ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია ცალსახად აფასებს ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ დებატების აპრილში გადატანას
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ცალსახად აფასებენ ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ დებატების აპრილში გადატანას.
"სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლებამ შეძლო ევროსაბჭოში მოლაპარაკება და დებატები გადაიდო", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტის" წარმომადგენელმა, რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა. მან ეჭვი გამოთქვა, დებატების საერთოდ გამართვის შესახებ.
ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე დებატების აპრილში გადატანას საქართველოსთვის დიდ დანაკარგად არ მიიჩნევს.
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებს დაურიგდათ მონიტორინგის კომიტეტის მუშა ჯგუფის დასკვნა, რომელშიც რუსეთის ქმედებები საქართველოს მიმართ საკმაოდ ობიექტურად არის ასახული", - აღნიშნა თევდორაძემ.
ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" დეპუტატის ფიქრია ჩიხრაძის აზრით, "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ დებატები აუცილებლად გაიმართება".
"მონიტორინგის კომისიის მუშა ჯგუფის დასკვნაში მოყვანილი ფაქტები აუცილებლად უნდა გახდეს მსოფლიო საზოგადოების განხილვის საგანი", - აღნიშნა ჩიხრაძემ.