|
ისტორიულად ყოველთვის ასე იყო: ქართველებს თუ გვილხინდა, ჩვენ მიერ გაშლილ სუფრასთან სომხებს ვინ დაასწრებდა.
თუმცა, მცირეოდენ მაინც რომ წაგვებორძიკა, მაშინვე ცდილობდნენ ჩვენთვის ლახვარის ჩაცემას. დღესაც ასეა. მარტო იმის გახსენება რად ღირს, გასული წლის აგვისტოს ომის დროს სომხეთიდან, გიუმრიდან აფრენილი თვითმფრინავები ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას როგორ ბომბავდნენ. შემდეგ თითქოს ცოტათი მიწყნარდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, აბდულა გიულიმ და მისმა სომეხმა კოლეგამ, სერჟ სარგსიანმა ერევანში ფეხბურთს ერთად უყურეს, სომხებმა იფიქრეს, თურქეთთან საქმე მოგვარებულია, საზღვარსაც გაგვიხსნისო და კვლავ აიშვეს. ეს საკმარისი გახდა იმისათვის, რომ მათი ჭკუით, საქართველო საერთოდ ჩამოეწერათ და სომხური პრესა ჩვენ მიმართ რა ბოღმასაც ანთხევს, ცნობილია. ეს კი არადა, თუ სხვა ვინმე ჩვენს საწინააღმდეგოდ რამეს იტყვის ან დაწერს, მათ ხბოს აღტკინებას საერთოდ ხომ საზღვარი არა აქვს.
ამას წინათ, თურქულმა გაზეთმა Milliyet-მა ჯენკ ბაშლამშის სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ვარაუდობს, რომ მოსკოვი თურქებით დასახლებულ ჩრდილოეთ კვიპროსს თუ აღიარებს, სანაცვლოდ თურქეთმა, შესაძლოა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღიაროს. სომხებსაც მეტი არც უნდოდათ და როგორც კი ეს გაიგეს, მაშინვე ARMENIA Today-მ ეს ამბავი სასწრაფოდ მთელ მსოფლიოს მოსდო, ანკარა უკვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას გეგმავს და ამ თემაზე თურქეთის მთავრობაში უკვე საუბრობენ კიდეცო.
ჯენკ ბაშლამში წერს, რომ ეს სცენარი იმაზე ძნელად განსახორცილებელი არაა, რამდენიც ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობათა დალაგება. იმიტომ, რომ, მისივე მტკიცებით, თურმე საქართველოსა და თურქეთს შორის ბოლო ხანებში აფხაზეთში მიმავალი გემების დაკავების გამო თბილისსა და ანკარას შორის ურთიერთობებიც მკვეთრად დაიძაბა. ეს რომ სინამდვილეს არ შეესაბამება, ფაქტია, მაგრამ თუნდაც ასეც რომ იყოს, საკითხავია, ARMENIA Today-ს ან სომხებს რა უხარიათ.
საქმეც იმაშია, თუ ასე მოხდება, მაშინ სომხეთი რუსეთისა და თუნდაც იგივე თურქეთისგან ყარაბახის აღიარებას მოითხოვს. ამას, ცხადია, პირველ რიგში, ანკარასა და ბაქოს შორის ურთიერთობათა დაძაბვა მოჰყვება და არა მარტო მათ შორის. თურქეთს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებიც დაუპირისპირდება. სიტუაცია დაიძაბება ასევე მოსკოვსა და ათენს შორის, რადგანაც კვიპროსი ბერძნულენოვანი სახელმწიფოა. ასე რომ, საეჭვოა, მოსკოვსა და ანკარას შორის მსგავსი გარიგება მოხდეს.
ყოველ შემთხვევაში, ქართველ პოლიტოლოგთა და კონფლიქტოლოგთა მოსაზრება ასეთია. მათი თქმით, მსგავსი გარიგება მოსალოდნელი არ არის. თუმცა ამქვეყნად რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, არც ამას უარყოფენ. კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის განცხადებით, თურქეთი ასეთ საკითხებში ყოველთვის ფრთხილად მოქმედებს. მისივე თქმით, თურქეთს თითქოს სურდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება, ამის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა იგი არც იმას უარყოფს, რომ არაოფიციალურ დონეზე თურქი ბიზნესმენები და თურქული კომპანიები აფხაზეთში ჯერ კიდევ 1993 წლიდან საქმიანობენ. `ჩვენს სამყაროში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ თურქეთი ასეთ საკითხებში საკმაოდ ფრთხილია. თურქეთს თითქოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება სურდეს, მას ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმის მცდელობა არ ჰქონია. ზოგჯერ ხდება ისე, რომ თითქოს ვიღაცას ამ მიმართულებით რაიმე წამოსცდება, ან წინასწარ განზრახვით ინფორმაციის გაჟონვას აქვს ადგილი, ან თუნდაც ამის შესახებ დაუდგენელი წყაროები ინფორმაციას ავრცელებენ და ა.შ., მაგრამ უშუალოდ თურქეთის მხრიდან ასეთი რამ არ ყოფილა.
იგი სხვა გზით მიდის. არც იმას ვამბობ, რომ თურქეთი ყოველთვის სწორად იქცევა. მაგალითად, იგი თვალს ხუჭავს იმაზე, რომ კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე თურქული კომპანიები და ბიზნესმენები აფხაზეთში საქმიანობენ. მათ იქ საკმაოდ სერიოზული ტვირთბრუნვა აქვთ. ამას ისინი გამჭვირვალედ ხედავენ, მაგრამ პოლიტიკური კუთხით რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღიარონ, მსგავსი არაფერი უთქვამთ.
ამიტომ, ნუთუ ახლა იმდენად მკვეთრად შეიცვალა ყველაფერი, რომ რუსეთს შეუძლია ივაჭროს და, ასე ვთქვათ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას ჩრდილოეთ კვიპროსის ცნობის სანაცვლოდ მიაღწიოს?", _ კითხულობს გოგი ხუციშვილი და იქვე პასუხობს, რომ ანკარა ასეთ ნაბიჯზე არ წავა, იმიტომ რომ იგი ევროსაბჭოსკენ მიისწრაფვის.
"ჯერ ერთი და, რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის აღიარება ამ უკანასკნელისთვის არაფერს შეცვლის, სტატუს-კვოს შეცვლას კი ევროკავშირი განსაზღვრავს. რუსეთმა ცალმხრივადაც რომ აღიაროს ჩრდილოეთ კვიპროსი, რეალურად ეს ამ უკანასკნელს არაფერში დაეხმარება. ვფიქრობ, რომ ამის გამო თურქეთი ასეთ ნაბიჯზე არ წავა. მით უმეტეს, რომ იგი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის", _ მიაჩნია გოგი ხუციშვილს.
დაახლოებით მსგავსი მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესაც. ისიც მიიჩნევს, რომ ანკარა ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რადგანაც ეს ევროპის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ხოლო თურქეთი კი ევროპულ პოლიტიკაში საკუთარი ადგილის მოძებვნას ცდილობს. თუმცა საყვარელიძე არც იმას უარყოფს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემაზე საუბრები მიმდინარებს.
"დიახ, საუბრები მიმდინარეობს, მაგრამ ეს ვერსიები არცთუ მთლად ლოგიკურად მეჩვენება. საქმეც იმაშია, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება ევროპულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. თურქეთი კი ყოველთვის ცდილობს ამ პოლიტიკაში რაღაც ადგილი დაიკავოს და ევროპული ქვეყანა გახდეს. ასევე არცთუ მცირემნიშვნელოვან როლს თამაშობს ისიც, რომ თურქეთის მრავალი სტრუქტურა მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გამომდინარე აქედან, დასავლეთის ინტერესების სფეროდან რომ ამოხტეს, ვფიქრობ, ეს თურქეთის ინტერესებში არ შედის", _ მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
|