|
ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია კვლავინდებურად უკიდურესად დაძაბულია. რითია ეს გამოწვეული, როგორია ჩრდილოკავკასიელთა და რუსების დამოკიდებულება ქართველების მიმართ, ამ და სხვა საკითხებზე "ჯორჯიან თაიმსს" ჟურნალ რუსული Newsweek-ის მიმომხილველი ორხან ჯემალი ესაუბრა.
_ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიაში განსაკუთრებული დაძაბულობა დაღესტანშია. რა არის მიზეზი?
_ დაღესტანში უკვე დიდი ხანია, რაც ასეთი მდგომარეობაა. რამდენიმე წელია უკვე, რაც იქაურობა შფოთავს. იქ დაპირისპირებაა ტრადიციული რელიგიის მომხრეებს, რომლებსაც შსს და ხელისუფლება უჭერს მხარს და მათ მოწინააღმდეგეებს, ვაჰაბიტებს შორის. ეს უკანასკნელნი, შეიძლება ითქვას, მტრებად იწოდებიან, რომლებსაც რუსეთის დანგრევა სურთ. ისინი დაღესტნის კანონმდებლობით ისჯებიან. სწორედ მათ შორის მიმდინარეობს დაპირისპირება და იღუპება ხალხი.
_ მოსკოვის მეტროსადგურებში მომხდარ ტერაქტებში მონაწილე ორივე თვითმკვლელი ქალი დაღესტნელია. მათთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. მაინც რა მოხდა სინამდვილეში, თუ არის თქვენთვის ცნობილი?
_ ეს მართლაც იდუმალებით მოცული ისტორიაა.
_ ერთ-ერთი თვითმკვლელის, მარიამ შაპიროვას შესახებ ინფორმაციას რომ გავეცანით, მართლაც გაგვიკვირდა, ასეთ ადამიანს მსგავს რამეზე ხელი მოეწერა.
_ მართლაც და, ეს ქალი ისეთია, ვერცერთი კრიტერიუმით ამ როლისთვის ვერ გამოდგება. ახლა ირკვევა, რომ არც მას და არც მეორე ქალს შაჰიდის ქამარი არ ეკეთათ და ნაღმები ჩანთებში ედოთ. ასე რომ, გამორიცხული არ არის, არც მათ სცოდნოდათ, რომ თავად ისინიც აფეთქდებოდნენ. მათ ჩანთაში შეიძლებოდა რაღაც ნივთი ჰქონოდათ, რომელიც დისტანციური მართვის პულტით ფეთქდებოდა. შეიძლებოდა მათთვის ვინმეს ეთხოვა და ნივთი, ვთქვათ, რომელიღაც ნათესავისთვის გადასაცემად გაეტანებინათ. მათაც, ალბათ, ასე ეგონათ. შემდეგ უკვე ხდება აფეთქება. მსგავსი რამ ნებისმიერს შეიძლებოდა დამართოდა.
_ ვის შეეძლო ეს მოეწყო?
_ ნებისმიერს. ამის მოწყობა ადგილობრივ პარტიზანებსაც შეეძლოთ, რომელთა შორისაც ერთობა ნამდვილად არ არის. ასევე შეეძლო გაეკეთებინა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. თუმცა, ეს ყველაფერი დასადგენია. ასე რომ, ნებისმიერს შეეძლო ამის გაკეთება.
_ თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა დოკუ უმაროვმა აიღო. რატომ?
_ მართალია, ყოველივე ამაზე პასუხისმგებლობა დოკუ უმაროვმა აიღო. სხვათა შორის, თავის დროზე, თუ სადმე რამე გაჩხაკუნდებოდა, მასზე პასუხისმგებლობას სალმან რადუევი იღებდა. შესაძლოა, უმაროვიც ასე მოიქცა, ან ვინმემ სთხოვა მას ეს საკუთარ თავზე აეღო. სინამდვილეში როგორ იყო, ყოველ შემთხვევაში, გაურკვეველია. ამიტომ ამ საკითხში სრული გაუგებრობაა.
_ ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, როგორ აღმოჩნდა ისეთ მცირე დროში იქ მარიამ შარიპოვა. მართლა გაიტაცეს და სპეცრეისით გადააფრინეს?
_ სამართალდამცველები, ჯერჯერობით, ასე ამბობენ, თითქოს 28 რიცხვში, მშობლების მტკიცებით, იგი მახაჭკალაში იყოფებოდა, არასწორიაო. მშობლებს მართლაც არ ჰყავთ დამოუკიდებელი მოწმე, ვინც ამ ინფორმაციას დაადასტურებდა. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მეზობლები ამბობენ, თითქოს მანამდე დედამისი მას დაეძებდა და კითხულობდა, ხომ არ გინახავთ მარიამიო. სინამდვილეში, ესეც არაფრის მთქმელია, რადგანაც ამ გოგოს შეეძლო მეზობელ ქუჩაზე გასულიყო, დედას ეს არ სცოდნოდა და ეკითხა ამის შესახებ.
რაც შეეხება აფეთქებას, ეს ჩანაფიქრი, რომ აფეთქდებოდნენ, ამ ქალებს შეიძლება მართლაც არც სცოდნოდათ. აქაც ისეთივე გაურკვევლობაა, როგორც შარიპოვას დაკარგვის შემთხვევაში. ერთადერთი, რაც ცნობილია, ისაა, რომ მათ შაჰიდის ქამრები არ ჰქონდათ.
_ როგორია ჩრდილოეთ კავკასიელებისა და რუსების დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველების მიმართ?
_ ამ კითხვაზე შემდეგნაირად გიპასუხებთ. მიუხედავად იმ პროპაგანდისტული მანქანის მუშაობისა, რაც მიმდინარეობს, რუსეთში უბრალო ხალხს ყოფით დონეზე ქართველების მიმართ სიძულვილი არ ამოძრავებს. პირიქით, პატივს სცემენ. ეს ნამდვილად ასეა. თუმცა ასე სააკაშვილზე ნამდვილად არ ითქმის. აი, ასეთი ვითარებაა.
|