ნინო ჯანგირაშვილი: მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს კოდექსი ძალაში ვერ შევა
,,კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული სამაუწყებლო ქცევის კოდექსი მედიაზე ზეწოლის განხორციელების პირდაპირი ბერკეტია. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია სრულიად პოლიტიზირებული სტრუქტურაა და ხორციელდება მედიისა და საზოგადოების დამორჩილება,” – აცხადებს ტელეკომპანია ,,კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი. "ჯორჯიან თაიმსი" ამ საკითხებზე სწორედ მას ესაუბრა.
"ჯორჯიან თაიმსი": კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ სამაუწყებლო ქცევის კოდექსს რამდენად იწონებთ?
ნინო ჯანგირაშვილი: ეს კოდექსი მედიის დასამარების პირდაპირი ბოროტი განზრახვაა. ჩემი აზრით, ქცევის კოდექსი საქართველოში არსებულ დღევანდელ პროცესებს უკავშირდება. მარეგულირებელი კომისია პრაქტიკულად სადამსჯელო სტრუქტურად აქციეს. ეს სრულიად პოლიტიზირებული სტრუქტურაა და რაღა მათთვის მიგვიცია ბერკეტი, რომ პირდაპირ გაგვიკონტროლოს თოქ-შოუები და რაღა მიშასთვის?! ამ კოდექსში წერია, რომ პირდაპირი ეთერის დროსაც უნდა დავიცვათ სამაუწყებლო ქცევის კოდექსი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეთერში ერთი აზრი არ უნდა დომინირებდეს, მაგრამ, თუ რომელიმე ერთი აზრი ბატონობს საზოგადოებაში და რაღაც საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ასეა სწორი და არა მეორენაირად, მაშინ რა ვქნათ? ანუ ჩვენს ტელევიზიას, გარდა იმისა, რომ აქვს ფუნქცია გააშუქოს ის მოვლენები, რაც ხდება, ჩვენდა საბედნიეროდ, აღმოგვაჩნდა ის ფუნქციაც, რომ ავსახოთ საზოგადოების განწყობა, რითიც მე ძალიან ვამაყობ. ჩემი ტელევიზია არასოდეს იქნება განყენებული, "მთვარეზე მომხდარი” ამბების გამშუქებელი. აი, ეს კოდექსი ამას პრაქტიკულად გამორიცხავს. მე როგორ ვკითხო წინასწარ ადამიანს, თუ რა აზრის დაფიქსირებას აპირებს პირდაპირ ეთერში? ერთ ადამიანსაც ვერ იპოვით, რომელიც წინასწარ მეყოლება გამოკითხული. ჩვენთან აზრის თავისუფლებაა და ასე გაგრძელდება მომავალშიც. მე ვერავინ გადამიწყვიტს, თუ ვინ ჩავრთო ეთერში. ,,იმედის”-გან და ,,რუსთავი 2’’–ისგან განსხვავებით მე კანონს ვიცავ. ძალიან მაინტერესებს, რომელ სამართლიანობას იცავს ტელეკომპანია ,,ალანია”? თუ მოხდა სასწაული და ეს კოდექსი ამოქმედდა, დღეში ასი სარჩელი შევა ,,რუსთავი2”-ისა და ,,ალანია”-ს წინააღმდეგ. ამის პირობას მე გაძლევთ. თუ ასე აპირებენ ჩვენთან ბრძოლას, ეს იარაღი მათვე მიუბრუნდებათ. კი ბატონო, პროტესტის ნიშნად გავაჩერებ მაყურებლის ზარებს და ვეტყვი, რომ თქვენი აზრის გამოთქმა მარეგულირებელმა კომისიამ აგიკრძალათ-მეთქი და მერე როგორ გუნებაზე დადგება ეს ხელისუფლება, მაგასაც ვნახავთ.
ჟურნალისტიკა არის მუდმივი დილემა. ნორმალურ მედია-საშუალებებში შიდა დისკუსიები მიმდინარეობს. მზამზარეული რეცეპტები ხომ არ არსებობს და ამათ სურთ, რომ ამ საზიზღარი დოკუმენტით გადამიწყვიტონ ის დილემები, რომელიც მსოფლიო ჟურნალისტიკაში წლების განმავლობაში არსებობს?
_ ე.ი. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მედიაზე ცენზურის განხორციელების ერთგვარი მცდელობაა?
_ რა თქმა უნდა. გამოდის, რომ კრიტიკული სიტუაციის დროს ჟურნალისტმა კამერა უნდა გამორთოს და გაიქცეს. ქვეყანაში არეულობის დროს კი პოლიცია რასაც მეტყვის, ის უნდა გავაკეთო. ეს ხომ პირდაპირი ზეწოლაა! ბრიტანჩუკმა უნდა გადამიწყვიტოს მე, წამყვანმა, როგორი შეკითხვა დავსვა? რამიშვილი რომ გვეუბნება, ჟურნალისტებს პროფესიული სტანდარტების ამაღლებაში ვეხმარებითო, წავიდეს, რა, და როგორც ,,24 საათში” უწერია, ,,ენიმალ პლანეტს” უყუროს, თავი გაგვანებოს და ცხოველებზე ილაპარაკოს.
მე ვაპირებ პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართო, მაგრამ ამას, ჯერ-ჯერობით, საიდუმლოდ დავიტოვებ.
_ რამდენად შეძლებთ ამ რეჟიმში მუშაობას?
_ ჩვენ უარეს მდგომარეობაშიც ვყოფილვართ და გაგვიძლია. გარანტიას გაძლევთ, რომ ამასაც გავუძლებთ. ნამდვილად არა მაქვს იმის შიში, რომ რაღაცას მიზამენ. უბრალოდ, არ შეიძლება ადამიანი მუდმივად ბრძოლისა და საფრთხეების დაძლევის რეჟიმში იყო. ჩვენ ამ კოდექსს აუცილებლად გავაუქმებთ, სასამართლოში ვიჩივლებთ და საქართველოში წაგების შემთხვევაში სტრასბურგში გავგზავნით სარჩელს. იქ რიგგარეშედ მიიღებენ ამ სარჩელს, რადგან ეს კოდექსი ევროსაბჭოს კონვენციას ეწინააღმდეგება. ასეთი პრეცედენტები ევროპაში არ არსებობს. ანუ ამ საკითხს, როგორც გადაუდებელს, ურიგოდ მიიღებენ და ძალიან მალე გამოუგზავნიან რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ შეაჩერონ ეს კოდექსი. ესენი იმდენს იზამენ, რომ ევროსაბჭოდანაც გარიცხავენ. მთელ მსოფლიოს გავაგებინებ და მერე, თუ უნდათ, არაპატრიოტი დამარქვან. ამას ლუკაშენკოც კი არ იზამდა.
მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს კოდექსი ძალაში ვერ შევა. ჩემს ტელევიზიას კბილებით დავიცავ და ვერ ვხვდები, უბრალოდ, რატომ ძაბავენ სიტუაციას და ისხამენ ტალახს.