
გარემოს დაცვის მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომლის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, იანვრის ბოლომდე საქართველოში ცვალებადი, ცივი ამინდებია მოსალოდნელი.
გუშინ ღამით ძლიერი ყინვები დაფიქსირდა აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან და მთიან რაიონებში. გორში ყინვა -11 გრადუსი იყო, მესტიაში _ -22, ახალქალაქში _ -22; ზუგდიდში _ -4, თბილისში _ -4 გრადუსი.
,,საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 23 იანვრამდე უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. 23-24 იანვარს კი სინოპტიკოსები უმეტეს რაიონებში თოვლჭყაპს ვარაუდობენ. შემდეგ ისევ გამოიდარებს."-აცხადებს ნიორაძე.
გზების დეპარტამენტის ცნობით, საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის გამო, კვლავ ჩაკეტილია ჯვრის უღელტეხილი. სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ისევ ზვავსაშიშროებაა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. თუმცა გუდაურამდე მოძრაობა დაშვებულია.
როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ზვავსაშიშროების საფრთხის გამორიცხვის შემდეგ, ჯვრის უღელტეხილის მაგისტრალურ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დღეს, დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
|