
არასდროს დაგვავიწყდება, რომ 2008 წელს ალყაში მოგვაქცია მტერმა ბევრად უფრო დიდმა, ბევრად მრავალრიცხოვანმა, ბევრად უკეთესად შეიარაღებულმა და ჩვენი სამხედროების მიმართ უკიდურესად აგრესიულმა მტერმა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ეს ზუსტად ის დრო იყო, როდესაც ჩემი ქვეყნის არსებობას და თავისუფლებას საფრთხე დაემუქრა.
არასდროს დაგვავიწყდება, რომ ეს იყო დრო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და მთავარსარდლის ბრძანებით, ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალები საქართველოსკენ დაიძრა.
ფლოტის 6 ხომალდი შემოვიდა ჩვენს სანაპიროზე, განხორციელდა ჰუმანიტარული-სამხედრო ოპერაცია, ჩვენს აეროპორტებში ეშვებოდნენ ამერიკული თვითმფრინავები, და როდესაც ეს ბრძანება გაიცა, ვნახეთ, რომ თავდასხმა ჩვენს დედაქალაქზე, ჩვენს მთავრობაზე და ჩვენს ხალხზე შეჩერდა.
ეს არ დაავიწყდება არა მარტო ჩემს, არამედ მომავალ თაობებს, რომლებიც სათუთად მოეპყრობიან იმას, რაც თქვენ და თქვენმა ქვეყანამ გააკეთეთ პატარა საქართველოსთვის, მთელი რეგიონისთვის და იდეისთვის - თავისუფლებას დაცვა სჭირდება და მისი დამარცხება შეუძლებელია.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი ოფიცრები და ჩვენი სტუდენტები ამ აკადემიაში იმყოფებიან. ეს ძალიან სასიამოვნოა.
უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ყველანაირი სიტუაცია. ვისმენთ პესიმისტების განცხადებებს, რომ ამერიკა სუსტდება, რომ მისი ეპოქა წარსულს ჩაბარდა, რომ უნდა დანებდეს და სხვებს უნდა დაუთმოს ადგილი.
მსოფლიოში არ მეგულება ვინმე ისეთი და არც ისტორიიდან მახსენდება, რომ შეეძლოს მიუახლოვდეს იმას, სადაც ახლა ამერიკაა.
ასე რომ, თქვენ გაქვთ კავშირი არა მარტო საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც მე წარმოვადგენ, არამედ ჩემს ხალხთან, რომელსაც უყვარხართ და რომელსაც აქვს სურვილი იბრძოლოს თქვენთან ერთად, დაიცვას თავისუფლება და ჩვენი საერთო ღირებულებები მსოფლიოს მეორე ნაწილში.
ჩვენ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი ერი ვართ. ჩვენმა წარმომადგენლებმა ნამდვილად იბრძოლეს ამერიკისთვის. გაერთიანებული შტაბების ყოფილი ხელმძღვანელი გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი ქართველი ოფიცერი იყო. ჩვენ გვყავდა სხვა, წარმოშობით ქართველი ოფიცრებიც, რომლებიც ამერიკის დროშის ქვეშ მსახურობდნენ, რადგან ამერიკის თავისუფლება მათ საქართველოს თავისუფლების იმედსა აძლევდა, რადგან ამერიკის მომავალი დაკავშირებული იყო ჩემი ქვეყნის მომავალთან.
მნიშვნელობა არ აქვს ვინ, რას იტყვის.
ამერიკის საუკეთესო დღეები წინაა და მოდით ვთქვათ, ჩვენი და ჩვენი მსოფლიოს საუკეთესო დღეები და თავისუფლებაც წინაა.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ჩემთვის დიდი პატივია ამ ახალგაზრდებთან შეხვედრა, რომლითაც არა მარტო თქვენ, არამედ მსოფლიოც იამაყებს.
დიდი პატივია ჩვენი სტუდენტების ნახვაც, რომლითაც არა მარტო ჩვენ ვამაყობთ, არამედ, დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს, თქვენც იამაყებთ, რადგან ისინი სწორედ ამ აკადემიაში სწავლობენ.
ჩვენ გვაქვს საერთო ბრძოლა, საერთო მომავალი და ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
|