პოლონურმა გაზეთმა, „დზიენნიკ გაზეტა პრავნამ“ სენსაციური მასალა გამოაქვეყნა. მასალა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის „შავი ყუთის“ გაშიფვრის მონაცემებს ეყრდნობა.
გამოცემის ცნობით, თვითმფრინავის ეკიპაჟს 5 წამი სჭირდებოდა, რათა მდგომარეობა გამოესწორებინა და ტრაგედია აეცილებინა.
ჩანაწერის მიხედვით, ეკიპაჟის მეთაურმა, არკადიუშ პროტასიუკმა მეტისმეტად გვიან გაიგო, რომ თვითმფრინავი მიწასთან ახლოს იმყოფებოდა, შეეცადა, ლაინერი სასწრაფოდ საფრენ რეჟიმში გადაეყვანა, თუმცა განსაკუთრებული კონსტრუქციის ძრავი გამო „ტუ 154-ის“ დაშვების რეჟიმიდან საფრენ რეჟიმში გადართვას 10 წამი სჭირდება.
ჩამოვარდნის მომენტში ლაინერმა ასაფრენად აუცილებელი სიმძლავრის 60 პროცენტის აკრეფვა მოასწრო. პოლონური გამოცემის ცნობით, მიწაზე დარტყმის თავიდან ასაცილებლად პილოტებს სულ რაღაც 5 წამი სჭირდებოდათ.
გარდა ამისა, როდესაც პროტასიუკმა გააცნობიერა, რომ თვითმფრინავის მკვეთრი აფრენა შეუძლებელია და წამებში ჩამოვარდებოდნენ, შეეცადა, ლაინერი დაესვა. ხომალდისა და მასზე მყოფი მგზავრების ბედი რამდენიმე წამმა გადაწყვიტა - ეკიპაჟის მეთაურმა გადაწყვეტილება, დროის თვალსაზრისით, წნეხის ქვეშ მიიღო.
საბოლოოდ კაპიტანმა მოახერხა ლაინერის ცხვირის აწევა, რათა მიწაზე ე.წ. შტოპორით არ დაცემულიყო. ეს იძლეოდა შანსს, თვითმფრინავის „მკაცრი დაჯდომა“ თავიდან აეცილებინათ, თუმცა ეს იქნებოდა დაჯდომა და არა ჩამოვარდნა. მაგრამ, ლაინერი ფრთებით ხეებს წამოედო, ფრთის მესამედი მოტყდა და, როცა „ტუ 154“ უკანა ნაწილით მიწას შეეხო, ძრავი დაზიანდა, თვითმფრინავი დაიმტვრა და ნაწილობრივ დაიწვა.
ორივე შავი ყუთი გაშიფრულია. ექსპერტები იმ ადამიანთა ხმების გაწმენდაზე მუშაობენ, რომლებიც ტრაგედიის მომენტში ლაინერის კაბინაში იმყოფებოდნენ. სპეციალისტები თანამდევ ხმაურსაც სწავლობენ და ცდილობენ, დაადგინონ, კონკრეტულად ვის შეიძლება ეუთვნოდეს ეს ხმები.
პოლონური გამოცემების ინფორმაციით, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კაბინაში კატასტროფის მომენტში მესამე პირი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმციით, ეს შესაძლოა, ყოფილიყო საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი მარიუშ კაზანი. მის გარდა, კაბინაში „ტუ 154“-ის ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა: მეთაური, მეორე პილოტი, შტურმანი და ბორტინჟინერი. შესაძლოა, სწორედ კაზანმა განუმარტა პილოტებს, რომ სმოლენსკის რაიონში ხშირი ნისლის გამო, თუ ლაინერს ვიტებსკში ან მოსკოვში დასვამდნენ, ოფიციალური პროტოკოლი დაირღვეოდა და პრეზიდენტი კატინის ტყეში სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
გარდა ამისა, პოლონურმა ტელეარხმა, „ტვნ 24“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პოლონეთის გენერალური პროკურორი, ანჯეი შერემეტი არ გამორიცხავს, რომ ფატალური შედეგის მიზეზი ბორტზე მყოფი მგზავრების მობილური ტელეფონები გამხადრიყო, რომლებიც ფრენის ბოლო წუთებამდე ჩართული იყო.
პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა. ბორტზე მყოფი 96-ვე მგზავრი დაიღუპა.
|