პოლონეთის პრეზიდენტს, ლეხ კაჩინსკის კატინის ტრაგედიის წლისთავზე ამ ტრაგედიის სიმძიმეზე, რუსი და პოლონელი ხალხების ურთიერთობაზე უნდა ესაუბრა. გამოსვლის ტექსტი, რომელიც კაჩინსკის უნდა წაეკითხა, "რია ნოვოსტიმ" გამოაქვეყნა.
პოლონეთის პრეზიდენტის გამოსვლაში აღნიშნულია, რომ 1940 წლის აპრილში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატის ციხეებიდან და ბანაკებიდან გამოყვანილი 21 ათასი პოლონელი პატიმარი დახვრიტეს. კაჩინსკი აღნიშნავდა, რომ საშინელი დანაშაული სტალინის ნებით და საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანებით ჩაიდინეს.
პოლონეთის პრეზიდენტის შეფასებით, საბჭოთა კავშირისა და მესამე რეიხის კავშირის, მოლოტოვ-რუბენტროპის პაქტისა და პოლონეთზე 1939 წლის 17 სექტმბერს თავდასხმის კულმინაცია კატინის დანაშაული გახდა. იგი ასევე აღნიშნავდა, რომ კატინში, ტვერში, ხარკოვში თუ დასჯის სხვა ადგილებში დახოცეს პოლონეთის მეორე რესპუბლიკის მოქალაქეები – ადამიანები, რომლებიც პოლონეთის სახელმწიფოს საფუძველს ქმნიდნენ.
"ამ გზაზე ყველაზე ტრაგიკული გაჩერება კატინი იყო. პოლონელი ოფიცრები, მღვდლები, მოსამსახურეები, პოლიციელები, სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები, ციხის თანამშრომლები პროცესებისა და ბრალდებების გარეშე გაანადგურეს. ისინი გამოუცხადებელი ომის მსხვერპლი გახდნენ", - აღნიშნულია კაჩინსკის გამოსვლაში.
აქვე ნათქვამია, რომ კომუნისტები და ომის შემდგომი პოლონეთი ამ დანაშაულის დაფარვას ცდილობდა და დაღუპულების ნათესავებს საჯაროდ გლოვაც კი აუკრძალეს, თუმცა ამ ადამიანებმა ახლობლების ხსოვნა დაიცვეს და მომავალ თაობებს გადასცეს. ამის გამო კაჩინსკი კატინის მსხვერპლთა ოჯახებს მადლობას უხდიდა და მათ მიმართ პატივისცემას უსვამდა ხაზს.
პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 96 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.
|