რატომ არ აკავებს პოლიცია ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილს?
მზია მჭედლიშვილი არ უარყოს მეუღლის, ივანე ბალხამიშვილის კავშირს მომხდარ ავტოვარაიასთან
2007 წლის 3 მაისს, თბილისში ფეიქრების ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიას ორი ახალგაზრდის, ბიძაშვილების 27 წლის ბესიკ და 25 წლის ზაურ ზაქრაძეების სიცოცხლე შეეწირა. ზაურ ზაქრაძეს 8 თვის ფეხმძიმე მეუღლე და 2 წლის შვილი დარჩა. გამოძიებისთვის მომხდარიდან მალევე გახდა ცნობილი იმ პირის ვინაობა, ვინც ზაქრაძეებს დაეჯახა. ის სარეკლამო სააგენტო "იმპერიალის" მენეჯერი ივანე ბალხამიშვილი აღმოჩნდა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტს გადაეგზავნა ბალხამაშვილის მონაცემები და მოთხოვნა, რომ მისთვის საზღვრის გადაკვეთის და საქართველოს დაკავების საშუალება არ მიეცათ.
თუმცა, დღემდე ის არც დაუკითხავთ და არც დაუკავებიათ. შეკითხვაზე, რატომ ჭიანურდება საქმის გამოძიება და სამი თვის შემდეგაც ვერ ხერხდება მისი შვილის მკვლელის დაკავება, მაშინ როდესაც მისი ვინაობაც და ადგილსამყოფელიც ცნობილია, საქმის ზედამხდველმა პროკურორმა მარიკა ქიტოშვილმა გარდაცვლილი ბესიკ ზაქრაძის დედას განუცხადა, რომ მის დაკავებამდე გარკველი ეტაპების გავლაა საჭირო და რა ეტაპების, ამაში გასარკვევად იურიდიულ განათლებას ვერ მისცემს. დაზარალებული მხარე ფიქრობს, რომ საქმე ხელოვნურად ჭიანურდება. დამნაშავე თანხის გადახდის სანაცვლოდ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. თანხა ჯერ დაღუპულების ოჯახის წევრებს შესთავაზა.
მათი უარის შემდეგ, ცდილობს ისეთი ვინმე მოძებნოს, ვინც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დანაშაულს საკუთარ თავზე აიღებს და იტყვის, რომ ავარიის დროს საჭესთან იჯდა. რატომ ჭიანურდება ეჭვმიტანილის დაკავება შემთხვევა ღამით, დაახლოებით 2 საათზე მოხდა. ბესიკ და ზაურ ზაქრაძეები მეგობრის სახლიდან შინ, ზაურ ზაქრაძის სახლში ბრუნდებოდნენ. ავტომანქანა, ჯერ მოძრაობის საპირისპირ მხარეს გადავიდა, შემდეგ, ტროტუარზე ავარდა და მიმავალ ახალგაზრდებს დაეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბესიკ და ზაურ ზაქრაძეები დაახლოებით 47 მეტრის მანძილზე ისროლა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, გამოძიებამ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააფიქსირეს, რომ დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები ერთმანეთისგან 17 მეტრით იყო დაშორებული.
გაირკვა ისიც, რომ მძღოლს მუხრუჭი არ გამოუყენებია. როგორც დაზარალებული მხარე აცხადებს, სწორედ ამ გარემოებების გამო, ვიდრე დაღუპულების და ავტომანქანის მძღოლის ვინაობა გაირკვეოდა, ბევრს ეჭვი ჰქონდა, რომ ახალგაზრდები სპეციალურად დახოცეს. ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც ტროტუარზე მიმავალ ბიძაშვილებს დაეჯახა, ახალგაზრდები შემთხვევის ადგილზე მიატოვა და მიიმალა. მომხდარ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. ყოველ შემთხვევაში გამოიების მასალებში თვითმხილველის ჩვენება არ ფიგურირებს. თუმცა, ცნობილია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას მომხდარიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ. პოლიცია შემთხვევის ადგილის შორიახლოს, დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით მდებარე ავტოსახელოსნოების დარაჯმა გამოიძახა, რომელსაც მკვეთრი ხმაურის ხმა შემოესმა. სწორედ დარაჯმა ნახა უკანასკნელად, ტროტუარზე მიმავალი ზაურ და ბესიკ ზაქრაძეებიც. მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის სსსკ 276-ე მუხლის მე-7 პუნქტით 3 მაისსვე აღიძრა. სიუჟეტი გადაცემა "პატრულშიც" გავიდა და ითქვა, რომ BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელიც ზაურ და ბესიკ ზაქრაძეებს დაეჯახა, ივანე ბალხამიშვილს ეკუთვნოდა. ის სარეკლამო სააგენტო "იმპერიალის" მენეჯერია. როგორც ზაქრაძეები აცხადებენ, ამის მიუხედავად, ძალოვნებს ბალხამიშვილი დღემდე არა თუ არ დაუკავებიათ, არც დაუკითხავთ. იმ პირის ვინაობა, ვინც ზაურ და ბესიკ ზაქრაძეებს დაეჯახა, ძალოვანებისთვის მალევე გახდა ცნობილი.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისი კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან არც თუ მოშორებით, ავტოსახელოსნოებთან დაკეტილი იპოვეს. მას ფარები ჰქონდა ჩამსხვრეული. ერთ-ერთი ვერსიით, მფლობელი ცდილობდა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მანქანა "პროფილაქტიკაში" ჰყავდა დაყენებული. ჩანს, ავტოსახელოსნოების დარაჯმა პოლიცია მაშინ გამოიძახა, როდესაც ბალხამიშვილი იქ საკუთარი ავტომანქანის დატოვებას ცდილობდა და დარაჯს ხმაური შემოესმა. როგორც დაზარალებული მხარე აცხადებს, მომხდარი ფაქტის გახსნას სხვა გარემოებებმაც შეუწყო ხელი. ივანე ბალხამიშვილი საკუთარმა "ხელწერამაც"გასცა. როგორ მიაკვლია საპატრულო პოლიციამ ბალხამიშვილის კვალს 3 მაისს მომხდარი ფაქტის გამოძიება ოთარ თაკვარელიას დაევალა.
ავტომანქანა, რომელიც ბიძაშვილებს დაეჯახა იმდენჯერ იყო გაყიდული, რომ მისი იმჟამინდელი მფლობელის ვინაობის დადგენას ძალოვანები ასე სწრაფად ვერ მოახერხებდნენ, რომ არა რამდენიმე შემთხვევითობა. ავტოავარიის დროს დაღუპულ ზაურ ზაქრაძეს სხვა საბუთებთან ერთად საქმის გამომძიებლის, თაკვარელიას მეწყვილის, გამომიძებელ ალავიძის ტელეფონის ნომერი აღმოაჩნდა. თაკვარელია დაინტერესდა, ავტოავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდები ალავიძის ახლობლები ხომ არ იყვნენ. გაირკვა, რომ ამ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე ალავიძე, ზაურ ზაქრაძის ძმის ავტოავარიის საქმეს იძიებდა. როდესაც ალავიძემ მომხდარი შემთხვევის შესახებ შეიტყო, დაინტერესდა იმ ავტომანქანითაც, რომელიც ბიძაშვილ ზაქრაძეებს დაეჯახა.
აღმოჩნდა, რომ ერთი წლის წინ ალავიძე იძიებდა BMW-ს მძღოლის ივანე ბალხამიშვილის საქმესაც და ეს ბალხამიშვილისთვის პირველი ავტოსაგზო შემთხვევა არ იყო. ასე, რომ ძალოვნებს ბევრი ძებნა აღარ დასჭირვებიათ და მის მფლობელს პირდაპირ სახლში მიადგნენ. თუმცა, ის შინ არ დახვდათ. მისმა მეუღლემ პოლიცის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ივანე 2 მაისს გავიდა შინიდან და ამის შემდეგ არ უნახავს. როგორც გაირკვა, ბალხამიშვილისთვის ეს ავტოსაგზაო შემთხვევა პირველი არ ყოფილა. 2006 წლის 17 მაისს ის ფეხითY მოსიარულე ზვიად სავანელს დაეჯახა. მაშინაც, როგორც 2007 წელს, საქმე სსსკ 276-ე მუხლის 7 პუნქტით აღიძრა. ბალხამიშვილმა თავს მაშინაც გაქცევით უშველა და შემთხვევის ადგილს ავტომანქანაც გაარიდა. მისი დაკავება მოგვიანებით მოხერხდა.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბალხამიშვილი მაშინ აცხადებდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გზის სავალ ნაწილზე არსებულმა დაზიანებამ გამოიწვია. ამასთან, მას დაზარალებული არ მიუტოვებია, სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა და შემთხვევის ადგილი მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა. რადგან ზვიად სავანელმა ავარიის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო, ბალხამიშვილი მხოლოდ ადმინისტაციული წესით დააჯარიმეს და საქმის გამოძიებაც შეწყდა. "7 000 მოვაქუჩე, პროტეზიც კი გავყიდე, 10 000-მდე მოვუყრი თავსო" ივანე ბალხამიშვილის მეუღლე, მზია მჭედლიშვილი გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში არ უაყოფს, რომ 3 მაისს მომხდარ ავტოავარიასთან, რომელმაც ორი ახლაგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, მის მეუღლს კავშირი აქვს.
თუმცა, ამბობს, რომ ივანე 2 მაისის შემდეგ აღარ უნახავს. ნუნუ ზაქრაძე, დაღუპული ბესიკ ზაქრაძის დედა: "როგორც მოგვივიდა ამბავი, ბალხამიშვილი ეძებს ვინმეს ისეთს, რომელსაც ფულს გადაუხდის და დანაშაულს საკუთარ თავზე ააღებინებს. მაგრამ, საქმეს ბოლომდე მივყვები და ამას არ დავუშვებ. შესაძლოა მართლაცს ეცადოს, რომ მის მიერ ჩადენილი მკვლელობა სხვას გადააბრალოს, მაგრამ გვაქვს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჭესთან სწორედ ბალხამაშვილი იჯდა. ჩემი შვილის დაკრძალვის შემდეგ ბალხამაშვილის მამა ჩვენ დაგვიკავშირდა და სამძიმარიც რომ არ უთქვამს, ისე დაიწყო პირდაპირ:
"აბა რა ვქნათ ახლა, დახოცილები არიან და ხომ ვერ გავაცოცხლებთ. 7 000 მოვაქუჩე, პროტეზიც კი გავყიდე, 10 000-მდე მოვუყრი თავსო." შემდეგ ჩემი მეუღლის მამიდაშვილთან მიუგზავნია საერთო ნაცნობი, 10 000-ს ახლა მივცემ, 10 000-ს შემდეგ ნელ-ნელა დავუფარავო. ასეთი რამ გაგონილა? შვილო, თავიდან სულ ვფიქრობდი შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული-მეთქი. კიდევ არ გამოვიდოდი წყობიდან, რომ არ მიეტოვებინა, მანქანა არ გადაემალა და თავადაც არ დამალულიყო. შესაძლოა ვერც ეშველა, მაგრამ გულისხმიერება მაინც რომ გამოეჩინა".
ნუნუ ზაქრაძის თქმით, გამოძიების მასალებში არის ბალხამიშვილის მეუღლის, მზია მჭედლიშვილის ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ მის ქმარს ავარია მუხდა და შემთხვევით ორი ბიჭი შემოაკვდა. თუმცა, შიშობს, რომ საქმეში შესაძლოა გარკვეული კორექტივები შეიტანონ. "გამომძიებელ თაკვარელიას ვკითხე, ხომ დადგენილია ჩემს შვილს და მაზლიშვილს ვინ დაეჯახა, რატომ არ აკავებთ-მეთქი. მითხრა, პროკურორმა დამიდოს სანქცია და ამ წუთშივე დავიჭერო. ესეიგი ისიც კი იციან სად არის. როდესაც პროკურორს, მარიკა ქიტოშვილს ვკითხე, რატომ არ გასცემთ ნებართვას რომ ბალხამაშვილი დააკავონ-მეთქი, მითხრა: გარკვეული ეტაპებია გასავლელი და რა ვქნა, მე შენ იურიდიულ განათლებას ვერ მოგცემო", _ განუცხადა "ჯორჯიან თაიმსს" ნუნუ ზაქრაძემ.
დაზარალებული მხარე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც ბალხამიშვილი ცდილობს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთ მიზეზად გზის სავალი ნაწილის დაზიანება ან ავტომანქანის გაუმართავობა დაასახელოს. თუმცა, ავტომანქანას ტექნიკური ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ცნობილია, რომ ის გამართულად მუშაობდა. საქმის გამომძიებელი ოთარ თაკვარელია "ჯორჯიან თაიმსის" არცერთ შეკითხვას არ პასუხობს. არც იმას, ბალხამიშვილზე ძებნა გამოცხადებულია თუ არა. "ეგ თუ გითხარით, მაშინ გამოდის ყველაფერს გეტყვით. არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ"_ განუცხადა "ჯორჯიან თაიმსს" ოთარ თაკვარელიამ.
საქმის ზედამხედველმა პროკურორმა მარიკა ქიტოშვილმა კი "ჯორჯიან თაიმსს" განუცხადა, რომ "ამ საქმესთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება ტარდება".