მთავრობას ”ძლიერი პოზიცია უკავია” არჩევნების წინ;
უმრავლესობისთვის მიუღებელია საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში;
ასევე მიუღებელია ოპოზიციის კონტაქტები რუსეთთან;
უმრავლესობა ნატოში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა მხარდაჭერა შემცირდა.
ნატო
მართალია, ქართველების უმეტესობა ნატოში გაწევრიანების მომხრეა, მხარდაჭერის დონე ბოლო 20 თვის მანძილზე შემცირდა, ბოლო დროს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად.
აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 11 აპრილიდან 26 აპრილამდე განხორციელებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 26% აცხადებს, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, ხოლო 36% აცხადებს, რომ ისინი ძირითადად უჭერენ მხარს.
რესპონდენტთა 10% აცხადებს, რომ თანაბრად უჭერენ და არ უჭერენ მხარს ნატოში გაწევრიანებას; 7% - ძირითადად არ უჭერს მხარს, ხოლო 9% - საერთოდ არ უჭერს მხარს. 9%-მა განაცხადა, რომ მათ არ იციან.
აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით IPM-ის მიერ 2008 წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 69% სრულად უჭერდა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში; 17% აცხადებდა, რომ ისინი ძირითადად უჭერენ მხარს, და მხოლოდ 8% იყო ან კატეგორიული წინააღმდეგი ან ძირითადად წინააღმდეგი.
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვა, რომლის დროსაც 2,378 მოქალაქე გამოიკითხა, 6 მაისს გამოქვეყნდა. გამოკითხვა იძლევა ამომრჩეველთა დამოკიდებულების საერთო სურათს მთელი რიგი საკითხების მიმართ, მათ შორის პოლიტიკაზე, დემოკრატიაზე, მედიასა და საგარეო ურთიერთობებზე. თუმცა, კვლევა არ შეიცავს პოლიტიკური პარტიების და თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგებს 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ.
ნატოს საკითხი იმ თხუთმეტი საკითხის შუაშია, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე აქტუალურია და მას წინ უსწრებს, სამუშაო ადგილების, ტერიტორიული მთლიანობის, სიღარიბის, პენსიების, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის და რუსეთთან ურთიერთობების საკითხები.
სამუშაო ადგილები და ტერიტორიული მთლიანობა რესპონდენტების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სახელდება.
ადგილობრივ დონეზე, რესპონდენტთა უმეტესობა კომუნალური მომსახურების ღირებულებას განიხილავს როგორც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რასაც მოყვება საგზაო ინფრასტრუქტურა.
რუსეთი
გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა კრიტიკულად არის განწყობილი რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკის მიმართ.
რესპონდენტთა 28% აცხადებს, რომ მათთვის ნაწილობრივ მიუღებელია საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ხოლო 24% აცხადებს, რომ აბსოლუტურად მიუღებელია. 13% აცხადებს, რომ არ იციან.
რესპონდენტთა 32%-ისთვის ან აბსოლუტურად (7%) ან ნაწილობრივ (25%) მისაღებია საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ.
რესპონდენტთა უმეტესობა კრიტიკულად არის განწყობილი რუსეთთან ქართული ოპოზიციის კავშირების მიმართ. რესპონდენტთა 62%-სთვის მიუღებელია ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი მოსკოვში და რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა 2009 წლის დეკემბერში, ხოლო 59%-სთვის მიუღებელია ნინო ბურჯანაძის ანალოგიური ქმედება 2010 წლის მარტში.
ალიანსი საქართველოს ლიდერი და მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია თებერვალში მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. რესპონდენტთა 38%-სთვის მიუღებელია ლავროვის და ალასანიას შეხვედრა, 22%-სთვის მისაღებია, 34%-მა არ იცის, ხოლო 7%-მა პასუხზე უარი განაცხადა. ქართულმა მედია ნოღაიდელის და ბურჯანაძის შეხვედრა პუტინთან უფრო ფართოდ გააშუქა, ვიდრე ალასანიას და ლავროვის შეხვედრა.
ასევე რუსეთთან დაკავშირებით, რესპონდენტთა უმეტესობა აცხადებს, რომ მათთვის მისაღებია რუსეთსა და საქართველოს შორის ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა (61%), ხოლო 82% თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მომხრეა.
მთავრობას ”ძლიერი პოზიცია უკავია”
კითხვაზე, თუ რა მიმართულებით ვითარდება საქართველო, რესპონდენტთა 12%-მა უპასუხა ”ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება,” ხოლო 41%-მა განაცხადა: ”ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება”.
ერთი წლის წინ ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში, რესპონდენტთა 29%-მა განაცხადა, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით მიდიოდა.
NDI-ს წარმომადგენელმა საქართველოში ლუის ნავარომ განაცხადა გამოკითხვის პრეზენტაციაზე, რომ გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ მთავრობას ”ძლიერი პოზიცია” უკავია 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ.
|