
"ლეიბორისტული პარტია" საბავშვო ბაღებში იანვრის თვის გადასახადის მოხსნას მოითხოვს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საბავშვო ბაღში 2 კვირიდან 1 თვემდე ვადით საშობაო არდადეგები გამოცხადდა, მშობლებს აიძულებენ იანვრის თვის გადასახადი მაინც გადაიხადონ.
შატბერაშვილი განმარტავს, რომ ამ ქმედებას მოსახლეობის ძარცვის გარდა სხვა სახელი არ ქვია.
,,ხელისუფლების წარმომადგენლები ბავშვებისა და მათი მშობლების ძარცვის ფონზე საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვას განაგრძობენ და გამოძალული ფულით ევროპისა და ამერიკის ზამთრის კურორტებზე დასვენებაში ატარებენ დროს."-განაცხადა შატბერაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც "ლეიბორისტების" ლიდერი აცხადებს, "თბილისის ყარაბას-ბარაბასმა მერიამ" დამატებით ერთი მილიონი ლარი იმისთვის გამოყო, რომ საკრებულოსა და მერიის "უსაქმურ ჩინოვნიკებს" ხელფასები გაუორმაგდეთ.
,,ლეიბორისტები" მერიისგან იანვრის თვეში მაინც, ბავშვების ბაღის გადასახადისგან გათავისუფლებას კატეგორიულად მოითხოვენ.
,,ხოლო თუ ამ თვეში ბაღების დაფინანსება მაინც აუცილებლობას წარმოადგენს, საჭირო თანხა იმ მილიონებიდან გამოყონ, რომლებსაც დროსტარებასა და ხელფასების გაზრდაში ხარჯავენ", -განაცხადა შატბერაშვილმა.
|