ხელისუფლებას `უალტერნატივო საფრთხე~ უახლოვდება `გამარჯვებული ხალხის ტელევიზია~ კი გასართობი შოუების ტელე-არხად გადაიქცაქართული სატელევიზიო მედია-სივრცე ლოგიკური გადახალისებების პოლიგონად იქცა. პროცესი ჯერ კიდევ დინამიკის სტადიაშია, მაგრამ ტელეკომპანია `იმედის~ ახალმა პოლიტიკურმა თოქ-შოუმ და `რუსთავი-2~-ში მიმდინარე პროცესებმა საამისო კონტურები უკვე მშვენივრად გამოკვეთა. ნათლად გამოჩნდა, თუ რომელი ტელეარხისათვის რა არის ახლო სტრატეგიული პრიორიტეტები. გამარჯვებული ხალხის ტელევიზიიდან შოუების ტელევიზიად ფორმირებამდე `რუსთავი-2~-მა არც ისე გრძელი გზა გაიარა. დღეს ეს პროცესი ისე თვალსაჩინო გახდა, რომ კონკიას ზღაპართან და კურიერის `კვახად~ გადაქცევასთან, ასოციაციები უკვე თვით ერთ-ერთი ასეთი შოუთაგანის წამყვანსაც უჩნდება პირდაპირ ეთერში. მასების ფსიქოლოგიურ `მობილიზებას~ ჯერ კიდევ სამი წლის წინანდელი ქართული პოლიტიკური დამუშავების ლოკომოტივი ახლა საზოგადოების ყურადღების კონცენტრირებას გრანდიოზული შოუ-პროგრამებით შეეცდება და საამისოდ კოლოსალური თანხების ხარჯვასაც არ ერიდება. `რუსთავი-2~-ზე პოლიტიკური დებატების ხანა ისევე ჩაბარდა წარსულს, როგორც მისთვის ლამის სავიზიტო ბარათად ქცეული ნეგატიური ინფორმაციები. ახლა, როგორც დღეს უწოდებენ, ყოფილი გამარჯვებული ხალხის ტელევიზია იმ ძველ და კარგ დროს დაემსგავსა, რომელსაც მერიის ბოსები ასე ხშირად ახსენებენ-ხოლმე შადრევნების გახსნასა თუ გუგულიანი საათების პრეზენტაციებზე. `წმინდა ადგილი არასდროს არის ცარიელი~. დღეს კი ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკურ მასალაზე მითხოვნა დროთა განმავლობაში იმის პირდაპირპროპორციულად იზრდება, თუ როდის რომელი სამსახური დაიხურება და რამდენი შემცირებული შეურთდება სახელმწიფო დაწესებულებებთან მიმდინარე გამოსვლებს. ამ დაწესებულებების წინ დროშების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ასეთი ხალხისთვის რამდენად საინტერესო და აქტუალური იქნება მალაიზიის ტყეებში ავანტურის მოყვარული ქართველების თავგადასავალი, ძნელი სათქმელია. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელი პროექტის დასაფინანსებლად კომპანიის გენერალური დირექტორი კობა დავარაშვილი დამფინანსებლებისაგან მილიონ დოლარს ითხოვს(!). აქვე საინტერესოა ერთი მომენტიც: დავარაშვილი არის ის პიროვნება, რომელზეც კარგი აზრი არავის აქვს, მისით ყველა უკმაყოფილოა, მაგრამ ტელეკომპანიის ახლადგამომცხვარ გენდირექტორს ვერავინ ვერაფერს უხერხებს, ვინაიდან მას ხელისუფლებაში ერთი ცნობილი ჩინოვნიკი მფარველობს. ამ სიტუაციაში ყოფილ უალტერნატივოდ რეიტინგულ ტელემაუწყებლობას, პოპულარობით `კოლეგა~ `მზეც~ უსწრებს, რომელიც სულ უფრო მეტად იხვეჭს მაყურებლის სიმპათიას. Aრაც შეეხება ტელეკომპანია `იმედს,~ ის `რუსთავი-2~-ის მთავარი საპირწონე ხდება. ახალი თოქ-შოუ `ბადრის ტელევიზიაზე~ უკვე იძლევა ამის თქმის საფუძველს. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა საცნაური, რაც ქართულ სატელევიზიო მედია-ლოკომოტივს და დამრტყმელ ძალად ცნობილ თარგამაძე-გრიგოლიას დუეტს `რევოლუციის დედად~ სახელდებული ეკა ხოფერია შეურთდა. ეს პროცესები, ცხადია, ლოგიკურ კავშირშია უფრო მასშტაბურ მოვლენებთან. არავისთვის არის უცხო, რომ ქართული პოლიტიკური მოვლენების მოძრაობას უხილავი ხელი აკონტროლებს. ამ უჩინარ და იდუმალ ძალას, ბუნებრივია, მუდმივად სჭირდება დასაყრდენი. ყველაფერი ჯერჯერობით იმაზე მეტყვლებს, რომ ასეთ კონტრევოლუციურ ძალად სამომავლოდ სწორედ `იმედი~ მოიაზრება. ტელეკომპანია `იმედის~ `სწორ სტრატეგიაზე~ მისი მზარდი რეიტინგიც მეტყველებს. რეიტინგი, ხალხისათვის აქტუალური, ოპოზიციური სულისკვეთებით გაჯერებული საინფორმაციო თოქ-შოუები, მასებისთვის საინტერესო და პროფესიონალი ტელესახეები. ფაქტობრივად, კონკურენტის გარეშე დარჩენილი საინფორმაციო მიმართულება, ეს არის სწორედ ის ნაცნობი `ინგრედიენტები~, რომელმაც თავის დროზე, `რუსთავი-2~ ისტორიაში ახალი ფურცლის ჩამწერის როლში მოგვივლინა. და როგორც მოვლენათა ლოგიკა მეტყველებს, ახლა ჯერი სწორედ `იმედზეა~, რადგან დღეს, `ტელე-იმედი~, უალტერნატივო `თოქ-შოუ~ და `იმედის~ იმედისმომცემი სახეებია ხელისუფლებისთვის ყველაზე საშიში `ბომბი~, რომელიც მაშინ გასკდება, როცა ლონდონიდან `დეპეშას~ გამოგზავნიან.