|
ერთსქესიანთა ქორწინება და გეიაღლუმების დრო საქართველოში არასდროს მოვა
სააკაშვილმა მთელი საქართველო მძევლად აიყვანა
ნოღაიდელს და ბურჯანაძეს იმდენი რამ აქვთ "მიქარული", რომ აღარ იციან, რა გააკეთონ
"სააკაშვილი რომ მახსენდება, ვამბობ, ფუი, ეშმაკსთქო" _ განუცხადა "ჯორჯიან თაიმსს" ლუიზა შაკიაშვილმა. რას ნანობს ყოფილი პარლამენტარი და რისი იმედი აქვს, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
_ შალვა ნათელაშვილის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი რისი მომცემია?
_ მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი გამართლებულია. ხელისუფლება ცდილობს, ყველას დაანახოს, რომ მრავალპარტიული არჩევნები ტარდება, ამიტომ თავის სატელიტურ ორგანიზაციებსაც აამუშავებს. შალვას ნაბიჯი რომ ყველას გაეზიარებინა, ქვეყნისთვის აჯობებდა. აღარ ბნელა საქართველოში, ისეთი დრო დადგა, რომ ყველა ვხედავთ, ვინაა სატელიტი და ვინ ნამდვილი ოპოზიცია. თუ არჩევნებს ყველა ბოიკოტს გამოუცხადებდა, "ნაციონალები" მარტო დარჩებოდნენ და ვერ გამართავდნენ მასკარადს.
_ ოპოზიციის ნაწილი ერთი ლიდერის მომხრეა, მაგრამ ყველას ლიდერობა უნდა საქართველოში...
_ ფაქტია, რომ ერთი კანდიდატის შერჩევა სჯობდა, ოპოზიციას გამარჯვების მოსაპოვებლად უფრო მეტი შანსი დარჩებოდა. ხალხსაც მეტი იმედი გაუჩნდებოდა. ახლა მართლა არ ვიცი, ოპოზიცია რას გააკეთებს.
_ ვინ ან რა უშლის ხელს ოპოზიციის ერთიანობას?
_ ის, ვინც ჩუმ-ჩუმად სააკაშვილთან დაძვრება, ხან რესტორანში ეჩურჩულება, ხან აგარაკზე.
_ გაჩეჩილაძის გჯერათ?
_ რომლის?
_ რა მნიშვნელობა აქვს, ძმები არიან..
_ სწორედ ამიტომ ვიკითხე, ერთის მჯერა, მეორის _ ნაკლებად. მგონია, რომ არცერთის არ უნდა სჯეროდეს ქართველ კაცს.
_ აბა, ვისი გჯერათ?
_ მჯერა შალვა ნათელაშვილის, მალხაზ გულაშვილის, ლაშა ნადარეიშვილის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში დადის, ზვიად ძიძიგურის მჯერა. ეროვნული მოძრაობიდან წამოსული კაცია.
_ რუსეთში წასვლა ქვეყნის ღალატია?
_ არავითარ შემთხვევაში არაა ის მოღალატე, ვინც რუსეთში მიდის და ადამიანებს ელაპარაკება. ეს არის ტრივიალური მიდგომა. ვინც ამას ამბობს, ის ვერ არის თავის მატორზე და ცოტა "ურიკინებს", ან თავად არის რუსეთის აგენტი და სხვის დავალებებს ასრულებს. ამ ხელისუფლების მიერ ვინ რად აღიქმება, სულ არ მაინტერესებს. სამაგიეროდ, თვითონ სააკაშვილი რუსეთის აგენტიცაა და ამერიკისაც. ორმაგი აგენტია.
სააკაშვილმა ყველაფერი გაყიდა რუსებზე-ეს ერთი დასტური მისი რუსეთის აგენტობისა, ხოლო ამერიკა და რუსეთი რომ შეთანხმებულად მოქმედებენ, ეს ნათელია. სააკაშვილი ორივეს ხელში მარიონეტია და ორივე სახელმწიფოს დავალებას ასრულებს. ეგაა დემოკრატიის შუქურა? მაგას ეუბნებიან, ჩემპიონი ხარ დემოკრატიის დამყარების საკითხშიო? წყალს წაუღია ასეთი ამერიკა, ასეთ ფსიქოფატს რომ წაახალისებს.
_ ამ "ფსიქოპატობის" გამო მას თავისი გუნდის მძევალს უწოდებენ...
_ ეგ არავის მძევალი არაა. სააკაშვილმა თავად აიყვანა საქართველო მძევლად.
_ ნოღაიდელი და ბურჯანაძე ვისი 'მძევლები" არიან?
_ ვერ დავდებ თავს, რომ განსაკუთრებული თავშეწირვით იბრძოლებენ სააკაშვილის წინააღმდეგ. იმდენი რამ აქვთ "მიქარული", რომ აღარ იციან, რა გააკეთონ ახლა, რომ თავი წარმოაჩინონ.
_ რა გააკეთონ, რომ თქვენი სიმპათია დაიმსახურონ?
_ ვერაფერს გააკეთებენ. ეგენი ვერ გახდებიან ეროვნული გმირები.
_ სააკაშვილიც ეროვნული გმირი გეგონათ ერთ დროს...
_ ვწყევლი იმ დღეს, მისი რომ მჯეროდა და არჩევნებში ხმა მივეცი. ისე შევცდი, რომ ხალხს ბოდიში მოვუხადე და ვაღიარე, რომ ასეთ შეცდომას როცა ადამიანი უშვებს, როგორიც მე დავუშვი სააკაშვილისადმი რწმენის გამო, პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ აქვს-თქო.
_ რა არის შეცდომა, რომელსაც არასდროს აპატიებთ სააკაშვილს?
_ სააკაშვილს შეცდომები არ დაუშვია, სააკაშვილი ქვეყნის მოღალატეა. ფსიქიკურად შეშლილია, მისი საქციელი ამაზე ნათლად მეტყველებს. აბა, 13 მარტის "ქრონიკა", ჭკუათმყოფი კაცის ნამოქმედარია? იმდენს რომ ვერ მიხვდება ქვეყნის პრეზიდენტი, რა შეიძლება ასეთმა საქციელმა გამოიწვიოს, არ აქვს უფლება, იყოს ქვეყნის სათავეში. გიჟები გაიძახიან, თამარ მეფე ვარო, დავით აღმაშენებელი ვარო. სააკაშვილიც გაიძახის, აღმაშენებელი ვარო, გიჟი არ ყოფილა? მთელი საქართველო გავხდით სააკაშვილის მძევლები იმის გამო, რომ ეგ გიჟი მოვიყვანეთ ხელისუფლებაში. კარგად ასრულებს ორი მონსტრის დავალებას..
პარტიისკენ გახედვა არ მინდოდა, მაგრამ მალხაზ გულაშვილის მოძრაობის მთავარი პრინციპი მართლმადიდებლობის დაცვაა, დღევანდლამდე რწმენამ მოგვიყვანა და გულაშვილმა ეს კარგად გაითავისა. კაცი, რომელიც ასეთ რამეს შექმნის და მერე აგენტს უწოდებ, თავად ხარ უვარგისი და აგენტი. რა ხალხი გაერთიანებულა ამ მოძრაობაში, გადავირიე, რომ გავიგე. ნანა დევდარიანი საქართველოს ყოფილი პარტრიარქის შვილიშვილია და სადაც ის გაერთიანდება, იმ მოძრაობას როგორ არ უნდა ენდო? ჩემი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხშირად ვერ ვესწრები შეკრებებს, მაგრამ სოლიდარობას ვუცხადებ და თანამოზიარე ვარ.
_ რამდენად შესაძლებელია ჩიხიდან ქვეყნის გამოყვანა ახალი პოლიტიკური გაერთიანებების ჩამოყალიბებით?
_ შესაძლებელია, მთავარია ერთნაირად მოაზროვნე ხალხის ერთად დგომა. საქართველო გადარჩება, თუ რწმენა გვექნება, სახალხო მართლმადიდებლური გზით ვიაროთ და ყველაფერი კარგად იქნება. ერთსქესიანთა ქორწინება და გეიაღლუმების დრო საქართველოში არასდროს არ მოვა. სააკაშვილისნაირები მოდიან და მიდიან. სააკაშვილი რომ მახსენდება, ვამბობ, ფუი, ეშმაკს_თქო. ეგ ვერ მოგვერევა, თუ ერთად ვიქნებით.
|