
ხალხმა ყველაფერი აპატია ოქრუაშვილს, მაგრამ არ აპატიებს ბურჯანაძეს და ნოღაიდელს სააკაშვილმა ნოღაიდელი შექმნა კარგ პოლიტიკურ საფრთხობელად, რომელიც დაარჭო პოლიტიკურ ველზე. ხელისუფლების თამაშს ნოღაიდელი უნებლიედ თამაშობს "თამაშის წესებს დღეს ხელისუფლება ადგენს. ზოგი ოპოზიციონერის როლი ნაყიდია ფულით, ზოგის_სიბრიყვით და ზოგი-გაუბედავობითა და ლაჩრობით. ოპოზიციის დიდი ნაწილი მიბმულია ხელისუფლებასთან, იკვებებიან სახელისუფლებო ფინანსური ინექციებით. მტრედებივით იცუცნებიან სააკაშვილისა და მერაბიშვილის ხელიდან" _ განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში პარლამენტარმა, გია ცაგარეიშვილმა, რომელიც ამჯერად ირაკლი ალასანიას გვერდით დგას და მიაჩნია, რომ ეს მისი საბოლოო ადგილია.
_ ადრე ჯონდი ბაღათურიას უწოდეს "კოსმოსში მოხეტიალე კომეტა". ხომ არ დაემსგავსეთ ჯონდის?
_ საერთოდ, კომეტა ცუდი არ არის, მანათობელი სხეულია. ზოგიერთივით, ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს და არ მიმაჩნია, რომ ციური სხეული ვარ. ვარ ერთი ადამიანი, რომელიც ბევრისგან განსხვავებით პოლიტიკურ შეხედულებებს არ იცვლის, თუმცა რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ მიწევს ურთიერთობა ადამიანებთან და არა რობოტებთან. როგორც ჩანს, პოლიტიკაში ფასი არ აქვს თანმიმდევრულობას და მიზანდასახულობას. იმ ადამიანებთან ერთად ვერსადროს ვიქნები, ვინც მერაბიშვილსა და სააკაშვილზე იმის მიხედვით იცვლის აზრს, როგორც დასჭირდებათ.
_ თორთლაძეს გულისხმობთ? ის მერაბიშვილს დაუტკბა?
_ რა თქმა უნდა, მე მასთან ერთად ვერ ავაშენებდი პარტიას. რაც თორთლაძე მერაბიშვილს დაუმეგობრდა, სულ აიღო ქვეყანაზე ხელი. მე ვერ ვიქნები მერაბიშვილის მეგობართან ერთ ჭერქვეშ.
_ როგორ ვერ იქნებით ერთ ჭერქვეშ? პარლამენტში არ ზიხართ ერთმანეთის პირდაპირ?
_ გამარჯობასაც არ ვეუბნები, მერე რა, რომ ერთმანეთის წინ კაბინეტები გვაქვს? არც მექნება საერთო არასდროს მასთან. ის პარლამენტარი გახდა აზვირთებული, გადარეული ხალხის ხარჯზე და მერე სააკაშვილის უბეში გადავარდა. ერთადერთი, რომელიც მართლა განსხვავებული ფენომენი იყო, ირაკლი ოქრუაშვილია. როცა ის ჩამოვა, თუ მოისურვებს, გაარკვიოს რა ხდებოდა მის პარტიაში, კარგი იქნება. შეიძლება, მის გვერდით მეც აღმოვჩნდე.
_ ფიქრობთ, რომ ოქრუაშვილის გუნდი ეკა ბესელიამ დაშალა?
_ არა მარტო ეკამ, სხვა ქალბატონებმაც. გული მწყდება, რომ ოქრუაშვილი არ არის ჩართული ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც მაგალითად, ბურჯანაძე. რატომ უნდა იყოს ირაკლი გადახვეწილი და რატომ უნდა აქტიურობდნენ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები ასე? ირაკლიმ იმაზე მეტი გაბედა, ვიდრე ბურჯანაძე და ნოღაიდელი ერთად ბედავენ ახლა.
_ მაგრამ აშკარაა, რომ ოქრუაშვილმა უკან დაიხია...
_ დაიხია იმიტომ, რომ ემუქრებოდნენ მის ოჯახს. არავინ იცის, როგორ მოიქცევა ადამიანი საპყრობილეში, რომელსაც ემუქრებიან, რომ ოთხი წლის შვილს მოუკლავენ. ტალახის სროლა ადვილია. ბევრი ლაჩარი მინახავს, კატასავით რომ კნავის მიტინგებზე, ლიდერებს რომ მოუწოდებს, მიდით ბიჭებოო და პირველივე წინააღმდეგობაზე რომ უკანმოუხედავად გაჰქუსლავს სახლში. ერთი ხომ ცხადია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ყველაზე დიდი მძლავრი ტალღა მან ააგორა და მეტიც, მან თავისი ნამოქმედარით გამოისყიდა ყველა ის ცოდვა, რაც ჩადენილი ჰქონდა მაშინ, როცა მაღალი თანამდებობა ეკავა.
_ საუბრობენ, რომ შესაძლოა გათამაშდეს სცენარი _ "ოქრუაშვილი-2" . დაიჭერენ ნოღაიდელს?
_ მეეჭვება, მაგრამ ის, რაც ჰქონდა ოქრუაშვილს, აკლია ორივეს. ესაა სიმართლე. რადიკალიზმი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მართალს ამბობენ. ნოღაიდელმა და ბურჯანაძემ ბევრი იციან ჟვანიას მკვლელობაზე, უტყუარი დოკუმენტები აქვთ, მაგრამ არ ამბობენ. დიდძალი ფული რომ თეთრდებოდა საქართველოში, რატომ არ ამბობს ნოღაიდელი. რატომ არ ამხელს ბურჯანაძე, ათობით მზაკვრულ კანონს რომ იღებდა პარლამენტი მისი თავმჯდომარეობის პირობებში? გაიძახიან, პირი არ მოვაღოთო... მოაღონ მერე და თქვან, რა აქვთ სათქმელი. რას აშინებენ ხელისუფლებას? მაგრამ აქვთ კი რაიმე სათქმელი? ამიტომაც ვერ მოიპოვეს საზოგადოებაში მათ ნდობა ირაკლისგან განსხვავებით. ხალხმა ყველაფერი აპატია ოქრუაშვილს, მაგრამ არ აპატიებენ ბურჯანაძეს და ნოღაიდელს. სააკაშვილს ნოღაიდელის არ ეშინია, მედვედევის და პუტინის ეშინია. თქვენ გახსოვთ, რამდენჯერ გაიმეორა, პუტინი დამემუქრა, ერთი ადგილით დაგკიდებო. ეს იმას ნიშნავს, რომ ვანო და გიგა რომ არ ჰყავდეს, წასულია მისი საქმე. ისე ეშინია რუსეთის, რომ იძულებულია, აიტანოს ნოღაიდელი, თორემ კარგად იცნობს მას მიშა, მთელი 15 წელი ერთად იყვნენ და რისი გამკეთებელია, არ იცის?
_ იმასაც რომ ამბობენ, ნოღაიდელი სააკაშვილის პროექტიაო?
_ სააკაშვილმა ნოღაიდელი შექმნა კარგ პოლიტიკურ საფრთხობელად, რომელიც დაარჭო პოლიტიკურ ველზე. ხელისუფლების თამაშს ნოღაიდელი უნებლიედ თამაშობს.
_ მოარული ხმები იმის შესახებ, რომ უმრავლესობაში გახეთქილებაა, სიმართლეა?
_ არა მგონია. აქ, პარლამენტში არიან ადამიანები, რომელთაც არც სააკაშვილი ადარდებთ და არც საქართველოს ბედი. მთელი წელი ხმას არ გაიღებენ და ხელფასს აიღებენ _ აი, მათი მთავარი მოტივაცია. ბევრი მერაბიშვილმა ყურით შემოათრია აქ, თუ არ შეხვალ პარლამენტში, ბიზნესს ჩამოგართმევო. მსოფლიოში ასეთი პრეცენტენტი არ ყოფილა, უნიკალური ქართული მოვლენაა, როცა პარლამეტში როზგის ქვეშ გაიძულებენ შეხვიდე და იმუშავო მაღალ ხელფასზე.
_ ალასანიას გვერდით როგორ აღმოჩნდით?
_ ალასანიას დიდი შანსი აქვს შეცვალოს პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში. მოუწია ეკლიანი გზის გავლა და კიდევ უარესი ელოდება წინ. მას გარემო ისეთი დამძიმებული დახვდა, რომ გამარჯვება ძალიან გაუჭირდება, მაგრამ ის უნიკალური ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ძილს დაუფრთობს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ოპოზიციაში ამგვარი ფიგურის დამკვიდრება ნიშნავს იმას, რომ ბევრ ოპოზიციონერს უკან დახევა მოუწევს. ხელისუფლებამ კი უკვე გაუმზადა ადგილები ოპოზიციის ლიდერებს.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ თამაშის წესებს დღეს ხელისუფლება ადგენს, ტყუილად ჰგონია ოპოზიციას, რომ ის წინააღმდეგობის მექანიზმს კარგად ფლობს. ზოგი ოპოზიციონერის როლი ნაყიდია ფულით, ზოგის_სიბრიყვით და ზოგი-გაუბედავობითა და ლაჩრობით. ოპოზიციის დიდი ნაწილი მიბმულია ხელისუფლებასთან, იკვებებიან სახელისუფლებო ფინანსური ინექციებით. საუბარია წილებზე, ინტერესებზე... მტრედებივით იცუცნებიან სააკაშვილისა და მერაბიშვილის ხელიდან.
|