|
ლავრენტი ბერიას საქმიანობასა და მოღვაწეობაზე მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება. ბევრი მას საბჭოთა რეპრესისების მთავარ შემოქმედად მიიჩნევს. თუმცა, არის კატეგორისა, რომელიც პირიქით, "ენკავედეს" ტერორის დასრულებას სწორედ მის სახელს უკავშირებს. ამ მხრივ საინტერესოა "ნოვაია გაზეტაში" გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც მითითებულია, რომ იაგოდა-ეჟოვის მიერ დაქოქილი ბოლშევიკური რეპრესიული მანქანა სწორედ ბერიას მოსკოვში გადაყვანის შემდეგ იქნა შეჩერებული.
საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი, ლავრენტი ბერია 1938 წლის 22 აგვისტოს "ენკავედეს" შეფის, ნიკოლაი ეჟოვის პირველ მოადგილედ ინიშნება. ერთი დღით ადრე კი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მეორე სესიამ მუშაობა დაასრულა და როგორც მისი პრეზიდიუმის წევრი ლავრენტი ბერია ამ დროს ჯერ კიდევ მოსკოვში იმყოფებოდა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, 22 აგვისტოს საღამოს, იგი ეჟოვმა "ლუბიანკაზე" ("ენკავედე" იქ იყო განთავსებული, _ ავტ.) მიიღო. თუმცა ბერიას სასწრაფოდ თბილისში მოუხდა დაბრუნება, რადგანაც ფორმალობა მოითხოვდა, რომ საქართველოს ცკ-ს პირველი მდივნობიდან პლენუმს გაენთავისუფლებინა და საქმეები მონაცვლისთვის გადაებარებინა.
პლენუმი 31 აგვისტოს გაიმართა და სექტემბრის დასაწყისში ბერია უკვე მოსკოვშია. მანამდე კი საქართველოში ყოფნის ბოლო დღეები საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა. შეარჩია ჩეკისტთა ის კადრები, ვინც "ლუბიანკაზე", ახალ თანამდებობაზე მუშაობისას გამოადგებოდა. 4 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში ბერია ეჟოვის კაბინეტშია და იქ საღამომდე დარჩა. უნდა აღინიშნოს, რომ ბერიას დანიშვნამ ეს უკანასკნელი მორალურად გატეხა.
სასმელის მტერი ეჟოვი არასოდეს ყოფილა და ბერიას პირველ მოადგილედ დანიშვნის შემდეგ იგი ბახუსს კიდევ უფრო დაუმეგობრდა. 25 აგვისტოს შორეული აღმოსავლეთიდან დაბრუნებულ მიხეილ ფრინოვსკის, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად "ენკავედეს" "ნარკომის" პირველ მოადგილედ ითვლებოდა, ეჟოვი პანიკაში დახვდა. "მე ეჟოვი ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს. იგი ამბობდა: "საქმე ძალიან ცუდადაა" და მაშინვე მითხრა, რომ ბერია "ენკავედეში" მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დაინიშნა".
22 აგვისტოდან დაწყებული 4 სექტემბრით დასრულებული ეჟოვი და მისი გარემოცვა მანამდე დაპატიმრებული ჩეკისტების საქმეების გაფორმებაზე გამალებით მუშაობდნენ. ისინი ბერიას ხელში არ უნდა ჩავარდნოდა. ვერავინ იძლეოდა იმის გარანტიას, თუ მათ ბერია დაკითხავდა, ისინი ეჟოვის საწინააღდეგო ჩვენებას არ მისცემდნენ. ამიტომ დაპატიმრებულები 29 აგვისტოს მასობრივად დახვრიტეს.
ეჟოვი ცდილობდა ბერიას გავლენა "ენკავედეში" რამენაირად შეეზღუდა, მეორე მოადგილედ ბერიას არაკეთილმოსურნე სტანისლავ რედენსი დაენიშნა და "ენკავედეს' კოლეგიალური ხელმძღვანელობა აეღორძინებინა. თუმცა, უკვე დაგვიანებული უკვე. ბერიამ ყველაფერი სწრაფად ხელში აიღო და ისეთი წესრგი დაამყარა, რომ ცეკაში და პერიფერიაში გასაგზავნ "ენკევედეს" ყველა დოკუმენტაციაზე მისი და დამატებით ეჟოვის ხელმოწერა უნდა ყოფილიყო.
შეთავსებით ბერია სათავეში ჩაუდგა უმნიშვნელოვანეს "ენკავედეს" პირველ სამმართველოსაც (სახელმწიფო უშუშროება), რაც სტალინმა მაშინვე დაამტკიცა. ახალი სტრუქტურა _ ახალი ვაკანსიები. "ენკავედეს" აპარატში წმენდა და ეჟოვის გარემოცვის დაპატიმრებები იწყება.
სრულდებოდა დიდი ტერორი. 1938 წელს პოლიტბიურომ სპეციალურად ჩამოყალიბებულ კომისისას ცეკას, "სოვნარკომის" და "ენკავედეს" სახელით დაავალა 10 დღეში მოემზადებინა დოკუმენტის პროექტი "დაპატიმრებათა ჩატარების ახალი წესის, საპროკურორო ზედამხედველობისა და გამოძიებების ჩატარების შესახებ". კომისიის ხელმძღვანელად ეჟოვი დაინიშნა. მის შემადგენლობაში კი შევიდნენ ბერია, ცეკას პარტიული ორგანოების ხელმძღვანელთა განყოფილების გამგე გიორგი მალენკოვი, პროკურორი ანდრეი ვიშინსკი და იუსტიციის ნარკომი რიჩკოვი.
კომისიამ ეჟოვის კაბინეტში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა. შედეგად მომზადებულიქნა სკპ(ბ) ცეკასა და სსრკ "სოვნარკომის" დადგენილება "დაპატიმრებათა ჩატარების ახალი წესის, საპროკურორო ზედამხედველობისა და გამოძიებების ჩატარების შესახებ", რომელმაც ბოლო მოუღო ე.წ. "ენკავედეს" მასობრივ ოპერაციებს. 1938 წლის 17 ნოემბერს დადგენილება პოლიტბიუროზე დამტკიცდა. ასე რომ ეჟოვი, რომელმაც ქვეყანაში მასობრივ მკვლლობებს დაუდო სათავე, იძულებული გახდა ტერორის შესაჩერებლად ღონისძიებები თავადვე შეემუშავებინა.
დადგენილებაში მთლიანობაში "ენკავედეს" მიერ 1937-1938 წლებში ჩატარებული ოპერაციები მაინც დადებითად შეფასდა. თუმცა აღინიშნა, რომ "გამოძიებებისა და სასამართლოების გამარტივებამ" "ენკავედესა" და პროკურატურის მუშაობაში "უმძიმესი შეცდომები და გადახრები გამოიწვია". დადგენილებით მასობრივი ოპერაციების ჩატარება იკრძლებოდა, ლიკვიდირებულიქნა "ტროიკები" და დაკავების ოპერაციის ყველა პროცედურაზე საპროკურორო ზედამხედველობა მყარდებოდა.
ეს დადგენილება ეჟოვისა და "ენკავედეს" ზედა ეშელონებისათვის სასიკვდილო დარტყმა გახლდათ. დიდი ტერორის მანძილზე 1,5 მილიონ კაცზე მეტი დააპატიმრეს, რომელთაგან 1 მილიონ 344 ათასი გაასამართლეს, მათგან თითქმის 700 ათასი დახვირტეს. ბერიას დროს დაწყებული საქმის გადახედვის დროს სხვადასხვა მონაცემებით დაახლოებით 100-დან 150 ათასამდე კაცი გაამართლეს. ძირითადად იმათ ხარჯზე, ვისი გასამართლებაც 1938 წლის 17 ნოემბრამდე, ანუ დიდი ტერორის დასრულებამდე, ვერ მოასწრეს. მხოლოდ 1939 წელს საქმის შეწყვეტის გამო 83 ათასი კაცი გაანთავისუფლეს.
"ენკავედეს" ცენტრალურ აპარატში ბერიას დანიშვნის წინ და შემდეგ დაპატიმრებათა ტალღა შეწყდა. ეჟოვი და მთელი მისი გარემოცვა, ზედა ეშელონი აიყვანეს. "ენკავედეს" რეგიონალური ხელმძღვანელები კი ბერიას უბრალოდ პარტიებად აჰყავდა. ამის შესახებ 1953 წელს წელს დაკითხვაზე მერკულოვმა განაცხადა. მოსკოვში გამოიძახეს "ენკავედეს" რეგიონალურ ხელმძღვანელთა ჯგუფი (15-დან 20 კაცამდე), "ყველა მათგანი სათითაოდ "ნარკომის" კაბინეტის მისაღებში გაჰყავდათ და იქვე აპატიმრებდნენ". როგორც მერკულოვმა განმარტა, "ოპერაცია ბერიას მიერ იქნა ჩატარებული".
ცხადია, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბერიას მოსკოვში გადაყვანის შემდეგ, საბჭოთა კავშირში კანონის უზენაესობა დამყარდა, მაგრამ იმ დროს გაკეთდა, მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრება ასეთია.
|