საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოვა, შემდეგ კი პარლამენტარებთან დებატებს გამართავს.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ეკატერინე შარაშიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ხვალ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა შედგება, რომლის დროსაც მიხეილ სააკაშვილი პარლამენტარების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
“პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხსენების შემდეგ დარჩეს პარლამენტში, რათა მიიღოს მონაწილეობა დებატებში და უპასუხოს როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წევრების შეკითხვებს",_განაცხადა ეკატერინე შარაშიძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი პარლამენტს და საზოგადოებას გააცნობს, თუ რა გაკეთდა ბოლო პერიოდში და რა იგეგმება ყველა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.
ბოლო წლების განმავლობაში, პრეზიდენტი მოხსენებით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტს ტოვებდა და დეპუტატები მათ მოსაზრებებს გამოსვლის თაობაზე, პრეზიდენტის გარეშე აფიქსირებდნენ.
|