|
ეძღვნება ზვიად გამსახურდიას დაბადების 71-ე წლისთავს პარალელური პორტრეტები:
"ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა"
"და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის" (მათე: 10.22)
დიდი ილია ჭავჭავაძე, აწ წამებულად შერაცხული წმიდა ილია მართალი და ზვიად გამსახურდია, მოწამეობრივად აღსრულებული ერისკაცი _ ამ ორი დიდებული ქართველის ერისკაცული მოღვაწეობა, განგებისმიერი ხვედრი, მოწამეობრივი აღსასრული და სიკვდილის შემდგომი მდგომარეობა ერთობ ნიშანდობლივად ჰგავს ერთიმეორეს. 1. წმიდა ილია მართალმაც და ზვიად გამსახურდიამაც მოღვაწეობა დაიწყეს ვითარებაში, როდესაც საქართველო მეტად მძიმე მდგომარეობაში იყო როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ასპექტში. დაქვეითებული იყო სულიერება და, აქედან გამომდინარე, დაკნინებული იყო ზნეობრიობა; ქართულ საზოგადოებაში მოშლილი იყო ტრადიციები, ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაფუძნებული ის სულიერ-ზნეობრივი ნორმები, რომელზეც ასწლეულების მანძილზე იდგა ქართული ეროვნული ყოფიერება. ამასთან ერთად, საქართველოს სრულიად მოშლილი, ფაქტობრივად დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა და რუსეთის იმპერიის ნაწილად იყო ქცეული. ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად სავალალო ის გახლდათ, რომ სახელმწიფოებრიობის ფიზიკურად დაკარგვასთან ერთად, ქართველ ერს სახელმწიფოებრივი აზროვნება მოეშალა და, აქედან გამომდინარე, თავს სრულფასოვან ერად არ მიიჩნევდა, რის შედეგადაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უნარიც სრულიად წაგვრილი ჰქონდა, რაც უცილოდ ეროვნულ კატასტროფამდე მიგვიყვანდა. აი, ამ ვითარებაში, ილია ჭავჭავაძემ XIX ს-ის ბოლოს და ზვიად გამსახურდიამ ერთი საუკუნის შემდეგ, ღვთის შემწეობით შეძლეს ქართველი ერის საღათას ძილიდან გამოფხიზლება, ქართველ ხალხში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძება, ღირსების გრძნობის აღდგინება და ქრისტეს ეკლიან გზაზე დაყენება, რამაც ეროვნული გადაგვარებისა და ფიზიკური გადაშენებისაგან იხსნა ქართველი ერი. 2. წმიდა ილია მართალიც და ზვიად გამსახურდიაც საქართველოს სახელმწიფოებრივ აღდგინებას _ ქართველ ერში ქრისტიანული სარწმუნოების აღორძინებასთან აკავშირებდა და ღონეს არ იშურებდა ამ მიზნის მისაღწევად.
წმიდა ილია მართალი:
"იმ უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისი ღვთაებრივის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუნერგა გული რკინისა, გაუმძლავრა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა, შეგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება...
ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას... ქრისტეს რჯული ქართველობისათვის მარტო სარწმუნოებრივი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად პოლიტიკური ქვითკირიც იყო, საქართველოს მრავალი ნაწილების გასაერთიანებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა".
ზვიად გამსახურდია:
"სარწმუნოების აღორძინება იხსნის საქართველოს... ქართველობა გააერთიანა ქრისტიანობამ... ჩვენი მტრები დღესაც ანგარიშს უწევენ იმ გარემოებას, რომ ეკლესია მუდამ იყო და არის საქართველოს კულტურულ-ეროვნული ერთიანობის დიდი ფაქტორი... დღეს ისევ ჩვენი ტაძრები, ჩვენი წმინდა სალოცავები, ჩვენი სახარება და ეკლესია თუ გადაგვარჩენს და ღვთის ერთგულება, მისი მცნებების ერთგულება... დღევანდელი ფართო გაგებით, მართლმადიდებლობა უნდა იყოს ერის ცხოვრების საფუძველი... ეს ჩვენი ეროვნული იდეოლოგია იყო და დღესაც უნდა დარჩეს ეროვნულ იდეოლოგიად."
3. ილია ჭავჭავაძესაც და ზვიად გამსახურდიასაც უამრავი მტერი ჰყავდათ. მათი ქრისტიანულ-ეროვნული ღვაწლიდან გამომდინარე ეს არც არის გასაკვირი; საგულისხმო და ყურადსაღები ის არის, რომ მათ წინააღმდეგ საერთო მტრულ პოზიციას იკავებდნენ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ნეგატიური ძალები. ასე მაგალითად, წმიდა ილია მართლის შემთხვევაში, ერთი მხრივ მას უპირისპირდებოდა რუსეთის იმპერიის ცარისტული რეჟიმი, მეორე მხრივ კი აშკარა დაუნდობელ ბრძოლას უცხადებდა ხსენებული რეჟიმისადმი სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული სოციალისტური ტიპის პარტიების მთელი კასკადი. წმიდა ილია მართალთან მიმართებაში ეს ორი მტრული ძალა ბუნებრივად ერთიანდებოდა და ერთნაირად აგრესიული იყო. ოფიციალური რეჟიმი იმის გამო, რომ ილია ჭავჭავაძე ქართველი ერის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ჰქადაგებდა და არა მარტო ჰქადაგებდა, არამედ არგუმენტირებულად ასაბუთებდა კიდეც ქართველი ერის უფლებას დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქონებაზე, თავისი პრაქტიკული საქმიანობით სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ მიჰყავდა ქართველი ერი. ამ რეჟიმისადმი დაპირისპირებული სოციალისტური პარტიები კი იმიტომ მტრობდნენ, რომ ილია ქართველ ერს მართლმადიდებლობის ერთგულებას და ქრისტეს გზაზე სვლას უქადაგებდა, რაც ძირეულად ეწინააღმდეგებოდა მათ ღვთის-მბრძოლ იდეოლოგიას, რომლის მიზანიც ადამიანთა ღმერთისგან განყენება იყო და არის.
ზვიად გამსახურდიას შემთხვევაშიც ანალოგიურ სიტუაციას ვხვდებით. მას თანაბარი აგრესიულობით მტრობდა როგორც რუსეთის მოდერნიზებული საბჭოთა იმპერიის რეჟიმი, ისე მასთან დაპირისპირებული ე.წ. დემოკრატიული ორგანიზაციები, რომელნიც თავისი არსით ილიას დროინდელი სოციალისტური პარტიების სულიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ. ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ეს ორი ძალა გადამწყვეტ მომენტში პრაქტიკულად გაერთიანდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და ერთობლივი ძალისხმევით დაამხეს მისი ეროვნულ-ქრისტიანული მმართველობა. ზვიად გამსახურდიას შემთხვევაშიც ანალოგიური არგუმენტი შეგვიძლია გავიმეოროთ: იმპერიის ოფიციალური რეჟიმი მას მტრობდა ქართველ ხალხში ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების გამო, ხოლო "დემოკრატიულობის" საფარით შენიღბული ანტიქრისტიანული ძალები კი იმიტომ, რომ ზვიადმა ფაქტობრივად ქრისტეს ეკლესიისკენ მოაბრუნა 70-წლიანი ათეიზმის სკვარამში შთაფლული ქართველი ერი.
4. ამ ორ დიდებულ ქართლოსიანს აერთიანებს საერთო ცხოვრებისეული ხვედრი _ თავისი მშობელი ერის და ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგულების გამო ორივე დევნული იყო როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდგომ. მოკვლის შემდგომ, ილიასაც და ზვიადსაც უთხზავდნენ ათასგვარ ცილისწამებას, რათა მათი მკვლელობისათვის მორალურად გამართლებული იერი მიეკერათ.
5. ილიაც და ზვიადიც ვერაგულად მოჰკლეს ღვთისგან განმდგარი და გადაგვარებული (დენაციონალიზებული) ქართველების ხელით, რამაც ჩვენი ეროვნული ხვედრი მეტად დაამძიმა. ილიას მკვლელობას ღვთიურ სასჯელად მოჰყვა 70-წლიანი ბოლშევიკური ბოგინი საქართველოში, ხოლო ზვიადის მკვლელობის საზღაურ შედეგებს დღემდე ღვარძლად ვიმკით ქართველი ხალხი.
შენიშვნა: გარეგნული განსხვავება ილიას და ზვიადის მკვლელობებს შორის ის იყო, რომ, თუ ილია ჭავჭავაძე აშკარად მოჰკლეს, ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში თვითმკვლელობის სცენა გაითამაშეს. ეს ფაქტი იმით შეგვიძლია ავხსნათ, რომ ბოროტებამ მეთოდები დახვეწა. უკეთურმა ძალამ რეალურად დაინახა, რომ მის მიერ მოკვდინებული ერისკაცი, თუმც დაგვიანებით, მაინც შეირაცხა წმიდანად და მსგავსი ფაქტი ზვიადის მიმართ რომ არ განმეორებულიყო, თვითმკვლელობის ინსცენირება გაითამაშა. თუმცა ბოროტის ზრახვა მოკლე აღმოჩნდა, დღეს უკვე უმრავლეს ქართველთათვის (მათ შორის ზვიადთან დაპირისპირებულთათვისაც) აშკარა შეიქმნა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულ იქნა სამშობლოსა და სარწმუნოებისადმი ერთგულების გამო, ანუ მოწამეობრივად იცხოვრა და მოწამეობრივად აღესრულა.
6. როგორც ცნობილია, კომუნისტებმა მთაწმინდაზე ილიას გვერდით მისი მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი (და შესაძლოა შემსრულებელიც) ფილიპე მახარაძე დამარხეს. იმავეს უპირებდნენ ზვიადს, როდესაც სამების ლავრის ეზოში აპირებდნენ მის დამარხვას, რადგან, როგორც ცნობილია, გარდაცვალების შემდგომ იქ უნდა დაასაფლაონ მისი მკვლელობის ორგანიზატორი ედუარდ შევარდნაძე _ დამაქცევარი საქართველოსი.
7. არც ილია ჭავჭავაძე და არც ზვიად გამსახურდია მოწამეობრივად აღსრულების შემდგომ არ იქნენ აღიარებულნი წმიდანად, რის გამოც, ორივე შემთხვევაში, ქართველთა ხვედრი კიდევ უფრო მეტად დამძიმდა.
დანართი: 80 წელი (1907-1987) დასჭირდა ქართველ ხალხს, რათა გაეცნობიერებინა, თუ რას წარმოადგენდა მისთვის დიდი ილია და წმიდანად შეერაცხა იგი, რასაც ღვთიურ წყალობად მოჰყვა ქართველი ხალხის გამოღვიძება, ეროვნული მოძრაობის არნახული აღმავლობა და მისი ლოგიკური შედეგი _ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
უთუოდ უნდა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა: 16 წელი გავიდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემდგომ. კიდევ რამდენი წელიწადი დაგვჭირდება ქართველ ხალხს, რომ გავაცნობიეროთ, თუ ვინ იყო ჩვენთვის ზვიად გამსახურდია და რა პატივი ეკადრება მას ჩვენგან, რათა კვლავ დავიმსახუროთ ღვთის წყალობა, რომელიც ასე უგუნურად გავფანტეთ ერის ღირსეული ჭირის-უფლების მკვლელობის გამო...
|