
"ამ არჩევნებში ირაკლი ალასანიას კონკურენტი გიგი უგულავა კი არა, მერაბიშვილი და სააკაშვილია"
სკანდალმა, "ქრონიკის" იმიტირებული გამოშვების შესახებ, შესაძლოა საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვიოს. "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გუპის" გენერალურ დირექტორის და ტელეკომპანია "იმედის" საინფრომაციო სამსახურის უფროსის სატელეფონო ჩანაწერი, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერთა დაკვეთით, ბრიტანელმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს. ტექნიკური და ლინგვისტური ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი არველაძის და ეკა წამალაშვილის ჩანაწერი ნამდვილია და არა ფაბრიკაცია, როგორც ამას საუბრის მონაწილენი ან ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ. დავით გამყრელიძის განცხადებით, "ალიანსმა" ბრიტანელ ექსპერტებს მას შემდეგ მიმართა, რაც სიმართლის გარკვევით არც პროკურატურა და არც ვიდეოჩანაწერის საუბრის მონაწილენი არ დაინტერესდნენ.
_ ექსპერტიზამ, რომელიც თქვენი ინიციატივით ჩატარდა დადო დასკვნა, რომ არველაძე-წამალაშვილის სატელეფონო საუბარი ნამდვილია. როგორ შეიძლება აისახოს ეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?
_ პროგნოზებისგან და იმის თქმისგან, რომ ამას რაიმე ტიპის რევოლუცია მოყვება, თავს შევიკავებ. მაგრამ, ვფიქრობ, საზოგადოების გამოფხიზლებისთვის მნიშვნელოვანია იქნება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ქვეყანაში შექმნა ვითარება, როდესაც საზოგადოება ფაქტობრივად ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობს, ყველაფერს მიეჩვია და იქამდე მივედით, ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი რომ გამოუცხადოს, მას შეიძლება რეაქციაც არ ჰქონდეს. ექსპერტიზის დასკვნამ, ეჭვი, რომ "ქრონიკის" მოდელირებული გამოშვება სააკაშვილის ინიციატივით მომზადდა, დაადასტურა.
_ აპირებთ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, თუ ამ ეტაპზე აქცენტს მაინც საარჩევნო კამპანიაზე გააკეთებთ?
_ კამპანიას რა თქმა უნდა გავაგრძელებთ. მაგრამ არც ისეთ თემებს წავუყრუებთ როგორიც ქვეყნის უსაფრთხოება ან, პრეზიდენტის დანაშაულებრივი ქმედებაა. საარჩევნო კამპანია მხოლოდ ჩვენი დაპირებების გახმოვანებას კი არა საზოგადოებისთვის სიმართლის თქმას და თვალის ახელასაც გულისხმობს.
_ პროკურატურას, პარლამენტს და სასამართლოს მიმართვა გაუგზავნეთ. თან ამბობთ, რომ მათ ხელისუფლება აკონტროლებს. რა შედეგს ელით?
_ ამის მიუხედავად, შედეგის მიღწევას მხოლოდ სამართლებრივი გზით შევეცდებით. მითუმეტეს, რომ ხელში დამოუკიდებელი და კომპეტეტნური დასკვნა გვიჭირავს. ამ ჩანაწერის გმირებს და მასში მოხსენიებულ პირებს, სერიოზული თავის მართლება მოუწევთ და ეს საქმე ბოლომდე აუცილებლად მივა.
_ რა გამოხმაურება შეიძლება მოყვეს ამ ფაქტს დასავლეთში?
_ ბუნებრივია, ეს დასკვნა საერთაშორისო მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩება. მითუმეტეს, რომ დასავლეთში, ევროპასა და ამერიკაშიც სააკაშვილის მიმართ არანაირი სიმპათია აღარ არსებობს. ეს თვალსაჩინოა ამერიკის ამჟამინდელი ელჩის განცხადებებიდანაც. ბატონმა ბასმა „იმიტირებულ ქრონიკა“ გააკრიტიკა და ღია ეთერით განაცხადა, რომ ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. მანმადე, ამერიკის ელჩს ხელისუფლება ღიად არასოდეს გაუკრიტიკებია.
_ არჩევნებზე დიდი იმედებს ამყარებთ, თუმცა ხელისუფლებამ, 64%-ით საკუთარი გამარჯვება უკვე დაანონსა?
– ბევრი ხელისუფლება მინახავს, ასე თვითდაჯერებით რომ საუბრობდა, შემდეგ კი, ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგა. ამ არჩევნებში ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა არა მერაბიშვილის გზავნილები, არამედ არჩევნებისადმი საზოგადოების ნიჰილიზმია. ჩვენ ამომრჩეველი არჩევნების უალტერნატივობაში უნდა დავარწმუნოთ. მაგრამ ცვლილება არ უნდა მოხდეს პრინციპით - ოღონდ სააკაშვილი და უგულავა არა და, ვინც გინდა იყოს. ჩვენი სურვილია, ხალხმა „ალიანსის“ კანდიდატებში უკეთესობისკენ ცვლილების ძალა დაინახოს. რაც სტაბილურობას, დასაქმებას, უზრუნველყოფილ სიბერეს, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას გულისხმობს. თუ ეს შევძელით, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, ხელისუფლება შედეგებს მასობრივად ვეღარ გააყალბებს.
_ არჩევენებამდე ერთი თვის ადრე თქვენს შანებს როგორ შეაფასებთ?
– მწამს, დარჩენილი დრო საკმარისია, ამომრჩეველს დავანახოთ, რითი სჯობს ირაკლი ალასანია _ გიგი უგულავას და "ალიანსი" „ნაციონალურ მოძრაობას". ამ არჩევნებში ირაკლი ალასანიას კონკურენტი გიგი უგულავა კი არა, არამედ, მერაბიშვილი და სააკაშვილია. კარდა ხედავთ რა რესურსს განკარგავს ხელისუფლება და მისი ხელშეწყობით გიგი უგულავაც. როგორ ცდილობს მათ მიერ კონტროლირებადი მედია დაავიწყოს საზოგადოებას უგულავას როლი იმავე აგვისტოს ომში. დაავიწყოს, რომ ამ ადამიანის მოვალეობა თითოეული თბილისელის უფლების დაცვა იყო და სინამდვილეში მთელი ამ ხნის განმავლობაში რით იყო დაკავებული.
_ ოპოზიციის ნაწილი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში აჯანყებით იმუქრება, თქვენ რას იზამთ?
– "ალიანსი" არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც აჯანყების იდეას მოიწონებს. ჩვენ არასდროს ვეძებთ მიზეზს, რომ სიტუაცია ხელოვნურად დავძაბოთ. არჩევანს ხელისუფლების სასარგებლოდ თუ გააკეთებს, ეს საზოგადოებას მძიმე შედეგს მოუტანს. მაგარამ ხალხის არჩევანი ასეთი იქნება და ჩვენ აჯანყებას არ დავიწყებთ,
_ ანუ, მოპოვებული ხმებს არ დაიცავთ?
_ თუ დავინახავთ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს „ალიანსს“, ჩვენს გამარჯვებას არავის ვაჩუქებთ და მათ დაცვას ხალხთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად შევეცდებით. ხელისუფელამ უნდა იცოდეს, რომ გაყალების შემთხვევაში ჩვენ ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობაზე საუბარს კი არ დავიწყებთ, არამედ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს მოვითხოვთ.
|