პარტია "ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ოპოზიციურ სპექტრს, "იშვიათი გამონაკლისების გარდა", ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ბრძოლას საყვედურობს.
როგორც ცაგარეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ოპოზიცია მთავარ სამიზნეს ასცდა და, როგორც მათ მიერ უკანასკნელი ქმედებებიდან ირკვევა, მათი მთავარი სამიზნე ხელისუფლების ნაცვლად, ირაკლი ალასანია იქცა.
მისი თქმით, ალასანიას წინააღმდეგ ბრძოლას ოპოზიციის უმეტესობა, ნებსით თუ უნებლიეთ, აწარმოებს და, სამწუხაროდ, ოპოზიციის სპექტრის უდიდესი ნაწილი პრობლემას გიგი უგულავას ნაცვლად ირაკლი ალასანიაში ხედავს.
"ამით ოპოზიცია ხელისუფლების საქმეს აკეთებს, რომელიც წინასაარჩევნოდ უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს", – განაცხადა ცაგარეიშვილმა და მაგალითად სატელევიზიო სიუჟეტებიც მოიყვანა.
მისი თქმით, "სახელისუფლო ტელევიზიები" უკვე შეეშვნენ ოპოზიციის კრიტიკას და ოპოზიციაში არსებული კინკლაობის თაობაზე არსებული სიუჟეტების შემდეგ, აჩვენებენ გიგი უგულავას, რომელიც "მშვიდად დადის ბაღებსა თუ სკოლებში" და მშვიდად და გაწონასწორებულად ატარებს საარჩევნო კამპანიას.
"იშიათი გამონაკლისების გარდა, ოპოზიცია მთავარ მიზანს ასცდა, მე ამას ვეხადავ უკანასკნელ დღეებში", – განაცხადა ცაგარეიშვილმა, თუმცა მისი ადრესატები არ დააკონკრეტა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი თავად მიხვდებიან.
გიორგი ცაგარეიშვილი ირაკლი ალასანიას ურჩევს, « ყურადღება აღარავის მიაქციოს" და ისე იმოქმედოს.
|