
"ქართულ ოცნებაში" ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უსაფრთხოების თემატური ჯგუფი შეიქმნა. თემატური ჯგუფის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ არსებული სოციალური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებიდან ამოვარდნილია და ის სასწრაფოდ შეცვლას საჭიროებს. რიგით მე-9 თემატურ ჯგუფს ოთარ ხუფენია ხელმძღვანელობს.
"ჯგუფს მიაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი სოციალური სისტემა იმდენად ამოვარდნილია საერთაშორისო გამოცდილებიდან და ყველანაირი კონტექსტიდან, რომ არ ექვემდებარება რეფორმირებასა და სრულყოფას, არამედ აუცილებელი და გარდაუვალი ხდება ამ სისტემის რეორიენტაცია, ანუ მიმართულების შეცვლა. მიმართულება, რომელიც დღეს არის, ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის სოციალურ საფუძვლებს აჩენს, რეორიენტაცია კი თავისუფალი და ღირსებით სავსე საზოგადოების მშენებლობას გულისხმობს", - განაცხადა ოთარ ხუფენიამ.
ხუფენიას შეფასებით, ქვეყანაში სოციალური დაცვის პოლიტიკა არ არსებობს, ნოვაციებად შეფასებული რეფორმების მიზნები კი ნათელი არ არის და არც მისი მიღწევის კრიტერიუმები არსებობს.
"პენსია, დეკრეტული შვებულება, დროებითი შრომისუუნარობის, უმუშევრობის დახმარება და ა.შ. ხელისუფლების "წყალობად" არის მიჩნეული, ხოლო ე.წ. "სიღარიბის ზღვრის" მექანიზმი კოლექტიური მათხოვრობის სისტემად გადაიქცა. მთელი პასუხისმგებლობა დელეგირებულია კერძო სექტორზე, რის შედეგადაც როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე პაციენტი დაუცველი დარჩა. იმის გამო, რომ არ არსებობს ბენეფიციართა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობის რეგულირების სამართლებრივი საფუძვლები, ჯანდაცვის სამინისტრო სადაზღვევო ბროკერადაა ქცეული. გარდა ამისა, არარეგულარული სადაზღვევო ბაზრის გამო შექმნილია ხელოვნული მონოპოლია და მედიკამენტი, ჰოსპიტალი, სადაზღვევო საქმიანობა ერთი ეკონომიკური სუბიექტის ხელში აღმოჩნდა. ამასთან, მოსახლეობის სოციალური დაცვის თანამედროვე სისტემის ნაცვლად, ჩამოყალიბებულია ხელისუფლების მიერ გაღატაკებული მოსახლეობის მოსყიდვის და ძალაუფლების შენარჩუნების ფეოდალური მექანიზმები", - განაცხადა ოთარ ხუფენიამ.
ამასთან, "ქართული ოცნების" აღნიშნული თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, სოციალური სისტემის რეორიენტაციის მიზნით ჯგუფი "ახალ კომპეტენტური ხედვის შემუშავებას აპირებს.
"ეს უნდა მოხდეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე. ამისთვის კი თბილისსა და რეგიონებში, მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან, ექსპერტებსა და სპეციალისტებთან სისტემატური შეხვედრები გაიმართება", - განმარტა მან.
|