ოპოზიციის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე ქალების ჯგუფმა საკნები დაარბია
დღეს დილით, დაახლოებით, 09:00 საათზე თავისუფლების მოედანზე განლაგებული საკნები რამდენიმე ათეული ქალისგან შემდგარმა ჯგუფმა დაარბია.
ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე მისულმა ოპოზიციის ლიდერებმა ეკა ბესელიამ, კახა კუკავამ და ირაკლი მელაშვილმა განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, ქალებმა დანებით დასერეს საკნებზე შემოხვეული ე.წ. ცელოფანი, დაარბიეს საკნები, რამდენიმე გადაადგილეს, რათა გზაზე მოძრაობა გახსნილიყო.
“ხელიუსფლება დილიდან ეწევა პროპაგანდას, რომ ეს გააკეთეს უკმაყოფილო მოქალაქეებმა, თუმცა ცხადია, რომ ისინი იყვნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. დანებით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი სხვა უბანში რომ შეჭრილიყო, პოლიცია მაშინვე ჩაერთვებოდა საქმეში, თუმცა აქ არც ერთი საპატრულო ეკიპაჟი არ გამოჩენილა”, - აღნიშნა კახა კუკავამ.
ეკა ბესელიამ კი მომხდარი ხელისუფლების მორიგ სადამსჯელო ოპერაციად შეაფასა.
ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, დარბევის დროს საკნებში მამაკაცები იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ქალებს წინააღმდეგობა არ გაუწიეს; გრადა ამისა, ქალების ჯგუფს თან ახლდა შსს-ს ვიდეოკამერები, ხოლო გარშემო პერიმეტრზე მამაკაცები იყვნენ განლაგებულნი, რომლებიც საქმეში ვითარების გართულების შემთხვევაში ჩაერეოდნენ.
ამასთან, ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქტივისტების მობილიზება იწყება, რომლებიც აპირებენ, მოედანზე საკნების ძველი განლაგება აღადგინონ.