურია და მოჩვენებითი ციხის სამკურნალო პუნქტების განახლებაც. ნანა კაკაბაძის თქმით, ექიმების შტატი გაუქმებულია, რადგან მათ ფუნქციებს ექთნები და სანიტრები ინაწილებენ. გავრცელებულია უამრავი ინფექციური დაავადება და სხვა, თუნდაც გულ-სისხლძარღვთა ჩივილების მქონე პაციენტებიც ამ საშიში გადამდები სნეულებებით დაავადების საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ჯამში, სრული ანტისანიტარიაა.
ანალოგიური სიტუაციაა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც. ავადმყოფი პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანა ხელოვნურად შექმნილ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ვისაც პატრონი არა ჰყავს, მკურნალობის გარეშე რჩება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კი თავს ილუზორული სამედიცინო პუნქტებით იწონებს. ქალბატონმა დოდომ ამაყად განაცხადა, რომ ჟურნალისტებმაც დაათვალიერეს ციხის საავადმყოფო, თუმცა ჩვენ ამაზეც უარი გამოგვიცახდეს.
საინტერესოა, რატომ ვერ ხერხდება ციხეებში მონიტორინგის ჩატარება. ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მეთვალყურეებს რატომ არა აქვთ ამა თუ იმ ინფორმაციის გადამოწმების და გავრცელების საშუალება, თუკი ადმინისტრაციას დასამალი არაფერი აქვს? ლოგიკურად, მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივდივართ _ ეს არის სისტემა გრიფით _ "საიდუმლო". ეს გრიფი კი, ბუნებრივია, სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე შეიქმნა.
|