|
ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სტუდენტებს ხვდება.
შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დღეისთვის ქვეყანაში არსებული ძირითადი თემებია ეკონომიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება და შიდა პოლიტიკა.
მან აღნიშნა, რომ კონფლიქტების კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია, ამის ფაქტორად პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთი დაასახელა.
მისი თქმით, ერთადერთი დადებითი, რაც კონფლიქტების კუთხით მოხდა, ის არის, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებს თავისი სახელი - საოკუპაციო ჯარი დაერქვა.
დავით ბაქრაძემ კონფლიქტების მოგვარების გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა დიალოგი. “ამისათვის კი რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს და იქ განლაგდნენ საერთაშორისო ძალები. ამის შემდეგ დიალოგს ექნება აზრი და შედეგიც”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არც ერთი ფაქტი არ ყოფილა ოსების წინააღმდეგ მიმართული. “ჩვენ ფობიები არ გვახასიათებს. ეს პირდაპირი დიალოგისთვის უნდა გამოვიყენოთ”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს და არ შეიძლება ხელისუფლება დაინტერესებული იყოს ცუდი ურთიერთობით.
“ეს ურთიერთობა, ჩვენი ხედვით, არის ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, რუსეთის ხედვით კი - დიდ სახელმწიფოსა და მასზე დაქვემდებარებულ ტერიტორიას შორის”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა - თუ ვინმე ამტკიცებს, რომ რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს, უნდა განმარტოს, რის ხარჯზე.
“დაინტერესებულები ვართ რუსეთთან ეკონომიკური, კულტურული, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობით. კავკასიაში სტაბილურობისთვის რუსეთთან შეგვიძლია ვითანამშრომლოთ იმ პირობით, თუ ეს არის ურთიერთობა ორ თანასწორ სახელმწიფოს შორის”, - განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან სახელმწიფო აგრესიის განხორციელების რისკი დღეს გაცილებით დაბალია.
ბაქრაძე შეეხო, ასევე, ეკონომიკურ კრიზისს. მისი განცხადებით, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება დღეს სახელმწიფო საფუძვლების შენარჩუნებას ნიშნავს.
“ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში არის კრიზისი. იგივე ბალტიის ქვეყნებში სახელმწიფო მოხელეებს ხელფასები შეუმცირდათ. ჩვენ კრიზისიდან გამოსვლა სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად უნდა შევძლოთ”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
რაც შსეხება შიდა პოლიტიკას, ამ თემაზე საუბარი დავით ბაქრაძემ დახურულ კარს მიღმა ისურვა. დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტებს დარბაზი დაეტოვებინათ. სტუდენტებთან შეხვედრა ამ დროისთვის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
|