რამაზ საყვარელიძე - "სტალინის დროს ღამით იჭერდნენ ხალხს. დღეს კი რეპრესიები საჯაროდ და ტელევიზორში ჩვენებით ხორციელდება, რაც ხელს უწყობს შიშის დამკვიდრებას"
"2011 წლის პოლიტიკური პროცესებიდან ორ მოვლენას გამოვყოფდი, ესენია: 26 მაისის დარბევა და პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართვა. ჩემი აზრით, ეს ორი მოვლენა გარკვეულწილად ერთმანეთთანაც კავშირშია. საქმე ის არის, რომ 26 მაისის აქციის დარბევისას გამოჩნდა მომიტინგეთა მიმართ ხელისუფლების დაუნდობელი დამოკიდებულება. ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა აღნიშნა კიდეც, პრობლემა ის კი არ იყო, უნდა აღკვეთილიყო თუ არა აქცია, არამედ ის სისასტიკე და დაუნდობლობა, რაც აქამდე არ მინახავსო. ამგვარი განცდა გაუჩნდა, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელ მოსახლეობას", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "2011 წლის ბოლოს ქართულ პოლიტიკაში ერთმანეთს უპირისპირდებიან მოწყალედ და უმოწყალოდ მოქმედი ადამიანები" / "ვისურვებ, 2012 წელი ჯანსაღი პოლიტიკური შეჯიბრების დამკვიდრების წელი იყოს".
"ბოლო გამოკითხვებით ჩანს, რომ მიტინგების გზაზე ქართველებმა უარი თქვეს, ამის ძირითადი მიზეზი სწორედ ეს დარბევაა. მოსახლეობაში დარჩა განცდა, რომ ხელისუფლება უმოწყალოა. შემოდგომაზე კი პოლიტიკაში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, ვის სახელსაც უკავშირდება ლამის ოცწლიანი საქველმოქმედო მოღვაწეობა. ანუ ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა ადამიანი, რომელმაც საზოგადოებას თავისი გულმოწყალებით დაამახსოვრა თავი. ამდენად, 2011 წლის ბოლოს ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ერთმანეთს უპირისპირდებიან მოწყალედ და უმოწყალოდ მოქმედი ადამიანები. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ეს ხელისუფლებას გამიზნული, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგს მიაღწია", - განაგრძობს პოლიტოლოგი.
"ისმის კითხვა: ვის მიმართ ინერგება შიში? თუ ეს კანონის მიმართ შიშია, ნამდვილად მისასალმებელია. თავდაპირველად, 2003 წლის რევოლუციის შემდეგ, ხელისუფლებამ მიაღწია, რომ ქვეყანაში კანონის მიმართ შიში გაჩნდა, მაგრამ შემდეგ ეს შიში ტრანსფორმირდა. დღეს უკვე მომსწრე ვართ პოლიტიკური ნიშნით გამოწვეული შიშისა, როდესაც ადამიანი ფიქრობს - თუ არ ვიქნები ხელისუფლებისადმი ლოიალური, მაშინ უნდა მეშინოდეს, რადგან სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ შეიძლება დავკარგო სამსახური, ბიზნესი ან საერთოდ ციხეშიც კი აღმოვჩნდეო. აი, ეს არის ამ ხელისუფლების ხელწერა. 26 მაისი კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ თუ ხელისუფლებასთან ხარ, არ დაისჯები, თუ არადა, არავინ დაგინდობს. ეს ყველა სფეროზე ვრცელდება: წლეულს გვქონდა რობერტ სტურუას შემთხვევა, როდესაც განსხვავებული აზრის გამო დიდი რეჟისორი იმავე პრინციპით, მაგრამ განსხვავებულად დასაჯეს. ასევე პოლიტიკური ნიშნით არაერთი მასწავლებელი დაითხოვეს სკოლიდან და ა.შ." - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
"გამიჭირდება ისეთი ქვეყნის დასახელება, სადაც ისე ბეჯითად ებრძვიან საბჭოთა გადმონაშთებს, როგორც საქართველოში, პოლიტიკურ ოპონენტებს საბჭოთა კავშირის დაბრუნების სურვილს აბრალებენ და ამასთანავე, სწორედ საბჭოთა ჩეკისტებივით იქცევიან. სტალინის მმართველობის პერიოდში ღამით იჭერდნენ ხალხს. დღეს კი რეპრესიები საჯაროდ და ტელევიზორში ჩვენებით ხორციელდება, რაც ხელს უწყობს შიშის დამკვიდრებას. გამოდის, სტალინიზმის სიმბოლიკას ვებრძვით და არა არსს. ბოლშევიზმი და ნაციზმი ერთგვარ სტერეოტიპებად იქცა: ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაში ქუჩიდან მოვიდა ხალხი, რომელთაც უდიდესი ნახტომი გააკეთეს სოციალურ კიბეზე, თუმცა საამისო არც განათლება ჰქონდათ და არც გამოცდილება. ამგვარი ხალხი ძალაუფლების საზღვარს ვერ გრძნობს. ჩვენც იგივე დაგვემართა. "ვარდების რევოლუციით" მოვიდა ახალგაზრდა თაობა. მათ გადავეცით უზარმაზარი ძალაუფლება და მისი გამოყენების კულტურა ჰქონდათ თუ არა, არ ვიკითხეთ", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"საზოგადოების დაუდევრობის მსხვერპლია არა მხოლოდ ის, ვინც 26 მაისს სიცოცხლე ან ჯანმრთელობა დაკარგა, არამედ ისიც, ვინც დააკარგვინა. ამ ფონზე ჩნდება ადამიანი, რომელსაც აქვს ძალაუფლების გამოყენების კულტურა. რომელიც თავის ფულს არ ახმარს მასაჟისტების ჩამოყვანას, მაგრამ ახმარს სამების ტაძრის აშენებას. მისი ძალაუფლება დღემდეც ძალიან დიდი იყო, ამის გათვალისწინებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვირს კიდეც, რა უნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილს? აღარც კი გვესმის იმისა, რომ ქვეყნის სათავეში შეიძლება მოდიოდეს ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა, ქვეყანაზე გულისტკივილი თითქმის გაუგებარი ცნება გახდა. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ მან რუსეთში იშოვა ფული, წლების წინ შესაძლოა მან რუსეთის ხელისუფლების ხელშეწყობით მართლაც იშოვა ფული, მაგრამ სხვა საკითხია, აქვს კი რომელიმე ხელისუფლებას ბერკეტი, გააკონტროლოს ყველა ის ადამიანი, ვინც ფული იშოვა? საქართველოსთან პარალელს თუ გავავლებთ, ჩვენ ვიცით არაერთი ბიზნესმენი, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლების ხელშეწყობით იშოვა ფული, მაგრამ მერე ამ ხელისუფლებას დაუპირისპირდა", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
"ფული იშოვო რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მმართველობის პერიოდში, ეს არ არის არგუმენტი იმისა, რომ აუცილებლად ამ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს გაატარებ. ამას გვაფიქრებინებს კიდევ ის, თუ რისთვის ხარჯავდა აქამდე ამ ფულს ბიძინა ივანიშვილი. დიდწილად სწორედ ამ ხელისუფლების განსამტკიცებლად, სადაც კი უჭირდა, იქ ედგა გვერდით. გამოდის, რუსეთი მის ფულს აქამდე ვერ აკონტროლებდა, მაშ, ახლა როგორღა გააკონტროლებს, როდესაც შეუძლია გაყიდოს თავისი აქტივები, რითაც სრულიად დამოუკიდებელი ხდება რუსული გავლენისგან?" - დასძენს პოლიტოლოგი.
"ხელისუფლება არ დათმობს თავის უპირატესობას. უნდა შევეგუოთ, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტები არათანაბარ პირობებში იქნებიან. ამის დაძლევა შეიძლება ორი გზით: ან საპროტესტო აქციებით უნდა აიძულო ხელისუფლება გადადგეს და შემდეგ გამართო არჩევნები, რისი რესურსიც არ ჩანს, ან მოახერხო ამომრჩევლის ისეთი მობილიზება, რომ მისმა რაოდენობამ გადაფაროს ხელისუფლების ის ფორა, რასაც მას ადმინისტრაციული თუ სხვა სახის რესურსი აძლევს. ჯერჯერობით ჩანს, რომ ივანიშვილის სახელმა და პოლიტიკურმა სტრატეგიამ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მობილიზება მეტ-ნაკლებად მოახერხა, თუმცა არ მგონია, ეს საკმარისი იყოს", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "როგორია თქვენი პროგნოზი, რას უნდა ველოდოთ 2012 წლისგან?" - პასუხობს:
"მომავალ წელს იქნება ბევრი თოვლის ბაბუა, იქნება ზეიმები, ამასთანავე, იქნება ხელისუფლების მხრიდან მომავალი არჩევნებისთვის დიდი მზადება. არ არის გამორიცხული, არჩევნები უფრო ადრე, გაზაფხულზე გაიმართოს, ამას მაფიქრებინებს არა მოვლენების განვითარების ლოგიკა, არამედ ამ დღეებში ოპოზიციონერ დეპუტატ დიასამიძის ინიციატივა, რომ შეიცვალოს კონსტიტუცია და საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე დაინიშნოს. ხელისუფლება თავის სურვილებს ახმიანებინებს ოპოზიციას, არ გამოვრიცხავ, ახლაც ასე იყოს. როგორც ჩანს, შეეცდებიან ბიძინა ივანიშვილი ცაიტნოტში გადაიყვანონ, მოგეხსენებათ, მას ჯერ პარტიაც არ შეუქმნია. დასასრულ, მინდა, იმედიანად ვიყოთ. ვფიქრობ, გაისად საქართველო მიიღებს ნორმალურ, დაბალანსებულ პარლამენტს, რითაც საზოგადოება მოიგებს. ვისურვებ, 2012 წელი ჯანსაღი პოლიტიკური შეჯიბრების დამკვიდრების წელიწადი იყოს".
პარტიებს ივანიშვილისგან მიღებული ფული შეიძლება უკან დააბრუნებინონ?! - ხელისუფლება ახალი კანონისთვის უკუძალის მიცემის გზებს ეძებს
"ივანიშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს ან იმ თანხას ჩამოართმევენ, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში იურიდიული პირებისგან ჩაერიცხათ ან ამ თანხას მომავალი წლის ანგარიშში ჩაუთვლიან - ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებამ დღეს უნდა მიიღოს. თუმცაისიც უნდა ითქვას, რომ მეორე ვარიანტთან დაკავშირებით მათი მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ეს აუცილებლად მოხდება - ანუ დიდი ალბათობით, პოლიტიკური პარტიებისთვის 1-ლი იანვრიდან დასაწესებელ აკრძალვებს უკუძალა მიეცემა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პარტიებს ივანიშვილისგან მიღებული ფული შეიძლება უკან დააბრუნებინონ / ახალი კანონისთვის უკუძალის მიცემის გზებს ეძებენ.
"ამასთან დაკავშირებით განცხადებები გუშინ პარლამენტში რიგგარეშე სესიასა და იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონსა და "სისხლის სამართლის" კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტები. ხოლო "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცდა. ცვლილებების თანახმად, ახლებურად რეგულირდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი - იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიის დაფინანსება აეკრძალება, ხოლო ფიზიკურ პირს წელიწადში, საერთო ჯამში მაქსიმუმ 60 ათასი ლარის მიცემის უფლება ექნება. მხოლოდ ბანკებს შეეძლებათ პარტიებისთვის სესხის გაცემა 100 ათასი ლარის ლიმიტის ფარგლებში. პარტიის წევრის მიერ საწევროს სახით გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1200 ლარს. პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავალი, სახელმწიფო დაფინანსების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%, რაც 2012 წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, დაახლოებით 53 მლნ ლარია. ამის ზემოთ მიღებული თანხა კი ბიუჯეტში უნდა გადაირიცხოს", - აღნიშნავს გამოცემა.
"... საწევროები და შემოწირულობები მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით დაიშვება, ხოლო პარტიის ფინანსურ ანგარიშგებას ცესკო-ს ნაცვლად კონტროლის პალატა განახორციელებს. პარტიებსა და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ ფულის, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა. ამასთან, ეს აკრძალვები გავრცელდება იმ იურიდიულ პირებსა და იურიდიული პირების წარმომადგენლებზე, რომლებიც "პირდაპირ ან ირიბად" არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან. ეს წესები ასევე გავრცელდება იმ პირების ოჯახის წევრებსა და მასთან საქმიან ურთიერთობებში მყოფ ადამიანებზე, ვისაც გაცხადებული აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. აღსანიშნავია, რომ ამ აკრძალვებთან დაკავშირებით მეორე მოსმენისთვის დაზუსტებები გაკეთდა. კერძოდ, პოლიტიკურ პარტიებს დღესასწაულებზე შეეძლებათ საჩუქრების დარიგება 2000 ლარის ფარგლებში, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში დარიგებული საჩუქრების ფასმა მთლიანად 60 ათას ლარს არ უნდა გადააჭარბოს", - დასძენს გამოცემა.
"თუმცა უცვლელი დარჩა ის დებულება, რაც რიგითი ადამიანისთვის სამწლიანი პატიმრობის დაწესებას ითვალისწინებს - თუკი პარტიის მხრიდან ასეთ საჩუქარს მიიღებს, რომელიც პარტიისთვის დაწესებულ ლიმიტს იქნება გადაცილებული. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაუგებარია, რატომ უწესებენ კანონმდებლები ფიზიკურ პირებს ვალდებულებას, განსაზღვრონ, თუ რა ღირებულების საჩუქარს იღებენ და ასევე, განსაზღვრონ, არის თუ არა მათთვის საჩუქრის გადაცემა პოლიტიკური მიზნის მატარებელი - არასამთავრობოები დარწმუნებული არიან, რომ ამ რეგულაციის ამოქმედება ქვეყანაში ან მასობრივი დაჭერების პროცესს გამოიწვევს ან ადამიანები იმის შიშით, რომ არ დაიჭირონ, არც ერთ პოლიტიკოსთან არანაირ შეხვედრაზე აღარ მოვლენ. საპარლამენტო უმრავლესობა კი ფიქრობს, შესაბამის ნორმაში ჩაემატოს "წინასწარი შეცნობა" და ფიზიკურ პირზე სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდეს, თუ საჩუქარს პარტიისგან "წინასწარი შეცნობით" მიიღებს და ეცოდინება, რომ საჩუქარს პარტიისგან მისი ან პარტიის პოლიტიკური მიზნებისთვის იღებს. თუმცა არასამთავრობოები ამ ნორმასაც აპროტესტებენ და მიაჩნიათ, რომ გაუგებარია, ვინ უნდა დაადგინოს "წინასწარი შეცნობის" არსებობა. რაც მთავარია, მათი თქმით, ეს ნორმა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომელიც, შესაძლოა შერჩევითი მიდგომისთვის იქნეს გამოყენებული", - წერს სტატიის ავტორი.
"გარდა ამისა, საარჩევნო კანონმდებლობაში უმრავლესობის მოთხოვნით ახალი რეგულაცია ემატება, რაც პარტიისთვის დაწესებული ფინანსური ლიმიტის გავრცელებას საარჩევნო სუბიექტზეც ითვალისწინებს - კერძოდ, იმ პროექტში, რომელიც დღეს უნდა დამტკიცდეს, ნათქვამია, რომ პოლიტიკურ პარტიას წელიწადში მაქსიმუმ მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ს დახარჯვის უფლება აქვს. დეპუტატ ვახტანგ ბალავაძის მოთხოვნით კი კანონმდებლობაში "პარტიის" ნაცვლად "საარჩევნო სუბიექტი" ჩაიწერა - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ლიმიტი იქნება ბლოკის შექმნის შემთხვევაშიც აქ შემავალი პარტიების ერთობლივად დასახარჯი თანხისთვისაც. იმ შემთხვევაში კი, თუ ბლოკში შემავალი პარტიების მიერ დახარჯული თანხა აღემატება ამ ლიმიტს, მაშინ ბლოკს საარჩევნო რეგისტრაციაში არ გაატარებენ", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"ამაზე უარესი მოთხოვნა უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა ხაბაზმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე წამოაყენა, სადაც მან მოითხოვა, რომ ახალ შეზღუდვებს უკუძალა ჰქონდეს - ანუ იმ პარტიებმა, რომლებმაც იურიდიული პირებისგან თანხები უკვე მიიღეს, ვერ შეძლონ მისი გამოყენება საარჩევნოდ. მიზანი კი ის არის, რომ "ყველა პარტია ფინანსური რესურსების კუთხით თანაბარ მდგომარეობაში ჩადგეს". საია-ს ხაბაზის ამ ინიციატივის აღსრულება შეუძლებლად მიაჩნია - როგორც მისი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, "შემზღუდველ ნორმას, რომელიც უფრო ამკაცრებს პასუხისმგებლობას, არ შეიძლება უკუქცევითი ძალა მიენიჭოს". მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ ინიციატივის რამე ფორმით აღსრულების გზებს ეძებს. უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა სესიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები უნდა გაიარონ ინიციატორ კობა ხაბაზთან და და საბოლოო გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შემდეგ იქნება მიღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებამ საარჩევნოდ მედიამონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით ექსპერტთა მიერ მომზადებული ინიციატივებიდან ამ ეტაპზე არც ერთი არ გაითვალისწინა", - დასძენს სტატიის ავტორი.
ზვიად ქორიძე - "მედიაზე ზემოქმედების გაცილებით სერიოზულ "ეფექტებს" 2012 წელს ვიხილავთ"
"დღესაც "იმედი" ზუსტად "მოდელირებული ქრონიკის" კონტექსტში განაგრძობს მუშაობას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საკუთარ შეცდომებზე ჭკუა ვერ ვისწავლეთ: ვეგუებით სახელისუფლებო ტელევიზიების პროპაგანდისტულ დარტყმებს, ვუყურებთ მათ გადაცემებს და ხსენებული ტელევიზიების მესვეურთ ამ არხების ფუნქციობის საშუალებას ვაძლევთ. "რუსთავი 2", "იმედი" და სხვა ტელევიზიები ფლობენ მაუწყებლობის ლიცენზიებს და ისინი ვალდებული არიან, ეს საზოგადოებრივი სიკეთე რამე ფორმით უკან დაუბრუნონ საზოგადოებას - ეს არის მაღალი ხარისხის სანდო ინფორმაცია. ამას კი არ აკეთებენ და, შესაბამისად, მოსახლეობა ზარალდება. ასეა 2009 წლიდან მოყოლებული და 2012 წელსაც გადაგვყვება", - აცხადებს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მედიაზე ზემოქმედების გაცილებით სერიოზულ "ეფექტებს" 2012 წელს ვიხილავთ".
"თუმცა გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: 2012 წლის პირველი იანვრიდან მაუწყებლობის შესახებ კანონში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, სავალდებულოა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ტელემაუწყებლობის, რადიომაუწყებლობისა და, საერთოდ, ლიცენზიის მქონე ყველა მაუწყებლის მესაკუთრის ვინაობა. ასევე, მათ ეკრძალებათ ჰყავდეთ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული მესაკუთრე, ანდა ასეთ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიას ჰქონდეს დაფუძნებული კომპანია და ის იყოს მესაკუთრე, ლიცენზიის მფლობელი. ამასთანავე, თანხა, რომელიც მესაკუთრემ ჩადო ტელევიზიის ან რადიოს განვითარებისთვის, უნდა იყოს გამჭვირვალე და აისახოს დეკლარაციაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და თითოეულმა ჟურნალისტმა, მოქალაქემ, ვისაც აინტერესებს დემოკრატიული პროცესების განვითარება, ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალყური, რომ ტელე და რადიომაუწყებლებმა არ დაარღვიონ ეს კანონი და თუ დაარღვევენ, სათანადოდ უნდა ვაზღვევინოთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ქორიძე.
"ეს არის სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, თავისუფალი ჟურნალისტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ყველა იმ ჯგუფის ძალისხმევის შედეგი, რომელმაც იმუშავა ამ კანონპროექტის ცვლილებაზე. სხვათა შორის, იოლად არ მიდის ეს პროცესი. ხელისუფლება, პარლამენტი ამის შესახებ დუმს. არადა, მათ ევალებათ, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელონ და გამოაქვეყნონ საკუთარ ინტერნეტგვერდზე", - განმარტავს მედიაექსპერტი.
"სამწუხაროდ, 2011 წელს ქართულ მედიაში ბევრი უარყოფითი რამ მოხდა. თუნდაც ფოტორეპორტიორების საქმე გავიხსენოთ, როდესაც ხელისუფლებამ თავს უფლება მისცა და დააპატიმრა ფოტორეპორტიორები ჯაშუშობის ბრალდებით, თუმცა მათ ეს ვერ დაუსაბუთეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანებს პროფესიული საქმიანობა ჩაუთვალეს დანაშაულად. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ დაპატიმრებული და მხოლოდ ჟურნალისტების სოლიდარობამ აიძულა ხელისუფლება, უკან დაეხია. გარდა ამისა, 2011 წელს დაინერგა მედიასაშუალების პარალიზების ცუდი პრაქტიკა. ხელისუფლებამ მედიის ცენზურის ირიბ მეთოდებს მიმართა. ამის უტყუარი ნიმუშია "პალიტრამედიაში" საგადასახადოს შესვლა. როდესაც კომპლექსურად ამოწმებ მედიასახლის ექვს საწარმოს, ამ შემოწმებას არ ასრულებ და უფლებას იტოვებ, მუდმივად აღმართო დამოკლეს მახვილი ამ მედიასაშუალების თავზე, ეს არის ეკონომიკური ცენზურის ნიმუში. ეს ეხება თბილისის მერიის მხრიდან პრესის გავრცელების ჯიხურების აღებასაც. მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის მერიას მიბაძავენ ქუთაისის, ბათუმის, ფოთის მერიები და იქაც აიღებენ პრესის გავრცელების ჯიხურებს", - ამბობს რესპონდენტი.
"დღეს დედაქალაქში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი პრესის ჯიხური დარჩა და ძალიან ცოტა ჟურნალ-გაზეთი იყიდება. ხოლო როდესაც გაზეთების ჯიხურების რაოდენობა მცირდება, სადისტრიბუციო კომპანიები კოტრდება, უმუშევრად რჩებიან გაზეთების გამავრცელებლები და მკვეთრად ეცემა გაზეთების ტირაჟები. სახელმწიფო კი არღვევს ძალიან მნიშვნელოვან საკონსტიტუციო მოთხოვნას, ხელი შეუწყოს პრესის გავრცელებას. ეს ყველაფერი არის კომპლექსური ხასიათის ეკონომიკური ბერკეტი, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა. ამ "ეფექტების" ნაწილი ვიხილეთ 2011 წელს, მედიაზე ზემოქმედების გაცილებით სერიოზულ "ეფექტებს" კი 2012 წელს ვიხილავთ. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ბეჭდური მედია უნდა გადავარჩინოთ! ხელისუფლების წნეხის ფონზე ქართული თავისუფალი მედია გააქტიურებულია და თავგამოდებით იბრძვის. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა 2012 წელს ნაყოფს გამოიღებს".
|