რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს საზოგადოებას პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის შტაბის პოზიცია გააცნო 5 იანვარს დაგეგმილ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით. ხიდაშელის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია 5 იანვარს ნებისმიერი ეგზიტპოლის შედეგის გამოქვეყნების წინააღმდეგია, რადგან მედიასივრცეში ამ შედეგების განთავსება ხელოვნურად დაძაბავს პოლიტიკურ გარემოს ქვეყანაში.
თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ყველა წინა არჩევნებზე ეგზიტპოლის ჩატარებას აფინანსებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები.
'ეს არის პირველი არჩევნები, სადაც ეგზიტპოლს არ აფინანსებს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვეყანა. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ნდობა არჩევნების მიმართ,' - აღნიშნა მან.
ეგზიტპოლი, რომელსაც აფინანსებს 4 ტელეარხი - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სამაუწყებლო კომპანია 'რუსთავი 2', ტელეკომპანია 'მზე' და 'აჭარის ტელევიზია', ხიდაშელის თქმით, არაობიექტური იქნება.
'მას ჩაატარებენ ადამიანები, რომელთა ნაწილი იმ მედიასაბჭოში შედის, რომელიც აყალბებს ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდში მედიაში პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის გამოყოფილი დროის შესახებ', - დასძინა 'რესპუბლიკელების' ერთ-ერთმა ლიდერმა.
ხიდაშელის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილს გაცილებით მეტი დრო ეთმობა ტელეეთერში, ვიდრე სხვა კანდიდატებს.