
საჯარო რეესტრი პრეზიდენტის ოჯახის ქონებაზე მონაცემებს ცვლის?! - პარლამენტში პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩავარდა
"საპარლამენტო უმრავლესობამ ბაღათურიას მოთხოვნა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ქონებრივ მდგომარეობას შეისწავლიდა, ჩააგდო. მიზეზად ისევ ცნობილი ნათქვამი დასახელდა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს "მასკარადის გამართვა უნდა და ამას არ დაუშვებენ". არადა, ჯონდი ბაღათურია საკმაოდ საინტერესო ფაქტებზე საუბრობს. იმ განცხადებებს კი, რაც აქამდე გაუკეთებია პრეზიდენტის ოჯახის წევრების კორუფციული გზით ნაშოვნ ქონებასთან დაკავშირებით, ახლა ისიც დაემატა, რომ როგორც ბაღათურია აცხადებს, პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა სადავო დოკუმენტი გააყალბეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საჯარო რეესტრი პრეზიდენტის ოჯახის ქონებაზე მონაცემებს ცვლის? / პარლამენტში პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩავარდა.
"29 თებერვალს, ანუ პრეზიდენტთან შემდგარი დებატების მეორე დღეს, "კლასიკური მუსიკის ასოციაციამ", რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო როგორც პრეზიდენტის მეუღლის, დედის და სიდედრის საკუთრება და რომელმაც ივანიშვილისგან უკანონოდ მიიღო 1 100 000 ლარი, შეიტანა საჯარო რეესტრში განცხადება და დამფუძნებელ ოქმში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ეს განცხადება იმავე დღესვე დაკმაყოფილდა და დამფუძნებელთა ოქმში სამივე დამფუძნებელი გაქრა. როგორც ჩანს, ვერ გაითვალისწინეს, რომ ჩვენ გვაქვს ძველი ამონაწერი, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ დამფუძნებლები არიან პრეზიდენტის სიდედრი, დედა და მეუღლე. შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერ გაექცევიან და უფრო მეტიც, ეს გარკვეულწილად უარესიც არის, რადგან ჩანს კვალის წაშლის მცდელობა პრეზიდენტის მხრიდან. მაგრამ პრეზიდენტი ამ ხაფანგიდან თავს ვერ დაიძვრენს და იგი შეცდომას შეცდომაზე უშვებს", - ამბობს ჯონდი ბაღათურია. ამ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის კითხვები, რაც იუსტიციისა და შს მინისტრებს გაეგზავნა, ეხებოდა პრეზიდენტის განკარგულებებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება პრეზიდენტის ოჯახის წევრის, მისი დედის საკუთრებაში გადავიდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"პრეზიდენტის დედა გიული ალასანია განათლების სფეროში მონოპოლისტია. მან ქონება შვილის გაპრეზიდენტების შემდეგ იშოვა... საქართველოში ორი მონოპოლისტური კლანი ჩამოყალიბდა - ერთს თურქული კაპიტალით პრეზიდენტის დედა ხელმძღვანელობს, მეორეს - რუსული კაპიტალით ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე", - ეს განცხადება ბაღათურიამ 21 მარტს გააკეთა და გიული ალასანიას საქმიანობის სქემა წარმოადგინა. მისი თქმით, გიული ალასანია, რომელიც 2004 წლამდე რიგითი მეცნიერი იყო, სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოს უნივერსიტეტს აფუძნებს, სადაც გიული ალასანიას და მანანა სანაძეს, რომელიც მისი მეგობარია, თითოეულს 37,5%-იანი წილი აქვს, 12,5-12,5% კი პრეზიდენტის ბიძაშვილ ნიკოლოზ ალასანიას და ედუარდ რობერტს რაუპს ეკუთვნით. ბაღათურიამ პრეზენტაციაზე სლაიდები და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი წარმოადგინა, რომელიც გიული ალასანიას მიერ სხვადასხვა დაწესებულების ფლობას ეხება - წარმოადგინა რეესტრიდან ამონაწერი, რომელის მიხედვით შპს საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო სკოლის და შპს საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული სკოლის (რომელთა 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს უნივერსიტეტია) დირექტორები გიული ალასანია და მანანა სანაძე არიან" - დასძენს გამოცემა.
"საქართველოს უნივერსიტეტის ავეჯიც ამავე უნივერსიტეტის მფლობელობაშია. შპს კაფე "ხადილი", რომელიც, ბაღათურიას წარმომადგენელთა დაკვირვებით, ყოველდღიურად დაახლოებით 1000-1500 სტუმარ მასპინძლობს, ასევე საქართველოს უნივერსიტეტის მფლობელობაშია. ბაღათურიამ ასევე წარმოადგინა რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საქართველოს უნივერსიტეტის წილი 14%-ია. მან ჯერ კიდევ პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენისას პარლამენტში წარმოადგინა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორსიო უნივერსიტეტს, რომლის დამფუძნებელი და პრორექტორი გიული ალასანაიაა, პრეზიდენტმა 10 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი გადასცა. ბაღათურიას თქმით, სწორედ შავი ზღვის უნივერსიტეტი არის რგოლი, რომელითაც პრეზიდენტის ოჯახი უცხოურ კაპიტალს უკავშირდება და მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის კაპიტალთან პრეზიდენტის ოჯახის კავშირი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია", - წერს სტატიის ავტორი.
"ამ სქემის უკან თურქი მოქალაქე ფეთჰულაჰ გიულენი დგას, რომელიც საკუთარ ვებ გვერდზე (რომელიც ქართულადაც არის გაკეთებული) თავს ისლამის მქადაგებელს უწოდებს. ის რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების მონაწილეა და ამის გამო თურქეთში არაერთგზის იყო დაკავებული. გიულენი მდიდარი ადამიანია და მისი ბიზნესკომპანია "ჩაღლარი" შავი ზღვის უნივერსიტეტში ფინანსური კაპიტალით არის შესული. გარდა ამისა ეს კომპანია საქართველოში რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას ფლობს, ესენია: დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, თბილისის სკოლა და ლიცეუმი "სხივი", ბათუმის რ შაჰინის სახელობის დაწყებითი სკოლა და ლიცეუმი, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა, რუსთავის რუსთაველის სახელობის სახელოვნებო დაწყებითი სკოლა და ლიცეუმი, ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი"... - ამბობს ბაღათურია, რომლის თქმით, "16-მდე საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელში ჩაგდება პრეზიდენტის დედამ მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა", - განაგრძობს სატიის ავტორი.
"ეს დოკუმენტები ბაღათურიამ გუშინ პარლამენტის სესიაზეც წარადგინა. მართალია, პრეზენტაცია თითქმის ცარიელ დარბაზში გაიმართა, მაგრამ უმრავლესობამ მის გასალანძღად მაინც მოიცალა. ფრაქციის "ერთობა-სამართლიანობისთვის" ინიციატივით, პარლამენტის დღის წესრიგში "პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ფაქტების გამოკვლევის და შესაბამისი რეაგირების მიზნით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი" შევიდა. ბარათურიამ დოკუმენტების დიდ ეკრანზე წარმოდგენა ნახევად ცარიელ დარბაზში დაიწყო და სხდომათა დარბაზში "კორუფციასტან მებრძოლი რაინდები - აკაკი მინაშვილი და გოკა გაბაშვილი" უშედეგოდ მოიკითხა... პრეზენტაციისას არა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას უმრავლესობამ ცალსახად განაცხადა, რომ ბაღათურიას "მინებიან სასახლეში" მყოფთათვის უნდა თავის მოწონება და ისინი "მასკარადების მოწყობას არ დაანებებენ". კენჭისყრისასაც შესაბამისი შედეგი დაფიქსირდა და კომისიის შექმნას მხარი მხოლოდ ფრაქციამ "ერთობა-სამართლიანობისთვის" დაუჭირა, უმრავლესობის 70 წევრი წინააღმდეგი წავიდა, "ქრისტიან-დემოკრატები" კი დარბაზში საერთოდ არ გამოჩენილან", - დასძენს სტატიის ავტორი.
კახა კუკავა - "კოლხური კოშკის აღდგენითი სამუშაოები პირადად სააკაშვილმა შეაჩერა"
"31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე 1991 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დღეა, რომელზეც ქართველმა ერმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა. 1991-1992 წლების დანაშაულებრივი და სამწუხარო მოვლენების ტრაგიკული გაგრძელება იყო 1992 წლის 14 მარტს კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის საცხოვრებელი სახლის გადაწვა, რა დროსაც განადგურდა მწერლისა და პრეზიდენტის არქივები. ნიშანდობლივია, რომ დღესაც, 20 წლის შემდეგ კოლხური კოშკი იავარქმნილია და მისი აღდგენა დღემდე არ მომხდარა. გუშინ კოლხურ კოშკში "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პირადად მიხეილ სააკაშვილი ბრძანებით დარჩა კოლხური კოშკი გაუბედურებული", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით კახა კუკავა: წიკლაურმა და ხერხეულიძემ გამსახურდიას უღალატეს.
"ეს შენობა არის იგივე მდგომარეობაში, რაშიც წლების წინ იყო. აქ პირველად არ ვარ. ამ საკითხზე 5-6 წელია ვმუშაობ და შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის პირადი ბრძანება, რომ ეს კოშკი უნდა დარჩენილიყო ამ მდგომარეობაში. მერიამ არაერთხელ გამოყო თანხა კოშკის რეაბილიტაციისთვის, მაგრამ როგორც კი სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მან გასცა ბრძანება, კოშკი იგივე მდგომარეობაში დარჩენილიყო. როცა "შანგრელა" იხსნება დიდი ზარ-ზეიმით და თუ სადმე გარყვნილების ბუდეა, წითელი ლენტი სააკაშვილმა უნდა გაჭრას, არ მოინახა ამ ქვეყნის ბიუჯეტში თანხები კოლხური კოშკისთვის. აქ შარშან უარესი ვითარება იყო - მაშინ მოვედი, როცა ცოტნე გირაიში გაათავისუფლეს ცოტა ხნით. შენობას სახურავი არ ჰქონდა, აწვიმდა, ათოვდა კედლები ლპებოდა და ჩამოქცევის საფრთხე იყო. შემდეგ კეთილმა ადამიანმა იზრუნა (შეიძლება თვითონ არ უნდა დასახელება), სახურავი გააკეთა. წვიმა და თოვლი საფრთხეს აღარ ქმნის. აღარც ჩამოქცევის საფრთხეა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.
"ცინიზმია, მაგრამ ამ შენობას შევადრნაძის დროს უფრო ექცეოდა ყურადღება შევარდნაძის დროს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქ მემორიალური სახლ-მუზეუმი გახსნილიყო, ღობის გარეთ ტერიტორია მიუერთეს, დაიწყო საყრდენი კედლის მშენებლობა და შიგნით რეაბილიტაცია, მაგრამ როგორც კი სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, შეაჩერა სამუშაოები. განსაკუთრებით ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების შემდეგ, 2007 წელს სააკაშვილმა გასცა ბრძანება, რომ აქ თითი თითზე არ დაედოთ. მეც ჩემი წყაროები მყავს ხელისუფლებაში და ვიცი, რომ ეს არის სააკაშვილის პირადი ბრძანება. კოლხური კოშკის ხელახლა გადაწვასა და დანგრევას ვერ გაბედავენ, მაგრამ უნდათ, ასეთ ვითარებაში დარჩეს - არც მუზეუმი გაიხსნას, ვერ ოჯახმა იცხოვროს", - განაგრძობს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი.
" ზვიად გამსახურდიას მომხრეების ნაწილი სააკაშვილთან დღესაც არის. ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყოფიან ორ ნაწილად: არიან ზვიადისტები და არიან პრეზიდენტისტები. ეს ხალხი, რომელიც დღეს არის პარლამენტში ხერხეულიძეეებისა და წიკლაურების სახით, ზვიადისტები კი არა პრეზიდენტისტები არიან. ისინი სააკაშვილის შემდეგ ვინც იქნება, იმის მომხრეები იქნებიან. ეგენი ზვიადი მომხრეები იყვნენ მანამ, სანამ ზვიადი პრეზიდენტი იყო. სააკაშვილის მომხრეები შემდეგ გახდნენ, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა. მე, მაგალითად, სააკაშვილს ვუჭერდი მხარს, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა. რევოლუციაშიც ვმონაწილეობდი და იქ არც წიკლაური და მინახავს და არც ხერხეულიძე. სააკაშვილის პრეზიდენტი რომ გახდა და რეზიდენციაში დაჯდა, მერე გაუსკდათ სიყვარულის ბუშტი. ამიტომ მათიი ასოცირება ზვიად გამსახურდიას სახელთან სწორი არ არის. გამსახურდიას სახელიტ კი იმიტომ მანიპულირებენ, რომ ამორალურები არიან. როგორც შეიძლება განსაკუთრებით ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე რარაც ასოცირებას ახდენდნენ ზვიად გამსახურდიასთან", - აღნიშნავს კახა კუკავა.
"ზვიად გამსახურდიას ქუჩას დაარქვეს ალიევის ქუჩა. შენი ქვეყნის პრეზიდენტის სახელობის ქუჩას აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელი დაარქვეს. მაშინ გამოვიდა ეკა ხერხეულიძე, გადმოაგდო მეტრნახევრიანი ენა და თქვა, იმიტომ გადავარქვით, უკეთეს ადგილს უნდა დავარქვათო. 5 წელის გავიდა და სად არის? როგორც საკრებულოს წევრმა შევიტანე ინიციატივა საბურთალოს ქუჩისთვის და თბილისი აეროპორტისთვის დაგვერქმინ ზვიად გამსახურდიას სახელი - დედა რომ შემეგინებინა პერსონალურად საკრებულოს 49 წევრისთვის, ასეთი მძაფრი რეაქცია არ ექნებოდათ, ყირაზე გადავიდნენ, ყველა მოთხოვნას დაგიკმაყოფილებთ, ოღონდ ეს წინადადება მოხსენითო. მათთვის გამსახურდია დღესაც პოლიტიკური ოპონენტია" - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "თითქოს ახალი ხალხი მოვიდა, რომელმაც დაგმო შევარდნაძე, რეალურად კი არაფერი შეცვლილა. რატომ?" - პასუხობს:
"2007 წელს ისინი შეეცადნენ ზვიად გამსახურდიას სახელი საკუთარი პროპაგანდისთვის გამოეყენებინათ. თავიდან მიშას ჰგონდა პრეტენზია, ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ მემკვიდრედ წარმოეჩინა თავი. მოხდა ისე, რომ 50 000 ადამიანი შეიკრიბა, როცა ზვიად გამსახურდიას ცდხედარი დაასვენეს პარლამენტის წინ. როდესაც სააკაშვილი ჩამოვიდა პარლამენტის შენობის წინ - თავისი მიკროფონი და ტრიბუნა მოჰქონდა იღლიაში ამოჩრილი და სუტყვით მიმართვა უნდოდა - იქ ნამდვილი ზვიადისტები იყვნენ და არ იქვნენ ხერხეულიძეები და ზვიადი დროინდელი ფუნქციონერები - სააკაშვილისთვის სიტყვა რომ არ მიეცათ ისეთი სკანდირება დაიწყო ხალხმა, ზვიადი, ზვიადიო, სანამ სააკაშვილი არ წავიდა, სკანდირება არ შეუწყვეტიათ. ეს იმიტომ გააკეთეს, სააკაშვილს არ გაებედა ხალხისთვის სიტყვით მიმართვა და თუ სააკაშვილს რამე ილუზიები ჰქონდა, იმ დღეს დარწმუნდა, რომ ის ვერასოდეს გახდება ზვიადის შემცვლელი ამ ელექტორატისთვის".
შემოსავლების სამსახურს გაუგონარი უფლებები ენიჭება - "შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის ქონება თვითონ შეაფასოს, ეს წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა"
"შემოსავლების სამსახური კერძო აუდიტორის ფუნქციას შეითავსებს. ეს ნიშნავს, რომ იგი საგადასახადო შემოწმებისას ბიზნესმენის ქონების საბაზრო ღირებულებას თვითონ დაადგენს. ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას ბიზნესისთვის ლაგამის ამოდების კიდევ ერთ საშუალებად აფასებენ. ბიზნესს უნდა ჰქონდეს საშუალება ქონების ღირებულება კერძო აუდიტორს განასაზღვრინოს. გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების სამსახურის ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია, ბიზნესმენებსა და ექსპერტებს არ სჯერათ, რომ სამსახური ქონებას საბაზრო ფასის მიხედვით შეაფასებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით შემოსავლების სამსახურს გაუგონარი უფლებები ენიჭება / "სამსახურმა გადასახადის გადამხდელის ქონება თვითონ შეაფასოს, ეს არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, წარმოუდგენელი გადაწყვეტილება".
"საჯარო სამართლოს იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს, კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრაც დაემატა. ფინანსთა სამინისტროში სჯერათ, რომ ბიზნესს უნდობლობის საბაბი არ მიეცემა, რადგანაც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი ფლობს შესაბამის კვალიფიკაციას, რათა პროცესი კარგად და სწორად წარმართოს. "ბიზნესმენთა ასოციაციაში" მიაჩნიათ, რომ ბიზნესს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს ქონებას შემოსავლების სამსახური შეუფასებს თუ კერძო აუდიტორი. ან კიდევ, ბიზნესმენს შემოსავლების სამსახურის დასკვნის გადამოწმების უფლება უნდა ჰქონდეს",- აღნიშნავს გამოცემა.
"მრეწველების ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ყოვლად მიუღებელია მაკონტროლებელი ორგანო გადასახადის გადამხდელის ქონებას თვითონ აფასებდეს: "შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის ქონება თვითონ შეაფასოს - ეს არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, გაუგონარი გადაწყვეტილება. ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის წესი ისედაც ბუნდოვანია და ამით შემოსავლების სამსახური ხშირად სარგებლობს. ეს საკითხი მოითხოვს სიცხადეს, ვინაიდან მის ირგვლივ ყოველთვის არსებობს გაურკვევლობა. ახლა შემოსავლების სამსახურისთვის ამგვარი უფლების მინიჭება ყოვლად დაუშვებელია", - ამბობს ტყემალაძე, რომლის თქმით, შესაძლებელი იყო ნეიტრალური სამსახური, რომელიც მეწარმის ქონების ღირებულებას დაადგენდა ან შესძლებელი იყო მსგავსი ფუნქცია ბიზნესომბუდსმენის აპარატს დამატებოდა", - დასძენს გამოცემა.
"ექსპერტი ზვიად კანდელაკი ასევე უარყოფითად აფასებს ფინანსთა მინისტრის მიერ ბიზნესმენებისთვის გამოტანილ ვერდიქტს. იგი აღნიშნავს, რომ მაკონტროლებელი ბიზნესმენის ქონების ღირებულების დადგენის უფლებით აღჭურვო - ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოუვიდეს ვინმეს თავში: "წარმოიდგინეთ, შემოსავლების სამსახურს აქვს ჩემთან, როგორც ბიზნესმენთან დავა, მიყადაღებს ქონებას და ამ ქონების ღირებულებას თვითონ განსაზღვრავს. ეს წარმოუდგენელია და ბიზნესზე თავისებური რეკეტის განხორციელების მცდელობაა. მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში არ შეიძლება მოხდეს. ამის შემდეგ ხელისუფლება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე და ინვესტორების მოზიდვაზე საუბრობს?" - ამბობს ზვიად კანდელაკი. როგორც აღვნიშნეთ, სამინისტროში ამ გადაწყვეტილების მიღებისას დარწმუნებულები იყვნენ, რომ შემოსავლების სამსახურს ბიზნესმენებში ისეთი რეიტინგი ჰქონდა, რომ ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი მას თვალდახუჭული ენდობოდა. რეალობა კი ისაა, რომ ბიზმესმენისთვის (განსაკუთრებით მცირე და საშუალო) შემოსავლების სამსახური ყველაზე დიდ მონსტრად იქცა".
|