|
მოსკოვში მომხდარმა აფეთქებებმა მთელი მსოფლიო შეძრა. დაიღუპა და დაშავდა ათეულობით ადამიანი. იმთავითვე გამოითქვა ეჭვი, რომ ამ ტერაქტებში კავკასიელების კვალი ერია.
თავდაპირველად გავრცელებული ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჩეჩნურმა დაჯგუფებამ აიღო, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. "კავკაზცენტრს" და დოკუ უმაროვს, რომელმაც წარსულში განაცხადა, ომი რუსეთის ქალაქებში უნდა გადავიტანოთო, ამ კონკრეტულ ტერაქტთან დაკავშირებით არაფერი განუცხადებიათ, ხოლო მოგვიანებით თავად რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.
მომხდარიდან და შემდგომ რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებებიდან გამომდინარე, საეჭვოა – ხომ არ თამაშდება წინასწარ ჩაფიქრებული სცენარი, რომლის მიხედვითაც რუსეთს საშუალება მიეცემა "წესრიგი დაამყაროს"მეზობელ, არასტაბილურ რეგიონებში? რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის გამოსვლაც, სადაც მან პირდაპირ განაცხადა ტერაქტში `ქართული კვალის" არსებობის შესახებ, თითქმის ადასტურებს ამ ეჭვს.
თუ გავიხსენებთ, რა მოვლენები უძღოდა წინ მოსკოვში ჩეჩნეთის მეორე ომს, არაფერი არ უნდა გამოირიცხოს. სრულიად შესაძლებელია, რუსულმა სპეცსამსახურებმა "იპოვონ" ქართველი "ტერორისტი", ან ის პირები, ვინც ამზადებენ ამ კონკრეტულ, ან სხვა მოსალოდნელ ტერაქტებს.
აშკარაა, რომ რუსეთს საბაბი სჭირდება მთლიანად კავკასიაში კონტროლის დასამყარებლად. დასავლეთი, მათ შორის უკვე აშშ-იც, რუსეთისგან მილსადენების მარშრუტების დაცვის გარანტიებს ითხოვს. ამის განხორციელება რუსეთს მშვიდობიანი მეთოდებით არ შეუძლია. ასე რომ, არ არის გამორიცხული, "დერჟავამ" სამხედრო ძალითაც დაამყაროს "წესრიგი" კავკასიაში, მითუმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი უგუნური პოლიტიკით ყოველნაირად უწყობს ხელს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ.
ამასობაში კი საქართველოში კვლავ აქტიურად პიარდება სააკაშვილის მიერ პროპაგანდირებული აჟიტირებული ლოზუნგი _ "რუსეთი მალე დაიშლება". დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, თავისი კრახი საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულებით, რუსეთის დაშლის და საქართველოს გაბრწყინების მითიური იმედით გადაფაროს. ამ ილუზიით კვებავს სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას, რაც მხოლოდ მის მიერ ძალაუფლების სტაბილურად შენარჩუნების მიზანს ემსახურება.
ქართველი ექსპერტის, რამაზ საყვარელიძის თქმით, "თავის დროზეც ირწმუნებოდნენ ჩეჩნები, რომ მათ ტყუილად აბრალებდნენ ძველ ტერაქტებს და ბუნებრივია, რომ ვერსია, "ეფესბეს"-ს მიერ ტერაქტების მოწყობის შესახებ, ახლაც გაჩნდებოდა.
მაშინ მოტივად დასახელებული იყო ის, რომ ამ ტერაქტებმა პუტინს ხელისუფლებისკენ გაუკაფა გზა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლაც ეცდება, რამენაირად კიდევ უფრო გაამკაცროს თავისი პოლიტიკა კავკასიაში. სრულიად შესაძლებელია, რომ საამისო როლი ამ აფეთქებებმა შეასრულოს. მითუმეტეს, რომ რუსეთს აქ ჰყავს განლაგებული ჯარი და ნებისმიერ დროს შეუძლია გაამწვავოს ვითარება ამ მიმართულებითაც".
ამასობაში კი, მთელი დასავლეთის პრესასაც აქცენტები გადააქვს იმაზე, რომ ამ ტერაქტების განხორციელებაში კავკასიელებს ედებათ ბრალი. მოსკოვში ძალოვანი სტრუქტურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. მილიცია ცდილობს როგორც სავარაუდო ეჭვმიტანილების მოძებნას, ისე ახალი ინციდენტების თავიდან აცილებას.
თუმცა ასეთი გაძლიერებული პატრულირების მიუხედავად, იმთავითვე გამოითქმება მოსაზრება, რომ შესაძლოა კავკასიელებზე სკინჰედების მხრიდან კვლავ აქტიური ნადირობა დაიწყოს. ეს საშიშროება აშკარად უკვე არსებობს. მართლაც, იმავე დღეს, "ეხო მოსკვის" ინფორმაციით, ორ კავკასიელ მუსულმან ქალს მეტროში უცნობები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. სხვა მგზავრებს და სამართალდამცველებსაც ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.
მოსკოველი ქართველი, ვასილ ნოზაძე: "დილით, როდესაც ტერაქტი მოხდა, ცენტრში დიდი საცობები შეიქმნა და გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამიტომ მომიხდა სახლში დაბრუნება და ინტერნეტით ვადევნებდი თვალყურს მოვლენებს.
მოგვიანებით კი, ვისაც ველაპარაკე, ქართველებს, ყველანი მეტად განერვიულებულები და შეიძლება ითქვას, ცოტათი შეშინებულებიც არიან მომხდარით. თუმცა აქაური ქართველები ჯერჯერობით ნორმალურ სიტუაციაში ვართ.
ჩხრეკები, როგორც წინა ტერაქტის დროს, მილიციას არ დაუწყია. არც აგრესია წამოსულა კავკასიელების მიმართ მოსახლეობისგან. თუ იმ ორი მუსულმანის ცემას არ მივიღებთ სათვალავში. ჯერჯერობით სახლიდან გასვლას ვერიდები და მეგობრებსაც მსგავსი არაფერი უთქვამთ, თუმცა შიში და ეჭვები არსებობს".
ამ ვარაუდების გარეშეც, ისედაც ცხადია, ასეთი ტერაქტები ვის წისქვილზე ასხამს ხოლმე წყალს. ნებისმიერი მსგავსი მოვლენა აძლიერებს შოვინიზმსა და ექსტრემიზმს, რასაც თავის მხრივ ემყარება ნებისმიერი დიქტატორული თუ იმპერიალისტური ხელისუფლება.
|