28 მარტს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე ესტონეთის პრეზიდენტის ოფიციალური მიწვევით ესტონეთში მიემგაზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში “გახსოვდეთ მომავალი ევროპა”.
როგორც "ახალი ამბები-საქართველოს" სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს, კონფერენციაზე, რომელსაც ესტონეთისა და ფინეთის პრეზიდენტები, ევროპის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები და გავლენიანი პოლიტიკოსები დაესწრებიან, გიორგი ბარამიძე გააკეთებს მოხსენებას საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის აქტიური ჩართვის საკითხებზე.
სახელმწიფო მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ანდრუს ანსიპთან, თავდაცვის მინისტრთან იერგენ ლიგისთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან. დაგეგმილია საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრეს-კონფერენცია. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე.